საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი აცხადებს, რომ ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებული განცხადებები „სევდისმომგვრელია“.
საფრანგეთის ელჩმა ამით უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ საქართველოში ევროკავშირის ყოფილი ელჩის კარლ ჰარცელის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
„ვფიქრობ, ეს სევდისმომგვრელია. კარლ ჰარცელთან ერთად სამი წელი ვმუშაობდი. ძალიან ვისიამოვნე მასთან ურთიერთობით, როგორც პროფესიული, ისე პიროვნული კუთხით. ის ძალიან კარგი მეგობარი იყო და ის არის ადამიანი, რომელმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გააკეთა“,- აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
მისი თქმით, კარლ ჰარცელი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი.
„რამდენიმე თვის წინ, ვფიქრობ, ჩვენ შორს ვიყავით იმ წერტილიდან, რასაც ახლა მივაღწიეთ საქართველოს ევროპული ტრანსფორმაციის მხრივ. მთელი ეს სამუშაო, დაუღალავად კეთდება, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე, საქართველოს რეფორმების გზაზე მხარდაჭერის კუთხით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა შესაძლებლობა არსებობს. ჩვენ ამას ვაკეთებთ. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ. კარლი იყო ევროპის გუნდის ბრწყინვალე კაპიტანი და მე ძალიან მსიამოვნებდა მასთან მუშაობა. მე მესმის, რატომ არის ზოგიერთი იმედგაცრუებული, რადგან არის განცდა, რომ საქართველოს შეეძლო, ან უნდა მიეღო, შესაძლოა იმაზე მეტიც, ვიდრე მიიღო“ , - დასძინა კოლასმა.
საფრანგეთის ელჩი ფიქრობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ენერგია უნდა იყოს ფოკუსირებული იმისთვის, რომ რეფორმების დღის წესრიგში დინამიზმი იყოს.
„ვფიქრობ, ეს შესაძლებელია და ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაზეც ხალხი უნდა იყოს ფოკუსირებული“, - განაცხადა კოლასმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში.
წყარომ -ipn