თეგი: არბიტრაჟი

საქართველოს მთავრობამ „ფრონტერასთან“, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„, კომპანია Todini-სთან, Astald-თან და „მაგთის“ ამერიკელ მფლობელთან დავების იურიდიულ მომსახურებაზე ₾135 მილიონი დახარჯა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ანგარიშის თანახმად 2017-2021 წლებში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების შესყიდვა საქართველოს ბიუჯეტს 135 მლნ ლარი დაუჯდა. ცნობილია, რომ ამ პერიოდში 96 მსხვილი კონტრაქტი, ძირითადად უცხოურ კომპანიებთან გაფორმდა. კვლევის თანახმად, კონტრაქტების 85% სამ უცხოურ კომპანიაზე მოდიოდა. ესენია: ამერიკულ კომპანია White & Case - 81 მლნ ლარი, ინგლისური კომპანია Hogan Lovells International - 23 მლნ ლარი და ამერიკულ-ინგლისური კომპანია Gaillard Banifatemi Shelbaya - 11.5 მლნ ლარი. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, Hogan Lovells International 2020 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ ლობისტი კომპანიაა. ანგარიშის მიხედვით, კომპანია „ფრონტერასთან“ დავის იურიდიული მომსახურებისთვის სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ კომპანია Hogan Lovells International-ს 20 მლნ ლარი გადაუხადა.  სახელმწიფოს, 18 მლნ 200 ათასი ლარი დაუჯდა კომპანია Todini-სთან გზების მშენებლობის თაობაზე მიმდინარე დავა. იუსტიციის სამინისტრომ, იურიდიული მომსახურება კომპანია White & Case-სგან შეისყიდა. სამინისტრომ ამავე კომპანიას 12 მლნ 800 ათასი ლარი ჩაურიცხა, კომპანია Astald-თან გზების მშენებლობის თაობაზე მიმდინარე იურიდიული დავის მომსახურებისთვის. 8 მლნ 400 ათას ლარი კი იუსტიციის სამინისტრომ Gaillard Banifatemi Shelbaya-ს გადაუხადა, კომპანია „მაგთის“ მფლობელ ამერიკულ კომპანიებთან Telcell Wireless-სა და International Telcell Cellural-თან არსებული საარბიტრაჟო დავის გამო.  სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ არსებული საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. იურიდიული მომსახურება იუსტიციის სამინისტრომ ამჯერადაც კომპანია White & Case-სგან შეისყიდა.  იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა. უწყებამ ბოლო 5 წელიწადში 82 მლნ 200 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 14 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა პირდაპირი შესყიდვის გზით. შემდეგ მოდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც 22 მლნ 5 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 19 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა. 21 მლნ 300 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტით კი მესამე პოზიციაზეა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია".  კვლევის თანახმად, 2017 წლამდე იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები გაცილებით ნაკლები იყო - 2011-2016 წლებში გაფორმებული 32 მსხვილი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს არ აღემატებოდა. 

საქართველომ გზების კონტრაქტორებს არბიტრაჟში 187 მილიონი მოუგო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებს, რომლებმაც მილიონობით ლარის ანაზღაურების მიუხედავად პროექტები არ განახორციელეს, სახელმწიფოს წინაშე 187 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ.  დავები წარმოებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან. საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რა დროსაც უკრაინულმა კონტრაქტორმა კომპანია „Road Building ALTKOM“-მა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა. შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის I მონაკვეთის მშენებლობის ტენდერი „Road Building ALTKOM“- მა 2013 წელს  მოიგო. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარი იყო, მაგისტრალის მშენებლობა კი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო. კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას ავანსის სახით 25 მილიონი ევრო მიიღო, რაც იმდროინდელი კურსის შესაბამისად, დაახლოებით 60 მილიონი ლარი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიას პროექტის მიმდინარეობისას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა. 2016 წლის ზაფხულში, პროექტის დაწყებიდან ორი წლის თავზე, 11.5 კილომეტრიანი სიგრძის გზის მხოლოდ 2 კილომეტრის მშენებლობა იყო დასრულებული. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა. როცა ALTKOM-მა ტენდერი მოიგო ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავით ნარმანია, ხოლო საგზაო დეპარტამენტს დავით შავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაკითხეს.