თეგი: simens
Siemens ეგვიპტეში მაღალსიჩქარიან 2000 კილომეტრიან სარკინიგზო ქსელს ააშენებს
გერმანულმა Siemens Mobility-მა ეგვიპტის მთავრობასთან 2000 კილომეტრიანი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის აშენებაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ DW წერს. Siemens-მა განაცხადა, რომ ქვეყანას 41 ჩქაროსნულ, 94 რეგიონულ და 41 სატვირთო ლოკომოტივს მიაწვდის. ხელშეკრულება ასევე რვა რკინიგზის სადგურის მშენებლობას და 15 წლის განმავლობაში ამ ინფრასტრუქტურის მოვლას ითვალისწინებს. „მოძრავი შემადგენლობის, სიგნალიზაციისა და ტექნიკური მომსახურებისთვის შემუშავებული ჩვენი უახლესი ტექნოლოგიებით, ეგვიპტეს ექნება მსოფლიოში სიდიდით მეექვსე და ყველაზე მოწინავე მაღალსიჩქარიანი სარკინიგზო ქსელი“, - თქვა კონგლომერატის Siemens AG აღმასრულებელმა დირექტორმა როლანდ ბუშმა. Siemens-ის შვილობილი კომპანიის წილი პროექტში შეადგენს 8,1 მილიარდ ევროს, რაც მოიცავს 2,7 მილიარდ ევროს ოდენობის თავდაპირველ კონტრაქტს პირველი ხაზისთვის, რომელიც გაფორმებულია 2021 წელს. ჩქაროსნული რკინიგზის თანამედროვე ქსელი, რომლის სიგრძე დაახლოებით 2000 კილომეტრია, ქვეყნის 60 ქალაქს დააკავშირებს. მატარებლები ამ ხაზით საათში 230 კილომეტრამდე სიჩქარით გადაადგილდებიან. Siemens Mobility-ის თანახმად, ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 90% შეძლებს ახალი სარკინიგზო ქსელით სარგებლობას. ახალი სარკინიგზო ქსელი სრულად იქნება ელექტრიფიცირებული, რაც CO2-ის გამოყოფას ავტობუსებთან ან საგზაო ტრანსპორტთან შედარებით 70%- მდე შეამცირებს, - აცხადებენ კომპანიაში. ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ალ-სისიმ, რომელიც კონტრაქტის ხელმოწერის ცერემონიას, განაცხადა, რომ ეგვიპტეში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში სარკინიგზო სისტემისთვის ახალი ერა დაიწყო.