რატომ არის საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ასე მნიშვნელოვანი, ამ შეკითხვას უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობდა. ზურაბიშვილის თქმით, ეს არის დღეს საქართველოს უმთავრესი საჭიროება, უსაფრთხოება და ერთადერთი პერსპექტივაც ქვეყნისთვის, რომელიც მუდამ იზიარებდა ევროპულ ღირებულებებს. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი - უსაფრთხოებაა, რასაც „ევროკავშირიც უნდა გრძნობდეს.“
„წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ომი უკრაინაში დღეს, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რუმინეთი და ბულგარეთი ევროკავშირის წევრები რომ არ იყვნენ? წინა გაფართოებამ ევროკავშირისთვის უსაფრთხოება უზრუნველყო და მომავალი გაფართოებაც, ჩვენი მონაწილეობით, იქნება დამატებით უსაფრთხოება ევროკავშირისთვის და ჩვენთვისაც. ეს არის სოლიდარობა და საერთო ღირებულებები,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველომ პრეზიდენტმა ასევე შენიშნა, რომ არის კიდევ ერთი საკითხი, შავი ზღვის უსაფრთხოების რაზეც „საკმარისად არ ვლაპარაკობთ“, რუსეთი კი, აგრძელებს იმ გეგმის შესრულებას, რაც მიზანდ დაისახა 2007 წელს, რომ დასავლეთს არ მისცემდა შავ ზღვასთან მიახლოების შესაძლებლობას.
„რა მოხდა 2007 წლის შემდეგ ყველამ ვნახეთ, 2008 წელს - საქართველო, შემდეგ ყირიმის ნახევარკუნძული, შემდეგ ომი უკრაინაში. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ეს ორმხრივი ინტერესია, ერთად შევაჩეროთ რუსეთი, რომ ის შავ ზღვაზე ერთადერთ ძალად არ იქცეს. ეს მნიშვნელოვანია მომავლისთვის და კომუნიკაციებისთვის, რომელთა მნიშვნელობა მომდევნო წლებში გაიზრდება, ასევე ტრანსპორტის და ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასე რომ, ჩვენ ამის პრევენცია უნდა მოვახდინოთ,“ აღნიშნა ზურაბიშვილმა.
მოგვიანებით, მან სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერს, რომ გაფართოება არ არის მხოლოდ პროცედურული საკითხი - „ეს ეგზისტენციალურია ჩვენთვის - საქართველოსთვის და თქვენთვის - ევროკავშირისთვის. საერთო საფრთხეების წინაშე ერთობა ჩვენი ყველაზე ძლიერი თავდაცვაა. ერთად, უნდა შევეწინააღმდეგოთ ავტოკრატიებს და დავიცვათ ჩვენი საერთო ღორებულებები.“