„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) ანგარიშის თანახმად 2017-2021 წლებში საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებთან დაკავშირებით იურიდიული მომსახურების შესყიდვა საქართველოს ბიუჯეტს 135 მლნ ლარი დაუჯდა.
ცნობილია, რომ ამ პერიოდში 96 მსხვილი კონტრაქტი, ძირითადად უცხოურ კომპანიებთან გაფორმდა.
კვლევის თანახმად, კონტრაქტების 85% სამ უცხოურ კომპანიაზე მოდიოდა. ესენია: ამერიკულ კომპანია White & Case - 81 მლნ ლარი, ინგლისური კომპანია Hogan Lovells International - 23 მლნ ლარი და ამერიკულ-ინგლისური კომპანია Gaillard Banifatemi Shelbaya - 11.5 მლნ ლარი. საერთაშორისო გამჭვირვალობის ინფორმაციით, Hogan Lovells International 2020 წლიდან პარტია „ქართული ოცნების“ ლობისტი კომპანიაა.
ანგარიშის მიხედვით, კომპანია „ფრონტერასთან“ დავის იურიდიული მომსახურებისთვის სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ კომპანია Hogan Lovells International-ს 20 მლნ ლარი გადაუხადა.
სახელმწიფოს, 18 მლნ 200 ათასი ლარი დაუჯდა კომპანია Todini-სთან გზების მშენებლობის თაობაზე მიმდინარე დავა. იუსტიციის სამინისტრომ, იურიდიული მომსახურება კომპანია White & Case-სგან შეისყიდა. სამინისტრომ ამავე კომპანიას 12 მლნ 800 ათასი ლარი ჩაურიცხა, კომპანია Astald-თან გზების მშენებლობის თაობაზე მიმდინარე იურიდიული დავის მომსახურებისთვის. 8 მლნ 400 ათას ლარი კი იუსტიციის სამინისტრომ Gaillard Banifatemi Shelbaya-ს გადაუხადა, კომპანია „მაგთის“ მფლობელ ამერიკულ კომპანიებთან Telcell Wireless-სა და International Telcell Cellural-თან არსებული საარბიტრაჟო დავის გამო.
სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ არსებული საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. იურიდიული მომსახურება იუსტიციის სამინისტრომ ამჯერადაც კომპანია White & Case-სგან შეისყიდა.
იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე ყველაზე მეტი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დახარჯა. უწყებამ ბოლო 5 წელიწადში 82 მლნ 200 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 14 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა პირდაპირი შესყიდვის გზით.
შემდეგ მოდის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომელმაც 22 მლნ 5 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 19 მსხვილი კონტრაქტი გააფორმა.
21 მლნ 300 ათასი ლარის ჯამური ღირებულების 4 კონტრაქტით კი მესამე პოზიციაზეა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია".
კვლევის თანახმად, 2017 წლამდე იურიდიულ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები გაცილებით ნაკლები იყო - 2011-2016 წლებში გაფორმებული 32 მსხვილი კონტრაქტის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს არ აღემატებოდა.