თეგი: ვაზიანი

ვაზიანში საარტილერიო წვრთნა ჩატარდა

ვაზიანის სასროლეთზე მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა ამოცანაზე ორიენტირებული ტაქტიკური საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დაასრულა. საველე წვრთნებში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51 -ე ბატალიონის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები და ჰაერსაწინააღმდეგო ჯგუფები მონაწილეობდნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორკვირიანი სწავლება სამ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა საველე პირობებში პრაქტიკულ მეცადინეობას დაეთმო, სადაც ბრძოლის წარმოებისას ბატარეაში შემავალი ელემენტების კოორდინირებული მოქმედება დაიხვეწა. მეორე ფაზა ბატარეის ტაქტიკურ მოქმედებაზე 48 საათიან დაკვირვებას მოიცავდა, ხოლო მესამე ფაზა კი, საცეცხლე პოზიციების დაკავებითა და საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლების დასკვნით ნაწილს სპეციალურად შერჩეული დამკვირვებელთა კომისია აფასებდა. წვრთნების მიზანს ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება და სხვადასხვა საბრძოლო ელემენტის კოორდინაცია და შერწყმა წარმოადგენდა.  

ვაზიანის სასროლეთზე საარტილერიო სწავლება ჩატარდა

ვაზიანის სასროლეთზე ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის უწყების ცნობით, მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონის გეგმიური საველე წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და სამ ეტაპს მოიცავდა. პირველი ეტაპი საველე მოქმედებებსა და სადაზვერვო ჯგუფის, ცეცხლის მართვის ცენტრებისა და ქვემეხების შერწყმას მოიცავდა, მეორე ეტაპზე დამკვირვებელ-მაკონტროლებლებმა წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები შეაფასეს, ხოლო დასკვნითი ნაწილი საბრძოლო სროლებს დაეთმო. „მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე საარტილერიო ბატალიონმა წინასწარ განსაზღვრულ რაიონში საარტილერიო საცეცხლე მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლების მიზანს ოპერატიულ გარემოში დამოუკიდებლად მოქმედება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა წარმოადგენდა. წვრთნების დასკვნით ეტაპს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დააკვირდნენ“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.  

ჯუანშერ ბურჭულაძე ვაზიანში აეროპორტის მშენებლობაზე: არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას არ ექნება

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. ჟურნალისტის კითხვას, სამხედრო ბაზაზე ვამბობთ თუ არა უარს, მინისტრმა უპასუხა, რომ - არა. „რაც კი ეს საკითხი წამოიჭრა იმ დღიდან ჩართულები ვართ - უწყება, კომპეტენტური ქვედანაყოფები, ასევე, უწყების ხელმძღვანელობა და ჩვენ არანაირი პრობლემა ამაში არ დაგვინახავს. არანაირი შეფერხება არც სწავლებას და არც ბაზის ფუნქციონირებას, რა თქმა უნდა, არ ექნება. არცერთი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ გამოუთქვამს. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ფართო ჯგუფის ფორმატში განგვეხილა ეს საკითხი“, - განახადა თავდაცვის მინისტრმა. აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებთან დაკავშრებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არის პოლარიზაციის საწყისი. „რას ნიშნავს მოღალატეობრივი?! ზოგადად ამ ტერმინს უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენ. ჩვენი მხრივ, იგივე იქნება ახლა, ვთქვა, რომ მოღალატეობრივი პოზიციაა ის, რომ საქართველოს ეკონომიკის წინსვლას ჩვენი ოპოზიცია ცდილობს, ხელი შეუშალოს. არანაირი რისკი არ წარმოიქმნება არც სწავლებებისთვის და არც ბაზისთვის. არანაირი საფრთხე ბაზის ფუნქციონირებას და სწავლებას არ ექნება“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში, სავარაუდოდ, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება.

ვაზიანში ახალი აეროპორტის შესაძლო მშენებლობისთვის პირველი ტექნიკური კვლევები დაიწყება

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტის ფარგლებში ტექნიკური კვლევების მოსამზადებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უკვე დასრულებულია თბილისის არსებული აეროპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობა და სამინისტროს აქვს, ფაქტობრივად, სრული სურათი, მისი გაფართოების რა შესაძლებლობები და შეზღუდვები არსებობს. მისივე თქმით, ასევე იწყება პირველი ტექნიკური კვლევები ვაზიანის, როგორც ახალი აეროპორტის ალტერნატიული ლოკაციის შესასწავლად. უწყების ცნობით, ვაზიანში აეროპორტის შესაძლო განვითარების შესაძლებლობების პირველ ტექნიკურ კვლევებს მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო საკონსულტაციო კომპანია Airport Competence GmbH ჩაატარებს. კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს ეკონომიკის სამინისტროში გამართა, რომელსაც ასევე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.. „პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვიწყებთ ვაზიანის ტერიტორიის, როგორც დედაქალაქის აეროპორტის განვითარებისთვის შესაძლო ალტერნატიული ლოკაციის შესწავლას - ტექნიკური კვლევები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, თუ სად და რა ფორმით მოხდება ქვეყნის მთავარი აეროპორტის პროექტის განხორციელება - აშენდება ახალი აეროპორტი ვაზიანში, თუ გაფართოვდება არსებული აეროპორტი. ჩვენი მიზანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო აეროპორტი, რომელიც იქნება ასევე ტრანზიტურ-ლოგისტიკური ცენტრი მაღალი დონის სამგზავრო თუ სატვირთო ტერმინალებით და უპასუხებს იმ საავიაციო ტენდენციებს და მგზავრთა მოთხოვნებს, რაც იქნება მომდევნო ათწლეულების განმავლობაში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.  

ვაზიანის პოლიგონზე საარტილერიო სწავლება გაიმართა

ვაზიანის სასროლეთზე, მე-5 საარტილერიო ბრიგადის „გრადლარი“-ს ბატარეის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დასრულდა. შესაბამის ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გეგმიური წვრთნები სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და „გრადლარი“-ს ბატარეასთან ერთად, მასში მხარდამჭერი ელემენტების სახით 53-ე უზრუნველყოფის ბატალიონი, ჰაერსაწინააღმდეგო ასეული და საბრძოლო მხარდაჭერის ბატალიონიც იყო ჩართული. „სწავლების დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ქვედანაყოფების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური გადაადგილებისა და წინასწარ განსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ოპერაცია განახორციელეს. წვრთნები ქვედანაყოფების ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. მონაწილე პირადი შემადგენლობის შეფასებას მე-5 საარტილერიო ბრიგადიდან შერჩეული დამკვირვებლები აწარმოებდნენ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.  

თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საარტილერიო სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა

ვაზიანის პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-5 საარტილერიო ბრიგადისა და მე-4 ქვეითი ბრიგადის საველე სწავლებები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამოცანაზე ორიენტირებულ საველე სწავლებაში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 51-ე და მე-4 ქვეითი ბრიგადის 44-ე საარტილერიო ბატალიონები, მხარდამჭერ ელემენტებთან ერთად მონაწილეობდნენ. ქვედანაყოფებმა, გეგმიური სწავლების ფარგლებში, რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად მიახლოებული პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს. „დასკვნით საჩვენებელ ეტაპზე, სამხედროებმა ქვედანაყოფის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის, ტაქტიკური მარშის და წინასწარგანსაზღვრული ოპერაციის რაიონში პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება განახორციელეს. სწავლება მიზნად ისახავდა ქვედანაყოფის ერთობლივი, კოორდინირებული და სინქრონიზებული მოქმედებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას. სწავლებებს აღმოსავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი როლანდ ძნელაძე, მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჩიხლაძე და მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიგა ჯინჭარაძე დაესწრნენ,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვაზიანის სასროლეთზე საარტილერიო სწავლება ჩატარდა

