თეგი: კინოცენტრი

ირაკლი კობახიძე: აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული“. კობახიძის თქმით, როდესაც კინოცენტრს ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადაუდგამს და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს მიანიშნებს, რომ დამოკიდებულება და პროტესტი სუბიექტურია. „კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული. ზოგადად, ქართულ კინოს გაჯანსაღება და მეტი რესურსის ჩადება სჭირდება. მინისტრის ქმედებები, ბუნებრივია, აქეთკენაა მიმართული. ყველა საკითხი უნდა გაირკვეს დისკუსიის ფორმატში და არა პროტესტის. კინოს კონტროლი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, კინოს პოლიტიკური დაკვეთებით იღებდნენ. დღეს ეს აღარ ხდება, ამიტომ, აღარ ვიცი ამ პროტესტის მიზეზი რა არის. შეიძლება, სუბიექტური მიზეზები იყოს. როდესაც ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადადგმულა და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს, თავისთავად, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესები არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მას სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერებისა“ და კინოცენტრში განვითარებული მოვლენების კავშირის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დენდროლოგიურ პარკზე მსგავსი ირონიული ფილმის კინოცენტრის დაფინანსებით გადაღება სამარცხვინოა, თუმცა ამჟამინდელ საკადრო ცვლილებებთან ამას კავშირი არ აქვს. „სალომე ჯაშის ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ის სამარცხვინოა. საკადრო ცვლილებებთან ამ ფილმის გადაღება არაფერ შუაშია, უბრალოდ ეს არის სამარცხვინო ფილმი, რომელიც კინოცენტრის დაფინანსებით რეჟისორმა გადაიღო. დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო. ეს პარკი ყველასთვის ხელმისაწვდომია და როდესაც ამაზე ასეთ ირონიულ ფილმს იღებ, ეს სამარცხვინოა, თუმცა საკადრო ცვლილებებთან ამას რა კავშირი აქვს? ეს არის რეჟისორის პასუხისმგებლობა. კინოცენტრის დაფინანსებული ფილმი შეიძლება, იყოს პოლიტიკურად სენსიტიური და კრიტიკული, მაგრამ აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზეზი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან და როცა აბსურდს აფინანსებს, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და გამართლება. აქ მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული. ეს კონკრეტული მაგალითია, რა თქმა უნდა, კრიტიკულიც შეიძლება, იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც, მაგრამ როცა აბსურდზე იღებ ფილმს, ეს რა თქმა უნდა გაუგებარია, მაგრამ ამას საკადრო გადაწყვეტილებებთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის აპრილში თბილისში ფილმის ჩვენებები, რომლებიც კინოს სახლში იყო დაგეგმილი, გაუქმდა. რეჟისორ სალომე ჯაშის აზრით, ამის მიზეზი ფილმის შინაარსი იყო. სალომე ჯაშის „მოთვინიერების“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ დენდროლოგიურ ბაღს ეხება, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაიტანეს.  რაც შეეხება კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული შეფასებები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, „პოსტ ტვ-ს“ წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.

კულტურის სამინისტრომ კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს, „უსაფუძვლო აჟიოტაჟი“ უწოდა

საქართველოს კულტურის სამინისტრო უსაფუძვლო აჟიოტაჟს უწოდებს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის (კინოცენტრში) ირგვლივ შექმნილ სურათს. სამინისტრომ ვრცელი განცხადება Facebook გვერდზე განათავსა. წულუკიანის უწყების განცხადებით, „აჟიოტაჟმა კამპანიური ხასიათი მიიღო და ემსახურება საზოგადოებისთვის მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად მიწოდებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კინოცენტრს აყენებს მნიშვნელოვან ზიანს“. განცხადების თანახმად, 2023 წლის 10 ივნისს, კინოცენტრში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც 12 ივლისს დასრულდება და სისტემის რეფორმის პირველ ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს. „არასერიოზულად გამოიყურება ზოგიერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, კინოცენტრის რეფორმა და მისი გაძლიერების პრიორიტეტი კინოს დარგში ცენზურას ისახავდეს მიზნად. მოცემულ უსაფუძვლო განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია და ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის ოფისში ქართული კინოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული ნაბიჯია, თავის მართლებას არავინ აპირებს არც ახლა და არც - მომავალში", - წერია განცხადებაში. სამინისტრო აცხადებს, რომ კინოხელოვანებთან შეხვედრების სერიას ზუსტად ისევე გამართავს, როგორც ეს მოხდა თეატრის შესახებ კანონისა და სახელოვნებო განათლების რეფორმების შემთხვევაში, როდესაც, უწყების შეფასებით, არაერთი თვის განმავლობაში, დარგის სპეციალისტების ჩართულობით შექმნილი ჯგუფები სამინისტროსთან ერთად მუშაობდნენ არაერთი საჭირბოროტო საკითხის გადასაჭრელად. „საქდოკ ფილმი" კობახიძის განცხადებას კინოს ცენზურისკენ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს ირაკლი კობახიძე: აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? „კინოს შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, საჭიროა, თავად კინოცენტრს სურდეს რეფორმა ქართული კინოს ინტერესების გათვალისწინებით, იყოს ამისათვის მზად და, საკუთარი თავით ტკბობის ნაცვლად, საკუთარი თავის ჩაყენება თანაბრად სურდეს ყველა თაობის კინოხელოვანის სამსახურში მის ხელთ არსებული ფინანსური, ბიუროკრატიული, საერთაშორისო და სხვა რესურსით. ვთვლით, რომ ტელეფონით და მეგობრობით მოგვარებული საქმეები არ არის მდგრადი სისტემა და ამგვარი სისტემის არარსებობა ზიანს აყენებს ქართულ კინოსა და შემოქმედებით თავისუფლებას", - წერია განცხადებაში. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული შეფასებები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ. რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, „პოსტ ტვ-ს“ წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.

