თეგი: დავოსი

ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შვეიცარიაში გაემგზავრა, სადაც დავოსში, ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. „დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის ორმხრივი, მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების დამფუძნებლებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა შესაბამის პანელურ დისკუსიებზე. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია.   

Bloomberg: დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რუსი მილიარდერების გარეშე ჩატარდება

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელიც 16-დან 20 იანვრამდე გაიმართება, რუსი მილიარდერების გარეშე ჩატარდება, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო არასასურველი სტუმრები გახდნენ. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება. რუსი მილიარდერების გარდა, წელს ეკონომიკურ ფორუმს არც ჩინეთიდან დაესწრებიან, რადგან Covid-ის შემთხვევების მკვეთრი ზრდისა და საფონდო ბირჟის კრახის გამო ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანებმა $224 მილიარდი დაკარგეს.  სააგენტოს ცნობით, დავოსში ინდოეთიდან 13 მილიარდერი ჩავა. „ამერიკელებმა, როგორც ყოველთვის, შექმნეს ყველაზე დიდი ჯგუფი, საიდანაც დავოსის სამიტს 33 მილიარდერი დაესწრება. ევროპიდან მხოლოდ 18 მილიარდერია რეგისტრირებული.   

დავითაშვილი დავოსის სამიტზე: საქართველოში ინვესტირებით საკმაოდ ბევრი კომპანია ინტერესდება

საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება. Bloomberg: დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი რუსი მილიარდერების გარეშე ჩატარდება მისი თქმით, ქართული დელეგაცია ინვესტორ კომპანიებთან ინტენსიურ შეხვედრებს მართავს. „დავოსის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს. ძალიან ინტენსიური შეხვედრები იმართება ინვესტორ კომპანიებთან. ჩვენ გვქონდა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვა ძალიან ბევრ დაინტერესებულ კომპანიასთან. იმ კომპანიებთან, რომლებიც საქართველოში წარმატებით მოღვაწეობენ და არის შანსი, რომ მათ გააფართოვონ თავიანთი საინვესტიციო პროექტები საქართველოში, ასევე იმ კომპანიებთან, რომლებიც ჯერ რეგიონში არ არიან წარმოდგენილები. ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ასევე იმ გეოგრაფიულ შესაძლებლობებზე, რომელიც საქართველოს გააჩნია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბოლო მოვლენების ფონზე ცენტრალური დერეფნით დაინტერესება საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიების. ჩვენ ვისაუბრეთ ძირითად სტრატეგიულ პროექტებზე, რომელიც გულისხმობს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. ასევე, ენერგეტიკის მიმართულებებზე, ზოგადად, სტუმარმასპინძლობის სფეროზე და სხვადასხვა დარგზე, სადაც საქართველოს მართლაც გამორჩეული პოტენციალი გააჩნია. ასევე განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგი, რაც გულისხმობს დაკავშირებადობის აქტუალობას. ამაზე ევროკავშირის ხელმძღვანელმაც, პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმაც ისაუბრა. საუბარია ახალ დამაკავშირებელ შავი ზღვისქვეშა კაბელზე,. რომელიც საქართველოს ენერგოსისტემას ევროპასთან პირდაპირ დააკავშირებს და შესაძლებლობებზე, რომელიც საინვესტიციო კუთხით ჩნდება. მე ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია დაინტერესებული კომპანია, რომელიც 2023 წლის განმავლობაში პოზიტიურ გადაწყვეტილებებს მიიღებს საქართველოში ინვესტირების კუთხით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში 16 იანვარს გაიხსნა.   

