საქართველომ გზების კონტრაქტორებს არბიტრაჟში 187 მილიონი მოუგო

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კონტრაქტორებს, რომლებმაც მილიონობით ლარის ანაზღაურების მიუხედავად პროექტები არ განახორციელეს, სახელმწიფოს წინაშე 187 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრათ. 

დავები წარმოებდა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E-60) შემადგენელი სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მესამე მონაკვეთებისა და ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებელ კომპანიებთან.

საქმე ეხება სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის ავტომაგისტრალის მშენებლობას, რა დროსაც უკრაინულმა კონტრაქტორმა კომპანია „Road Building ALTKOM“-მა დაახლოებით 25 მილიონი ევრო ავანსის სახით აიღო, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები არ შეასრულა და ქვეყანა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის I მონაკვეთის მშენებლობის ტენდერი „Road Building ALTKOM“- მა 2013 წელს  მოიგო. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარი იყო, მაგისტრალის მშენებლობა კი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო.

კომპანიამ სამუშაოების მსვლელობისას ავანსის სახით 25 მილიონი ევრო მიიღო, რაც იმდროინდელი კურსის შესაბამისად, დაახლოებით 60 მილიონი ლარი იყო. ოფიციალური ინფორმაციით, კომპანიას პროექტის მიმდინარეობისას ფინანსური პრობლემები შეექმნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მხოლოდ 24% შეასრულა.

2016 წლის ზაფხულში, პროექტის დაწყებიდან ორი წლის თავზე, 11.5 კილომეტრიანი სიგრძის გზის მხოლოდ 2 კილომეტრის მშენებლობა იყო დასრულებული. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდებოდა.

როცა ALTKOM-მა ტენდერი მოიგო ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავით ნარმანია, ხოლო საგზაო დეპარტამენტს დავით შავლიაშვილი ხელმძღვანელობდა. 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ საკითხზე ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაკითხეს.