თეგი: ევრიოკავშირი

დიეგო კოლასი კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებზე: ეს სევდისმომგვრელია, კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი

საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებული განცხადებები „სევდისმომგვრელია“. საფრანგეთის ელჩმა ამით უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. „ვფიქრობ, ეს სევდისმომგვრელია. კარლ ჰარცელთან ერთად სამი წელი ვმუშაობდი. ძალიან ვისიამოვნე მასთან ურთიერთობით, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული კუთხით. ის ძალიან კარგი მეგობარი იყო და ის არის ადამიანი, რომელმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა“,- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა. მისი თქმით, კარლ ჰარცელი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი. „რამდენიმე თვის წინ, ვფიქრობ, ჩვენ შორს ვიყავით იმ წერტილიდან, რასაც ახლა მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხრივ. მთელი ეს სამუშაო, დაუღალავად კეთდება, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, საქართველოს რეფორმების გზაზე მხარდაჭერის კუთხით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი და მე ძალიან მსიამოვნებდა მასთან მუშაობა. მე მესმის, რატომ არის ზოგიერთი იმედგაცრუებული, რადგან არის განცდა, რომ საქართველოს შეეძლო, ან უნდა მიეღო, შესაძლოა იმაზე მეტიც, ვიდრე მიიღო“ , - დასძინა კოლასმა. საფრანგეთის ელჩი ფიქრობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგია უნდა იყოს ფოკუსირებული იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგში დინამიზმი იყოს. „ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაზეც ხალხი უნდა იყოს ფოკუსირებული“, - განაცხადა კოლასმა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში. წყარომ -ipn

სალომე ზურაბიშვილი: რუსეთი ერთად უნდა შევაჩეროთ, ეს ევროკავშირის ინტერესშიცაა

რატომ არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ასე მნიშვნელოვანი, ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს არის დღეს საქართველოს უმთავრესი საჭიროება, უსაფრთხოება და ერთადერთი პერსპექტივაც ქვეყნისთვის, რომელიც მუდამ იზიარებდა ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი - უსაფრთხოებაა, რასაც „ევროკავშირიც უნდა გრძნობდეს.“ „წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ომი უკრაინაში დღეს, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები რომ არ იყვნენ? წინა გაფართოებამ ევროკავშირისთვის უსაფრთხოება უზრუნველყო და მომავალი გაფართოებაც, ჩვენი მონაწილეობით, იქნება დამატებით უსაფრთხოება ევროკავშირისთვის და ჩვენთვისაც. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველომ პრეზიდენტმა ასევე შენიშნა, რომ არის კიდევ ერთი საკითხი, შავი ზღვის უსაფრთხოების რაზეც „საკმარისად არ ვლაპარაკობთ“, რუსეთი კი, აგრძელებს იმ გეგმის შესრულებას, რაც მიზანდ დაისახა 2007 წელს, რომ დასავლეთს არ მისცემდა შავ ზღვასთან მიახლოების შესაძლებლობას. „რა მოხდა 2007 წლის შემდეგ ყველამ ვნახეთ, 2008 წელს - საქართველო, შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული, შემდეგ ომი უკრაინაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი ინტერესია, ერთად შევაჩეროთ რუსეთი, რომ ის შავ ზღვაზე ერთადერთ ძალად არ იქცეს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის და კომუნიკაციებისთვის, რომელთა მნიშვნელობა მომდევნო წლებში გაიზრდება, ასევე ტრანსპორტის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა. მოგვიანებით, მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერს, რომ გაფართოება არ არის მხოლოდ პროცედურული საკითხი - „ეს ეგზისტენციალურია ჩვენთვის - საქართველოსთვის და თქვენთვის - ევროკავშირისთვის. საერთო საფრთხეების წინაშე ერთობა ჩვენი ყველაზე ძლიერი თავდაცვაა. ერთად, უნდა შევეწინააღმდეგოთ ავტოკრატიებს და დავიცვათ ჩვენი საერთო ღორებულებები.“