თეა წულუკიანი: მე ვეძიებ პარტნიორებს და ასეთი უკვე ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა

კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კინოცენტრთან დაკავშირებულ პროტესტზე უპასუხა კითხვებს. წულუკიანის თქმით, რეორგანიზაცია, რომელსაც კინოს სექტორის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა, თითქმის უკვე დასრულებულია და მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს პროტესტი. კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს მთავარი ინტერესია, კინოცენტრი იყოს „თავისუფალი ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებისგან.“ თეა წულუკიანის შეფაშებით, შეცდომაა ის, რომ კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა დღის წესრიგში და რომ მის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად ცენტრი კინომწარმოებლებისთვის უფრო „მოქნილ ინსტრუმენტად“ იქცევა. „პირველი შეხვედრა მე უკვე მქონდა, მეორე შეხვედრა გვექნება მათთან, ვინც პირველი შეხვედრის შემდეგ, 12 თუ 13 ხელოვანია ასეთი, წარმოადგინა თავისი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა. უბრალოდ, ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. კითხვას საპროტესტო აქციების ფონზე თუ არსებობს რეორგანიზაციით უკმაყოფილო ადამიანებთან კონსენსუსის მიღწევის სივრცე. თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ის კონსენსუსს არც საჭიროებს. „მე არ ვეძიებ კონსენსუსს, მე ვეძიებ პარტნიორობას და ასეთი პარტნიორები ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა. ჩვენს სისტემაში პოლიტიკა, როგორც პროფესია, მინისტრის და მისი მოადგილეების გარდა, არავისი საქმე არ არის", - განაცხადა კულტურის მინისტრმა. მანვე აღნიშნა, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციებში მონაწილე ადამიანები „მთლიანობაში უმცირესობას“ წარმოადგენენ. „კინოს დარგში კინოცენტრის მეშვეობით ეფექტურად ვერ ვუწყობთ ხელს ყველა იმას, ვინც ხელშეწყობას საჭიროებს მრავალი წელია. ზოგი იღებს, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე უნდა იღებდეს. მეფობს ნეპოტიზმი, მეფობს გაუმჭვირვალე საკონკურსო პროცედურები. არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია და არაერთ მათგანს მოუთბია ხელი ამ ნეპოტიზმით და მიუღიათ ის დაფინანსება, რაც სხვას წაართვეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა. ცნობისთვის, სამინისტრომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც ამ სფეროს წარმომადგენლები თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ და პროტესტს გამოხატავენ.  

კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ

კინემატოგრაფისტები კინოცენტრის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას ბოიკოტს უცხადებენ და ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად მონაწილეობას აღარ მიიღებენ „მიტაცებული კინოცენტრის გამოცხადებულ კონკურსებსა და პროექტებში.“ კინემატოგრაფისტების სახელით გავრცელებულ განცხადებას, ამჟამად 225 ხელმომწერი ჰყავს.  მათ შორის არიან შორის არიან რეჟისორები, სცენარისტები, მსახიობები ოპერატორები, კინოსტუდიების წარმომადგენლები და სხვა. „ჩვენ უარს ვამბობთ საკონკურსო კომისიების წევრობაზე, რადგან არ გვსურს, ვიქცეთ ფორმალურ თანამონაწილედ იმ პროცესისა, რომელსაც ქართული თანამედროვე კინო, კულტურა და მეცნიერება განადგურებისაკენ მიჰყავს.“ განცხადებაზე ხელმომწრები მიიჩნევენ, რომ კინოცენტრის დირექტორი უნდა იყოს არჩეული მხოლოდ გამჭვირვალე და საჯარო პროცესით. "სფეროს წარმომადგენლების მიერ და არ იყოს დანიშნული მინისტრის ერთიპროვნული გადაწყვეტილებით. მხოლოდ დემოკრატიული წესით არჩეული მმართველის პირობებში შეძლებს კინოცენტრი უზრუნველჰყოს ქართველი კინემატოგრაფისტების სიტყვის, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას. დამოუკიდებლობა კინოცენტრს! ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია!" - ნათქვამია განცხადებაში.