თეგი: აუდიტი

ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში - პაპუაშვილი

ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ასეთი ყალბი ორგანიზაციების და რაღაც მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, ამას მიექცეს ყურადღება. ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში “გირჩის” პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო საუბარი მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.  

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ეხმიანება ცალკეულ მიკერძოებულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, რაც სამინისტროს შეფასებით, უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა. „საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ წლიდან წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აუმჯობესებს და ხვეწს აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოთქმულ რეკომენდაციებს და იმსახურებს მზარდ დადებით შეფასებებს. რაც შეეხება ცალკეულ ნაკლოვანებებს, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათ აღმოფხვრაზე, მათ შორის დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების კუთხით. ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში თავდაცვის ძალებში დაახლოებით 40%-ით მოხდა ხელფასების მატება. ცხადია, ასევე გრძელდება დანამატების გაცემის პრაქტიკა იმ კონკრეტული ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც კანონის შესაბამისად ახორციელებენ სპეციფიურ სამუშაოს და შეხება აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან. აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს 233 მოსამსახურეზე გრიფით „საიდუმლო“ წესით გაიცა დაახლოებით 5 მილიონი ლარის დანამატი. აღნიშნული თანხა გადაეცათ თავდაცვის სამინისტრის სამხედრო მოსამსახურეებსა და თანამშრომლებს მათ მიერ ეფექტიანად შესრულებული სამუშაოს დაფასებისა და წახალისების მიზნით. რაც შეეხება,  უშუალოდ გაცემის ფორმას, აღნიშნული განხორციელდა საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად. დანამტები გაიცა იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეციალური წოდების მქონე პირებზე, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის სპეციფიკურ სამუშაოს და ამავე დროს, შეხება აქვთ  სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სენსიტიურ საქმიანობასთან და ინფორმაციასთან. ცხადია, ჩვენი სამხედროები იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს და მათ შორის, ფინანსურ წახალისებას, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში. აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2021 წელს დაახლოებით, 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5,160,000-ლარამდე დანამატი, მათ შორის, 286,672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. ამასთანავე, აღნიშნული დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული.

„დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს“ - რა წერია აუდიტის დასკვნაში

