საქართველოს თავდაცვის სამინისტრო „ეხმიანება ცალკეულ მიკერძოებულ ტელევიზიებში გასულ სიუჟეტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის სამინისტროს აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით, რაც სამინისტროს შეფასებით, უწყების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობაა.
„საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ წლიდან წლამდე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აუმჯობესებს და ხვეწს აუდიტის სამსახურის ანგარიშში გამოთქმულ რეკომენდაციებს და იმსახურებს მზარდ დადებით შეფასებებს. რაც შეეხება ცალკეულ ნაკლოვანებებს, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მათ აღმოფხვრაზე, მათ შორის დავით კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების კუთხით.
ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში თავდაცვის ძალებში დაახლოებით 40%-ით მოხდა ხელფასების მატება. ცხადია, ასევე გრძელდება დანამატების გაცემის პრაქტიკა იმ კონკრეტული ქვედანაყოფებისათვის, რომლებიც კანონის შესაბამისად ახორციელებენ სპეციფიურ სამუშაოს და შეხება აქვთ საიდუმლო ინფორმაციასთან.
აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს 233 მოსამსახურეზე გრიფით „საიდუმლო“ წესით გაიცა დაახლოებით 5 მილიონი ლარის დანამატი. აღნიშნული თანხა გადაეცათ თავდაცვის სამინისტრის სამხედრო მოსამსახურეებსა და თანამშრომლებს მათ მიერ ეფექტიანად შესრულებული სამუშაოს დაფასებისა და წახალისების მიზნით.
რაც შეეხება, უშუალოდ გაცემის ფორმას, აღნიშნული განხორციელდა საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების შესახებ მოქმედი კანონის შესაბამისად. დანამტები გაიცა იმ სამხედრო მოსამსახურეებსა და სპეციალური წოდების მქონე პირებზე, რომლებიც ასრულებენ გარკვეული ტიპის სპეციფიკურ სამუშაოს და ამავე დროს, შეხება აქვთ სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ კანონით გათვალისწინებულ სენსიტიურ საქმიანობასთან და ინფორმაციასთან.
ცხადია, ჩვენი სამხედროები იმსახურებენ ყველაფერს საუკეთესოს და მათ შორის, ფინანსურ წახალისებას, რაც მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, - აცხადებენ უწყებაში.
აუდიტის სამსახურის ანგარიშში ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტროში 2021 წელს დაახლოებით, 233 მოსამსახურეზე „საიდუმლო“ გრიფის მქონე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დარიცხულია 5,160,000-ლარამდე დანამატი, მათ შორის, 286,672 ლარი დარიცხულია სამინისტროს სსიპ-ების მოსამსახურეებზე. ამასთანავე, აღნიშნული დანამატები არ არის სათანადოდ დასაბუთებული.