რა საკითხები განიხილეს პრემიერმა ღარიბაშვილმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის საკითხებში ევროკომისარს იოჰანეს ჰანის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, დავოსში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე განსახილველი საკითხები იყო ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები.

ხაზი გაესვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. ირაკლი ღარიბაშვილმა იოჰანეს ჰანის საქართველოს ევროინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანის შევხვდი. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა და ურთიერთსასარგებლო პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები. საქართველო ევროპულ გზაზე წინ მიიწევს”, - აღნიშნულია პრემიერის Twitter-ზე განთავსებულ პოსტში.


დღესვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Adani Group-ის თავმჯდომარეს, გაუტამ ადანის შეხვდა.

საუბარი შეეხო კონკრეტული მიმართულებებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. გაუტამ ადანი ენერგეტიკული და სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფეროებით დაინტერესდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული მიმართულებით საქართველოს დიდ პოტენციალსა და რესურსებზე ისაუბრა.

„2022 წელს გაუტამ ადანი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა. მისი ქონება 155 მილიარდ დოლარს აღემატება.

Adani Group 50 ქვეყანაში ოპერირებს, კომპანიაში დასაქმებულია 23000 ადამიანი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.