თეგი: Turkish Cargo

სტამბოლსა და ერევანს შორის პირველი რეგულარული სატვირთო ფრენა შესრულდა

თურქეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Turkish Airlines-ის სატვირთო დანაყოფმა Turkish Cargo-მ განაცხადა, რომ 15 ნოემბერს კომპანიამ სტამბოლ-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე პირველი რეგულარული სატვირთო რეისი განახორციელა. Ermenihaber-ის ცნობით, აღნიშნული რეისი, რომელიც რეგიონული მენეჯმენტისა და ოპერაციული ჯგუფის კოორდინაციით განხორციელდა, მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის ტვირთების ეფექტიან და საიმედო გადაზიდვას, კომპანიის გლობალური ლოგისტიკური ქსელის გაფართოებას. Turkish Airlines-ი სტამბოლ-ერევანი-სტამბოლის მიმართულებით რეგულარულ სამგზავრო რეისებს 2026 წლის მარტიდან ასრულებს. ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი კვლავ არ არის გახსნილი. ორმა ქვეყანამ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი 2021 წლის ბოლოს დაიწყო. დანიშნეს ურთიერთობების აღდგენისა და საზღვრის გახსნის საკითხებზე მოლაპარაკებებისთვის სპეციალური წარმომადგენლები. ანკარა აცხადებს, რომ სომხეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების ოფიციალურ ხელმოწერაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ის სამ ათწლეულზე მეტია, არ არსებობს. ანკარამ სომხეთთან სახმელეთო საზღვარი 1993 წელს, აზერბაიჯანის მხარდაჭერის ნიშნად ჩაკეტა - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. სომხეთმა და აზერბაიჯანმა 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციით მიაღწიეს შეთანხმებას „ტრამპის მარშრუტზე“ (TRIPP-ზე). ასევე, მოახდინეს სამშვიდობო შეთანხმების საბოლოო ხელმოწერის ინიციირება. სამშვიდობო შეთანხმება ჯერ არ გაფორმებულა. ბაქო სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებას და კონსტიტუციის პრეამბულიდან „ტერიტორიული პრეტენზიების“ ამოღებას ელის. ფაშინიანმა ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ გამორიცხა