თეგი: Uber

Apple Siri-ს WhatsApp-თან, Uber-თან და სხვა აპლიკაციებთან ინტეგრირებას გეგმავს

Apple ახალი, ბევრად განვითარებული Siri-ს ტესტავს, რომელიც ღრმად ინტეგრირებული იქნება ისეთ პოპულარულ აპებთან, როგორებიცაა WhatsApp, Uber, AllTrails, Threads, Temu, Amazon, YouTube და Facebook. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-ის ცნობილმა ანალიტიკოსმა მარკ გურმანმა მიაწოდა. ახალი ვოის-ასისტენტი იმუშავებს Apple Intelligence-ზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტზე და გაუმჯობესებულ App Intents სისტემაზე. ეს ნიშნავს, რომ Siri-ს მეშვეობით შესაძლებელი იქნება ბევრად მეტი რამ. მაგალითად, აპების ღრმა ფუნქციებზე წვდომა ხმის საშუალებით, მათ შორის, ისეთებზეც, რომლებიც თავად Apple-ის მიერ არ არის შექმნილი. მაგალითად: შეგიძლიათ, სთხოვოთ Siri-ს, რომ გაუგზავნოს შეტყობინება WhatsApp-ში კონკრეტულ პირს, გამოიძახოს Uber კონკრეტული მისამართით, მოძებნოს რამე Amazon-ზე, ან ატვირთოს პოსტი Threads-ში — ყოველივე ეს ხმოვანი ბრძანებით. თუმცა, მნიშვნელოვანი საკითხია ის, რომ Siri-ის ეს განახლებული ვერსია საჯაროდ ხელმისაწვდომი მხოლოდ 2026 წლის გაზაფხულზე გახდება.