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველსაყოფად, თუმცა არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს. ანგარიშის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მოპოვების მექანიზმები ნაკლოვანებებს შეიცავს - საგამოცდო ტესტების სრული რაოდენობის 75-80% გამოცდის თარიღამდეა ხელმისაწვდომი. ამასთან, 2021 წლის მდგომარეობით, სისტემაში არსებული აქტიური ექთნების 15.2% საპენსიო ასაკისაა, ხოლო ახალი კურსდამთავრებულების - 2.6%. სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის დანერგვა, რომელიც სამინისტრომ 2018 წლიდან დაიწყო, მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლების უზრუნველყოფისათვის, თუმცა არსებული სისტემა შეიცავს ნაკლოვანებებს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, უწყვეტი სამედიცინო განათლება არ არის სავალდებულო ყველა მიმართულების პერსონალისთვის და განსაზღვრულია მხოლოდ ზოგიერთი სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებისათვის. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით დაბალია პროფესიულად აქტიური ექიმების ჩართულობა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებზე როგორც სავალდებულო, ისე არასავალდებულო ნაწილში. „2021 წლის მდგომარეობით, 2018-2021 წლებში 17,632 ექიმიდან უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 43%-მა; პერინატალური და ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის ქულების შეფასება არ ხდება ყოველწლიურად. შესაბამისად, დაბალია უსგ-ის პროგრამაში მათი ჩართულობა, კერძოდ: 2018-2021 წლებში, დაწესებულებებში მომუშავე მეან-გინეკოლოგებიდან ყოველწლიურად, საშუალოდ, 37% არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამაში, ხოლო ნეონატოლოგებიდან, საშუალოდ, 23%. 2020-2021 წლებში, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებისა და რადიოლოგების საშუალოდ, 69%-ს არ ჰქონდა მოპოვებული უსგ-ის წლიური კრედიტქულა; დაბალია 2021 წელს სტაციონარულ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების უსგ-ის პროგრამებში ჩართულობა და ყოველწლიურად განსაზღვრული კრედიტქულების დაგროვების მაჩვენებელი. აღნიშნულ სპეციალისტთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 1,601-ს, მათგან, უსგ-ის წლიური კრედიტქულა კი დააგროვა მხოლოდ 415-მა (26%). 2020-2021 წლებში სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე გადაუდებელი მედიცინის 436 ექთნიდან, არც ერთი მათგანი არ იყო ჩართული უსგ-ის პროგრამებში. ამასთანავე, რეგულირების სააგენტოს მიერ 2020-2021 წლებში 269 დაწესებულებიდან შესწავლილია მხოლოდ 20 დაწესებულება. შედეგად, დანერგილი მექანიზმები არ არის საკმარისი სტაციონარულ დაწესებულებებში მომუშავე ექიმების მიერ მოპოვებული უსგ-ის კრედიტქულების შესაფასებლად; უსგ-ის პროგრამების ჩატარების ადგილი ექიმებისათვის არ იყო თანაბრად ხელმისაწვდომი გეოგრაფიული თვალსაზრისით. უსგ-ის პროგრამების დამსწრე 4,606 პირთაგან, 1,590-ის (35%) ფაქტობრივი სამუშაო ადგილი არ იყო თბილისი; 2018-2021 წლებში უსგ-ის პროგრამებში მსმენელის სტატუსის მქონე 11,192 ექიმიდან 512-მა სპეციალისტმა ერთი და იგივე სავალდებულო უსგ-ის პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაიარა 2-ჯერ და აღიარებულ იქნა შესაბამისი კრედიტქულა; 2018-2021 წლების მიხედვით, ჯამში განხორციელებული 757 უსგ-ის პროგრამიდან, 2020-2021 წლებში მონიტორინგი ჩატარდა 108 (15%) პროგრამაზე, ხოლო სავალდებულო 628 უსგ-ის პროგრამიდან − 90 (14%)-ზე“, - აღნიშნულია ანგარიშში. ამავე ანგარიშის თანახმად, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროებს შორის კოორდინაცია სამედიცინო განათლებასთან დაკავშირებით არათანმიმდევრულია, ანგარიშში აღნიშნულია, რომ განათლების სამინისტროს ჩართულობა სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების სტრატეგიების შექმნის პროცესში დაბალია. დოკუმენტის თანახმად, აუდიტის ფარგლებში გამოიკვეთა სამედიცინო პერსონალის შესახებ ინფორმაციის სისრულესა და სანდოობასთან დაკავშირებული რიგი ხარვეზები. „სამინისტროს სისტემაში შექმნილი ახალი საინფორმაციო სისტემა სრულად და ზუსტად არ ასახავს პროფესიულად აქტიური ექიმის შესახებ ინფორმაციას. უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) პროგრამაში მონაწილე სამედიცინო პერსონალის შესახებ მონაცემები არასრულადაა ასახული, ხოლო, რიგ შემთხვევებში, შეიცავს უზუსტობებს; სამინისტროს სისტემაში არ არსებობს ერთიანი მონაცემთა ბაზა იმ ექიმების შესახებ, რომელთაც გაიარეს ან/და ესაჭიროებათ პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამის გავლა; რეგულირების სააგენტო არ ფლობს ინფორმაციას დიპლომისშემდგომი სამედიცინო პროგრამების ფარგლებში ათვისებული კვოტების შესახებ. კვოტების მინიჭება ხდება სამი წლის ვადით და არ მიმდინარეობს მიღებული სპეციალობის მაძიებელთა რაოდენობის შესახებ მონაცემების შეგროვება,“ - წერია ანგარიშში. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე, სადაც სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშს განიხილავენ, განაცხადა, რომ აუდიტის ანგარიშში მოცემული საკითხები მსგავსი გამოწვევებით ასახულია ასევე ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ 2022 წლის მაისში დაამტკიცა, ახლა კი, მიმდინარეობს მუშაობა დეტალური გეგმის შემუშავებაზე. „ასევე ვიზიარებ ხარისხობრივ ნაწილთან დაკავშირებულ შენიშვნას. აქ განმარტების სახით მინდა ვთქვა, რომ სამინისტროს შიდა რესურსი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ტექნიკური ექსპერტიზა უზრუნველყოს ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მასალის, არ აქვს, ამიტომ დამოკიდებული ვართ იმ პროფესიულ პლატფორმაზე, რომელიც წარმოადგენს ამ მასალას. დამოუკიდებელი ექსპერტიზის საკითხს როგორ გადავჭრით, გარკვეული ფიქრი და კონსულტაცია დაგვჭირდება. რეგულირების სააგენტოს მხრიდანაც მონიტორინგის მექანიზმი მეტ რესურსს მოითხოვს და ამ კუთხითაც მუშაობა მიმდინარეობს, რომ რესურსი გაიზარდოს, რადგან მონიტორინგი ჯეროვანი იყოს და არა შერჩევითი როგორც აქამდე ხდება,“ - განაცხადა გაბუნიამ. აუდიტის ანგარიში 2018-2021 წლების პერიოდს მოიცავს.

