ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში. მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ზოგადი წესია, რომ უცხოურ ფულს არაფერი ესაქმება პოლიტიკაში. ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ ასეთი ყალბი ორგანიზაციების და რაღაც მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში და მნიშვნელოვანია, ამას მიექცეს ყურადღება.
ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ გამოაშკარავდა ასეთი სქემები „გირჩის“ შემთხვევაში, „დროას“, სხვა პარტიების შემთხვევაში. „ევროპულ საქართველოსაც“ ჩამოყალიბებული აქვს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება პოლიტიკური ფულის გრანტად გაფორმება, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება.
ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ, გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში “გირჩის” პარტიის გაგრძელებაა, რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რევოლუციური სცენარების დანერგვა. სწორედ ამაზე იყო საუბარი მათ შორის, როდესაც ვსაუბრობდით უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე. მაშინ იცით, რომ სამწუხაროდ არასწორად იქნა ეს ყველაფერი მიტანილი საზოგადოებამდე. სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ, რომ აქ შეიძლება სხვა ინტერესები იყო, რომ დაფარული ყოფილიყო ის დაფინანსებები, რომელიც საქართველოში შემოედინება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.