მე-5 საარტილერიო ბრიგადის 52-ე საარტილერიო ბატალიონმა საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანის სასროლეთზე საველე წვრთნა თავდაცვითი ოპერაციის წარმოებაზე იყო ორიენტირებული და სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. „სწავლება სამი ფაზისგან შედგებოდა. პირველი ეტაპი ბატალიონის და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ურთიერთშერწყმას დაეთმო, მეორე ეტაპი შემფასებელ-მაკონტროლებელი ჯგუფების მიერ ბატალიონის შეფასებას მოიცავდა, მესამე ეტაპი კი, საბრძოლო სროლებით დასრულდა. სწავლება მიზნად ისახავდა ბატალიონის შტაბის, საცეცხლე ქვედანაყოფების, ჰაერსაწინააღმდეგო გათვლების ერთობლივი მოქმედებების და პრაქტიკული უნარ-ჩვევების დახვეწას,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზების შემდეგ, სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება საბრძოლო სროლებით პირველად ჩატარდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო წვრთნაში თბილავიამშენის მიერ გარემონტებული სუ-25-ის, მი-24-ის ტიპისა და „მიმინოს“ ტიპის საფრენი აპარატები მონაწილეობდნენ. საავიაციო წვრთნაში მონაწილე ჯგუფების მთავარ მიზანს მოწინააღმდეგის თავმოყრის რაიონის განადგურება წარმოადგენდა. „საავიაციო სწავლებას თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოდერნიზაცია უკვე ჩაუტარდა თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მნიშვნელოვან ნაწილს და აღნიშნული პროცესი დღესაც აქტიურად გრძელდება. სსსტც „დელტასა“ და სს „თამ“ თბილავიამშენის ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი, 5 ერთეული მი-24. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატებისა და 2 ერთეული მი-8 მტვ რემონტზე. საფრენი აპარატების აღდგენა-მოდერნიზაცია ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს. პარალელურად, მფრინავები და ტექნიკური პერსონალი კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად გადამზადებას გადიან,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ვაზიანში აშენდება - კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში, კერძოდ, ვაზიანში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს უკვე დასრულდება აეროპორტის პროექტირება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი აეროპორტი იძლევა 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. „გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით, 4- 4 ნახევარი მილიონი მგზავრი. იცით, რომ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროში. მოსალოდნელია, მომავალშიც ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ. განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გადიდებას. მეორე - ახალი აეროპორტის აშენებას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი იყო, ახლის აშენების - მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე გაგვეზარდა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ეს გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, სწორედ ახალი აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები. ამის შემდგომ უკვე რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან სეროზული ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი გათვლებით, 0,2%-ული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ვაზიანში აერპორტის აშენება კობახიძის წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში დააანონსა. თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობდა, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს. მიმდინარე წლის 5 თებერვალს, თავდაცვის მინისტრობის იმჟამინდელი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებდა, რომ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ „წინაღობა არ არსებობს.“ თუმცა, როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, საკითხზე მიმდინარეობს მიზანშეწონილობის შესწავლა და გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე იქნება მიღებული. „კარგად მახსოვს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, სადაც საკომიტეტო ფორმატში განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. იქ იყვნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ვაზიანის მოდერნიზაცია. ხელსაც არ შეუშლის ჩვენი საწვრთნელი ბაზის იქ ყოფნას. მიმდინარეობს ე.წ. Feasability study [მიზანშეწონილობის შესწავლა], რომლითაც დადგინდება ყველა არსებული გარემოება და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, პოზიცია, რომელიც ექსპერტებს და თავდაცვის ძალებს აქვთ, არის ის, რომ შეფერხება და წინაღობა არ არსებობს,“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებს.

ვაზიანის პოლიგონზე საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეული ჯავშანსატანკო ბატალიონის 44-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება ჩაატარეს. საველე წვრთნები საბრძოლო სროლებით დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სწავლების მიზანს მასირებული ცეცხლის წარმოებით პირობითი მოწინააღმდეგის განადგურება წარმოადგენდა. ასეულის დონის ქვედანაყოფების ჯარისკაცებმა ტაქტიკური გადაადგილების, საფრთხეზე რეაგირებისა და პირობითი მოწინააღმდეგის განადგურების ამოცანები შეასრულეს. მსგავსი სახის სწავლებები ხელს უწყობს თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებასა და ქვედანაყოფებს შორის სინქრონიზებულ მოქმედებას.