რა საკითხები განიხილეს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დავოსში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანის საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”, - აღნიშნულია პრემიერის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში. დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა. საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა. „2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება. Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჰანი დავოსის პანელურ დისკუსიაზე: ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს აღებული სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი და ერთგულნი ვართ ამის უფრო მეტად, ვიდრე ადრე

სამხრეთ კავკასია ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში. ჩვენ ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს რეგიონისადმი აღებული, ერთგულნი ვართ ამის კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე“, – ამის შესახებ ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარმა, ოჰანეს ჰანმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, სახელწოდებით „როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“. იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ შუა დერეფანს ევროპისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. „ჩვენ საუბარი გვაქვს ხშირად დერეფანზე და არა გვირაბზე, ცნებებს, სახელდებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, შუა დერეფანს აქვს დიდი მნიშვნელობა ეკონომიკური განვითარებისთვის ზოგადად მთელ რეგიონში. თანაბრად მნიშვნელოვანია ყველა სხვა ასპექტი, რაც ამ ტრანზტს მოჰყვება. ევროკავშირისთვის ეს არ არის მხოლოდ გარანტირებული მიწოდების ჯაჭვი, ეს არის ბევრი სხვა ასპექტი და საკითხი. ჩვენ ვხედავთ ამაში მშვიდობასაც და სტაბილურობასაც ჩვენს სამეზობლოში. რა თქმა უნდა, სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, სადაც სამი ქვეყანაა, ამ პანელზე ორი არის წარმოდგენილი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება არსებობდეს მთელ რეგიონში, სამივე ქვეყანაში. ნებისმიერი ჩართულობა, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს მიზანმიმართული მეტი სტაბილურობისკენ და ეს ინიციატივა სწორედ ასეთია. მეტი მონაწილეები, მეტი მოსარგებლეები, ჩინეთიდან დაწყებული ევროპით დამთავრებული იქნებიან ამ პროექტის ფარგლებში. ეს პროექტი წვლილს შეიტანს სტაბილურობაში და, ჩვენი გადმოსახედიდან, მრავალეროვნულობაში. სტრატეგიული პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა და დერეფანია. დებატები დეფერანთან დაკავშირებით არა მარტო მიწოდების ჯაჭვზეა, არამედ საკითხების უფრო ფართო სპექტრია“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა. იოჰანეს ჰანის განცხადებით, ევროპისთვის აღნიშნული პარტნიორობა მნიშვნელოვანია. „ეს პარტნიორობა არის ჩვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი ინსტრუმენტების, რომელიც შეიძლება, იქნას გამოყენებული. ჩვენ გვყავს ჩვენი საინვესტიციო ბანკები, გარანტირებული სქემები არსებობს, განსხვავებული საკონტრაქტო ურთიერთობები გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, რადგან, საბოლოოდ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გადასაწყვეტია, მათი პრეროგატივაა, რა პირობებს შეარჩევენ. მაგალითად, საქართველოსთან გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, აზერბაიჯანთან არ გვაქვს ასეთი ინტენსიური თანამშრომლობა, მაგრამ ამას პატივს ვცემთ. რაც შეეხება საბაჟო ადმინისტრირებას, ამაზე შეიძლება, მომავალში ვისაუბროთ. ეს რეგიონი სამომავლო პერსპექტივაში შეიძლება იყოს ევროპისთვის ძალიან საინტერესო, ასეთი მიმართულებით თუ წარიმართება და განვითარდება საქმე და მოვლენები, არა მარტო ომის გამო, ომამდეც, ზუსტად იმ მიზეზების გამო, რაც ვახსენე, ეს რეგიონი იყო მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან დიდი ვალდებულება გვაქვს რეგიონისადმი აღებული, ერთგულნი ვართ ამის კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ადრე“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

დავოსში, უკრაინის მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით, 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა

დავოსში, დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ანდრი ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო. წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინეს ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ. „კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე: ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ანდრი ერმაკმა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ. ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.  

