საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისში, კერძოდ, ვაზიანში ახალი, საერთაშორისო აეროპორტი აშენდება. მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომავალ წელს უკვე დასრულდება აეროპორტის პროექტირება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი აეროპორტი იძლევა 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით.
„გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგაპროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი. დღევანდელი აეროპორტის გამტარუნარიანობა არის დაახლოებით, 4- 4 ნახევარი მილიონი მგზავრი.
იცით, რომ ძალიან დადებითი დინამიკა გვაქვს ტურიზმის სფეროში. მოსალოდნელია, მომავალშიც ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.
განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გადიდებას. მეორე - ახალი აეროპორტის აშენებას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი დაახლოებით, 900 მილიონი დოლარი იყო, ახლის აშენების - მილიარდ 260 მილიონი დოლარი.
გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი მაქსიმუმ 15 მილიონ მგზავრამდე გაგვეზარდა და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. რაც შეეხება ახალი აეროპორტის მშენებლობას, ეს გვაძლევს 19 მილიონამდე მგზავრის გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივით. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან. არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით, სწორედ ახალი აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ.
მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები. ამის შემდგომ უკვე რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი. ამ გადაწყვეტილებას ექნება ძალიან სეროზული ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი გათვლებით, 0,2%-ული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ვაზიანში აერპორტის აშენება კობახიძის წინამორბედმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ივნისში დააანონსა.
თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობდა, რომ ვაზიანის აეროპორტის მშენებლობისთვის რაიმე არსებითი პოტენციური შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს.
მიმდინარე წლის 5 თებერვალს, თავდაცვის მინისტრობის იმჟამინდელი კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებდა, რომ ვაზიანში აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და თავდაცვის ძალების პოზიციაა, რომ „წინაღობა არ არსებობს.“ თუმცა, როგორც ჩიქოვანმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა, საკითხზე მიმდინარეობს მიზანშეწონილობის შესწავლა და გადაწყვეტილება სწორედ ამის საფუძველზე იქნება მიღებული.
„კარგად მახსოვს შეხვედრა თავდაცვის მინისტრის მონაწილეობით, სადაც საკომიტეტო ფორმატში განვიხილეთ აღნიშნული საკითხი და სადაც დეტალურად იყო წარმოდგენილი თავდაცვის სამინისტროს პოზიცია. იქ იყვნენ თავდაცვის ძალების წარმომადგენლები. მათ მკაფიოდ თქვეს, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს ვაზიანის მოდერნიზაცია. ხელსაც არ შეუშლის ჩვენი საწვრთნელი ბაზის იქ ყოფნას. მიმდინარეობს ე.წ. Feasability study [მიზანშეწონილობის შესწავლა], რომლითაც დადგინდება ყველა არსებული გარემოება და ამის საფუძველზე იქნება გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, პოზიცია, რომელიც ექსპერტებს და თავდაცვის ძალებს აქვთ, არის ის, რომ შეფერხება და წინაღობა არ არსებობს,“ განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა, რომელიც ახლა თავდაცვის მინისტრის პოზიციას იკავებს.