აუდიტი: განათლების სამინისტროს შეფასებული არ აქვს სკოლების მდგომარეობა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშის თანახმად, განათლების სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად. დოკუმენტის მიხედვით, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, ხოლო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანი და ფორმალურია, რაც მიუთითებს დაგეგმვის პროცესის არაეფექტიანობაზე. „ეფექტიანი მართვის სისტემის განვითარება სამინისტროს სტრატეგიული ამოცანაა, რაც ერთ-ერთ მიზნად მოიაზრებს სკოლის მართვის დიფერენცირებული მიდგომისა და ავტონომიურობის გაზრდის მხარდაჭერას. სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად. რესურსცენტრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საჯარო სკოლების მონიტორინგი, თუმცა არ არის განსაზღვრული ჩასატარებელი მონიტორინგის ოპტიმალური რაოდენობა და სიხშირე, აღნიშნული კი, სასწავლო პროცესის და გარემოს გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელოვანი საფუძველია. არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, ხოლო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანი და ფორმალურია, რაც მიუთითებს დაგეგმვის პროცესის არაეფექტიანობაზე. რიგ შემთხვევებში რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა იდენტური რაოდენობის პირობებში იქმნება ფუნქციების არაეფექტიანად განხორციელების რისკი. სკოლის მართვის პროცესში სამეურვეო საბჭოს როლი არ არის საკმარისად ეფექტიანი. ძირითად შემთხვევაში საბჭოს წევრების როლი სკოლების მართვის პროცესში ფორმალურ ხასიათს ატარებს − წევრები ნაკლებად არიან ჩართულნი სკოლის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას, მაშინ როცა სამეურვეო საბჭო დეცენტრალიზებული მართვის მოდელის განხორციელებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. არ არის განსაზღვრული საბჭოს ფუნქციონირების შედეგად მისაღწევი მიზანი, რომელთან მიმართებითაც შეფასდება საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობა. სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული საბჭოს საქმიანობა და არ განხორციელებულა საჭიროებების კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც მოხდებოდა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება,” - ნათქვამია ანგარიშში.  

“ბინების არასამართლიანი განაწილების რისკი” – აუდიტმა შესყიდვებისა და განაწილების პროცედურების შესაბამისობა შეისწავლა

დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის სახელმწიფო აუდიტის ანგარიში 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიავს. მისი მიხედვით, თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მოქმედ კანონმდებლობასთან, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული შესყიდვების და განაწილების პროცედურების შესაბამისობა შეისწავლა. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები: „თბილისში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით საცხოვრებელი ფართების შესყიდვისას, მენაშენის მოთხოვნით, სამშენებლო რესურსებზე ფასების ზრდის საფუძვლით, გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება. ფასების ზრდის პერიოდისთვის, სააგენტოს მიერ 100%-ით იყო გადახდილი ავანსი, რომელიც სრულად ფარავდა მშენებლობის თვითღირებულებას. ამასთანავე, არ მომხდარა გარემოებათა სხვა არსებითი ცვლილება, რომელიც შესაძლებელი იყო ხელშეკრულების ღირებულების გაზრდაზე შეთანხმების საფუძველი გამხდარიყო. შედეგად, დაუსაბუთებლად გაიზარდა სახელშეკრულებო ღირებულება, რამაც გამოიწვია 302.9 ათასი ლარის საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში. ანგარიშის თანახმად, გორში დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, კომპანიას დაუსაბუთებელი მიზეზებით (მიწოდების ვადის შეზღუდვის და მშენებლობის ნებართვის ვადის ამოწურვის გამო), უარი ეთქვა ხელშეკრულების გაფორმებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. „როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არსებობდა შეძენის აუცილებლობა და დაფინანსების წყარო, ამასთანავე, არ არსებობდა მიწოდების ვადის შეზღუდვის აუცილებლობა, ხოლო კომპანია თანახმა იყო მიემართა შესაბამისი უწყებისთვის ნებართვის ვადის გაგრძელებაზე. შედეგად, დაიკარგა 120.0 ათასი აშშ დოლარის ეკვივალენტი საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის მიღების შესაძლებლობა,“ - წერია ინფორმაციაში. დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილებასთან დაკავშვირებით: დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს. „რიგ შემთხვევებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი განსახლების საჭიროების სრულყოფილი შესწავლისა და ასევე, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, კრიტერიუმის გამოყენების გარეშე მიღებული არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილება წარმოებდა შეფასების ჯამური ქულის გაუთვალისწინებლად. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ საცხოვრებელი ბინების განაწილების პროცესში, დაბალი ქულის მქონე დევნილი ოჯახების მიმართ, წარმოებდა ე.წ. ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენება, რაც ადეკვატური კონტროლის არარსებობის პირობებში, წარმოშობს დევნილ ოჯახებს შორის საცხოვრებელი ბინების არასამართლიანი განაწილების რისკს. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებების შედეგად, საცხოვრებლით დაკმაყოფილებული არიან ოჯახები, რომლებიც საკითხის განხილვის მომენტისთვის არ საჭიროებდნენ გრძელვადიან განსახლებას. კერძოდ, რიგი დევნილი ოჯახებისა, ბინების განაწილების წინა პერიოდებში, მესამე პირებთან დებდნენ გარიგებებს, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების ჩუქების, თუ ნასყიდობის ფორმით, რამაც შექმნა საცხოვრებლით დასაკმაყოფილებელი სტატუსის კრიტერიუმის შეუსაბამოდ მიღების წინაპირობა.“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ანგარიშის შესაბამისად დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ კონკრეტული რეკომენდაციები გასცა. „საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც მიმწოდებლის მხრიდან სახელშეკრულებო ღირებულების ზრდის ინიცირების პირობებში, უზრუნველყოფს შეცვლილი გარემოებების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურებას. საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც დევნილთა ოჯახების საჭიროების და დაფინანსების არსებული რესურსის გათვალისწინებით, საცხოვრებელი ბინების სახით არსებული აქტივების შექმნის პროცესში, უზრუნველყოფს კონკურენციის ხელშემწყობი პირობების ჩამოყალიბებას. დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ბინების სამართლიანი და ობიექტური განაწილების მიზნით, დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს: საცხოვრებელი ბინების კრიტერიუმის (ჯამური ქულის) მიხედვით განაწილებას; ადმინისტრაციული დაპირების მექანიზმის გამოყენებას: კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში კრიტერიუმის გარეშე საცხოვრებლის განაწილების დროს; დასაბუთებული ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, როცა ადგილი აქვს დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით საცხოვრებელი ბინების განაწილებას; ისეთი დევნილი ოჯახების იდენტიფიცირებას, რომლებიც საკითხის განხილვის ეტაპისათვის არ საჭიროებენ გრძელვადიან განსახლებას,“ - აღნიშნულია ანგარიშის სარეკომენდაციო ნაწილში. სრულად აუდიტის ანგარიშს შეგიძლიათ, გაეცნოთ ბმულზე.