პრემიერი: საქართველო შუა დერეფნის განვითარების იდეის ბოლომდე ერთგული რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - "ევრაზიის ახალი განთიადი?" გამოსვლისას მადლობა გადაუხადა „ევროკავშირის ყველა ლიდერს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას.“  „ეს არის ჩვენი მთავრობის უდიდესი მიღწევა,“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან საქართველოს მთავრობამ დიდი ძალისხმევა გასწია და დიდი წინსვლა ჰქონდა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა ამავე პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა აქვს და ბოლომდე ერთგული რჩება ამ ე.წ. შუა დერეფნის განვითარების იდეისადმი, რომელიც ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ალტერნატიული მარშრუტი გახდა.“ მან ყურადღება გაამახვილა ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე. „ორი წლის წინ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან საგზაო რუკას ჩვენს ყაზახ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.  ჩვენ, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, ძალიან ნათელი და მკაფიო გეგმა გვაქვს ამ დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით და ვიცით, რისი გაკეთებაა საჭირო, -  საპორტე ინფრასტრუქტურის გაფართოება, წარმადობის განვითარება, რკინიგზის მოდერნიზაცია, აეროპორტებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ა. შ.   უახლეს ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ. წელს გვინდა ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაწყება ანაკლიაში, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე. ასევე, მიმდინარეობს რკინიგზის მოდერნიზაცია  და წელს დასრულდება. მისი გამტარუნარიანობა საქართველოში გაორმაგდება  და 48 მილიონ ტონს გადააჭარბებს.   ახალი აეროპორტის მშენებლობასაც ვგეგმავთ, რადგან გვინდა ქვეყანა პოზიციონირებდეს როგორც ავიაციის რეგიონალური ჰაბი. ამას საქართველოს ადგილმდებარეობაც უწყობს ხელს. სრული პოტენციალი გვაქვს იმისთვის, რომ ავიაციის რეგიონალურ ჰაბადაც ვიქცეთ.  ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა საავტომობილო გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, -  ყველაფერი წელს დასრულდება და სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც ორ წელიწადში დაგვირგვინდება. ასევე მინდა ვახსენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩინეთის ინტერესი ამ ალტერნატიული მარშრუტებისადმი - ე.წ. შუა დერეფნისადმი. ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ჩინეთში გასულ წელს.   პრეზიდენტ სი ძინ პინს შევხვდი და გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორობა სტრატეგიულ დონეზე აგვეყვანა.  ჩინეთმა ინტერესი რანდენიმე თვის წინ დააფიქსირა. პრეზიდენტმა გამოთქვა ინტერესი შუა დერეფნის მიმართ და მიმაჩნია, რომ ეს მეტ სტიმულს და მუხტს მისცემს ამ იდეის განვითარებას,“ -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „უსაფრთხოების სფეროში გამოწვევის მიუხედავად, უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა მოხდა.“   „რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ, - ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. გუშინ გვქონდა ამ საკითხზე საუბარი. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას.   თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში,“ - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთთან და აზერბაიჯანთან მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა. „რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანსა და სომხეთს, ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და პარტნიორობა გვაქვს ორივე ქვეყანასთან. ისინი ჩვენი ძმები და მეგობრები არიან. ორი წლის წინ ვცადე და პირველი მედიაცია წარმატებით განხორციელდა, რადგან აზერბაიჯანმა გაათავისუფლა სომხეთის მოქალაქეები, ხოლო სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა დანაღმული ტერიტორიების რუკები.  ეს წარმატებული მცდელობა იყო, მაგრამ გვესმის, რომ სიტუაცია ძალიან კომპლექსურია. რეგიონში ბევრი მოთამაშეა და ყოველივე ზემოთ თქმულს მინდა ის დავამატო, რომ ორივე ქვეყნის ლიდერის პოზიცია ვიცი. სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც ორმხრივ ფორმატში უნდათ ურთიერთობა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სწორი გზაა, რადგან ყველა დაინტერესებული წრისა და მხარის, მედიატორის ჩართვით სიტუაცია უფრო წინააღმდეგობრივი და ნაკლებად პროდუქტიული ხდება ხოლმე. ამიტომ, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მათ. დიდი იმედი მაქვს, რომ მონახავენ გამოსავალს და მალე გააფორმებენ სამშვიდობო შეთანხმებას,“ - განაცხადა პრემიერმა.