დავოსში, დღეს უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ანდრი ერმაკის ინფორმაციით, მონაწილეებს შორის 81 ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რაც წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, როდესაც შეხვედრას 66 ქვეყანა და ორგანიზაცია დაესწრო.
- წელს, დავოსში თავისი წარმომადგენლები წარადგინეს ევროპის 39-მა, აზიის 18-მა, აფრიკის 12-მა, სამხრეთ ამერიკის 6-მა, ჩრდილოეთ ამერიკის 3-მა და ოკეანეთის 2 ქვეყანამ.
„კარგი ნიშანია იმ ქვეყნების რაოდენობის მუდმივი ზრდა, რომლებიც უკრაინის მშვიდობის ფორმულაზე დაფუძნებულ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე მუშაობას უერთდებიან. ქვეყნები გლობალური სამხრეთის რეგიონებიდან სულ უფრო მეტად ერთვებიან ჩვენს მუშაობაში. ეს მიუთითებს შემდეგზე: ეს კონფლიქტი მთელი კაცობრიობის გამოწვევაა,“ - აღნიშნა ანდრი ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ინფორმაციით, მრჩეველთა შეხვედრის გახსნისას ისაუბრა რუსეთის ბოლოდროინდელი მასიური სარაკეტო თავდასხმების შედეგებზე, თავდასხმების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.
ანდრი ერმაკმა აღნიშნა, რომ ორ წელიწადში უკრაინის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%-ზე მეტი და გაანადგურეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პოტენციალის მეხუთედი.