თეგი: Zet Trans
ალექსი ნიკოლაიშვილი: აზერბაიჯანი და საქართველო რეგიონული ლოგისტიკური რუკის უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლები და სტრატეგიული პარტნიორები არიან
ცნობილი და გავლენიანი აზერბაიჯანული მედია გამოცემა „Report.az“ ვრცელ მასალას უძღვნის კომპანია „Zet Trans Group“-ის მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტს, რომლის შედეგადაც, საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო ლოგისტიკური შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდა. სტატიის ავტორი, ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი Syanan Agamalyzadeh აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინვესტიცია ლოგისტიკისა და შუა კორიდორის განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მასალაში ხაზგასმულია საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონულ სარკინიგზო ლოგისტიკაში და მათი როლი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარებაში. დღეს, როდესაც შუა დერეფნის (Middle Corridor) მნიშვნელობა უპრეცედენტოდ იზრდება, აზერბაიჯანი და საქართველო ამ სტრატეგიული ლოგისტიკური მარშრუტის ერთ-ერთ მთავარ რგოლად ჩამოყალიბდნენ, ამ მოცემულობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორმხრივი თანამშრომლობა და პარტნიორობა. კასპიის და შავი ზღვის ფაქტორების გათვალისწინებით, აზერბაიჯანი და საქართველო რეგიონულ ლოგისტიკურ რუკაზე უმნიშვნელოვანესი დამაკავშირებელი რგოლია და სტრატეგიული პარტნიორებია. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი ეკისრება კერძო სექტორსა და იმ კომპანიების თანამშრომლობას, რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილებით, მაღალი რეპუტაციითა და საერთაშორისო სანდოობით გამოირჩევიან. სწორედ ასეთია Wondernet Group-ისა და Zetrans-ის მრავალწლიანი პარტნიორობა აზერბაიჯანულ კომპანიებთან. ცენტრალური აზიის ბაზარზე დიდი გამოცდილების მქონე ბიზნესჯგუფი წლების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან. Wondernet Group-ის მფლობელობაში არსებული ბათუმის მულტიმოდალური ტერმინალის მეშვეობით, აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან წამოსული ტვირთები მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით გადაიზიდება. როგორც Zetrans-ის დამფუძნებელი ალექსი ნიკოლაიშვილი Report.az-თან საუბარში აღნიშნავს, კომპანიამ ახლახან შეიძინა 100 ერთეული უახლესი თაობის სპეციალიზებული სარკინიგზო ვაგონი, რაც რეგიონის მასშტაბით წარმატებული ინვესტიციაა. ასეთი მოცულობისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სავაგონე პარკის დამატება რეგიონში ლოგისტიკური კუთხით მისასალმებელია. მისივე თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ამცირებს გადაზიდვის დროს, ზრდის ლოგისტიკური ჯაჭვის ეფექტიანობას და უზრუნველყოფს ტვირთის, მათ შორის კარბამიდის, უსაფრთხო, ტექნიკურად გამართულ და ხარისხის შენარჩუნებით მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე. „დარწმუნებული ვართ, რომ ეს ინვესტიცია კიდევ უფრო გააღრმავებს პარტნიორობას და გაზრდის ტვირთნაკადებს რეგიონის ქვეყნებთან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თანამშრომლობას თურქმენეთის თურქმენბაშის, ყაზახეთის აქტაუსა და აზერბაიჯანის ალიატის პორტებთან, რომლებიც შუა დერეფნის საკვანძო ლოგისტიკურ კვანძებს წარმოადგენენ. ამასთანავე, ვხედავთ თანამშრომლობის მნიშვნელოვან პერსპექტივებს სხვა მსხვილ რეგიონულ ლოგისტიკურ პროექტებშიც. მრავალწლიანი გამოცდილება, საერთაშორისო პარტნიორული ქსელი და მაღალი სანდოობა გვაძლევს საფუძველს, ვიყოთ ისეთი სტრატეგიული პროექტის საიმედო პარტნიორებიც, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შუა დერეფნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ რგოლად ჩამოყალიბდება. მისი ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სატრანზიტო შესაძლებლობებს, გააძლიერებს ტვირთნაკადებს შავი ზღვის მიმართულებით და შექმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული და საერთაშორისო ლოგისტიკური თანამშრომლობისთვის. ჩვენ სრული მზადყოფნა გვაქვს და ახლადშეძენილი თანამედროვე სავაგონე პარკიც ამის ნათელი დასტურია, რომ ჩვენი კომპანია თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით, პროფესიული გუნდით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო პარტნიორული ქსელით მზადაა, თავის წვლილი შეიტანოს ანაკლიის პორტის განვითარებაში, მათ შორის ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან და სხვა როგორც ცენტრალური აზიის ისე დასავლელ პარტნიორებთან ერთად. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა, კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, შუა დერეფანს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და რეგიონს გლობალურ ლოგისტიკურ რუკაზე კიდევ უფრო მნიშვნელოვან ადგილს დაუმკვიდრებს. დასავლელ და რეგიონულ პარტნიორებთან დაგროვილი მაღალი რეპუტაცია, ნდობა და წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება გვაძლევს ყველა წინაპირობას, ვიყოთ ნებისმიერი ქვეყნის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტის საიმედო პარტნიორი როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე,“ — აცხადებს ალექსი ნიკოლაიშვილი. Алексей Николаишвили: Азербайджан и Грузия - важнейшие звенья на логистической карте региона