ირაკლი კობახიძე: აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა?

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ კინოცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული“.

კობახიძის თქმით, როდესაც კინოცენტრს ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადაუდგამს და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს მიანიშნებს, რომ დამოკიდებულება და პროტესტი სუბიექტურია.

„კინოცენტრის გარშემო რაღაც ჭარბი აჟიოტაჟია შექმნილი. ეჭვი გამიჩნდა, თავის დროზე იქ რაიმე კლანი ხომ არ იყო ჩამოყალიბებული. ზოგადად, ქართულ კინოს გაჯანსაღება და მეტი რესურსის ჩადება სჭირდება. მინისტრის ქმედებები, ბუნებრივია, აქეთკენაა მიმართული. ყველა საკითხი უნდა გაირკვეს დისკუსიის ფორმატში და არა პროტესტის.

კინოს კონტროლი ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ. გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე, კინოს პოლიტიკური დაკვეთებით იღებდნენ. დღეს ეს აღარ ხდება, ამიტომ, აღარ ვიცი ამ პროტესტის მიზეზი რა არის. შეიძლება, სუბიექტური მიზეზები იყოს. როდესაც ქართული კინოს წინააღმდეგ არცერთი არასწორი ნაბიჯი არ გადადგმულა და პროტესტი უბრალოდ სახელებისა და გვარების წინააღმდეგაა, ეს, თავისთავად, მიანიშნებს იმაზე, რომ რაღაც სუბიექტური ინტერესები არსებობს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.


მას სალომე ჯაშის ფილმის, „მოთვინიერებისა“ და კინოცენტრში განვითარებული მოვლენების კავშირის შესახებაც დაუსვეს შეკითხვა. ირაკლი კობახიძის თქმით, დენდროლოგიურ პარკზე მსგავსი ირონიული ფილმის კინოცენტრის დაფინანსებით გადაღება სამარცხვინოა, თუმცა ამჟამინდელ საკადრო ცვლილებებთან ამას კავშირი არ აქვს.

„სალომე ჯაშის ფილმზე შემიძლია გითხრათ, რომ ის სამარცხვინოა. საკადრო ცვლილებებთან ამ ფილმის გადაღება არაფერ შუაშია, უბრალოდ ეს არის სამარცხვინო ფილმი, რომელიც კინოცენტრის დაფინანსებით რეჟისორმა გადაიღო.

დენდროლოგიური პარკი არის უნიკალური, რომლის მოწყობაშიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი რესურსი ჩადო. ეს პარკი ყველასთვის ხელმისაწვდომია და როდესაც ამაზე ასეთ ირონიულ ფილმს იღებ, ეს სამარცხვინოა, თუმცა საკადრო ცვლილებებთან ამას რა კავშირი აქვს? ეს არის რეჟისორის პასუხისმგებლობა. კინოცენტრის დაფინანსებული ფილმი შეიძლება, იყოს პოლიტიკურად სენსიტიური და კრიტიკული, მაგრამ აუცილებლად სამარცხვინო ფილმები უნდა დააფინანსოს კინოცენტრმა? ვიღაცამ დააფინანსა აშკარად პოლიტიკურად გაუგებარი ფილმი, აშკარად პოლიტიკური მიზეზი იკვეთებოდა ამ ფილმის დაფინანსების უკან და როცა აბსურდს აფინანსებს, ამას ვერ ექნება ვერანაირი ახსნა და გამართლება.

აქ მთავარია, რომ სამარცხვინო შინაარსის ფილმი არ იყოს გადაღებული. ეს კონკრეტული მაგალითია, რა თქმა უნდა, კრიტიკულიც შეიძლება, იყოს ფილმი, პოლიტიკურად სენსიტიურიც, მაგრამ როცა აბსურდზე იღებ ფილმს, ეს რა თქმა უნდა გაუგებარია, მაგრამ ამას საკადრო გადაწყვეტილებებთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


ცნობისთვის, საქართველოს კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის აპრილში თბილისში ფილმის ჩვენებები, რომლებიც კინოს სახლში იყო დაგეგმილი, გაუქმდა. რეჟისორ სალომე ჯაშის აზრით, ამის მიზეზი ფილმის შინაარსი იყო. სალომე ჯაშის „მოთვინიერების“ მსოფლიო პრემიერა 2021 წლის 31 იანვარს „Sundance’’-ის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ დენდროლოგიურ ბაღს ეხება, სადაც ხეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩაიტანეს. 


რაც შეეხება კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები, რასაც წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული შეფასებები და კინოცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, რომელშიც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

რეორგანიზაციის პარალელურად, კინოცენტრში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა ფინანსისტი, კობა ხუბუნაია, რომელიც წლების განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს უწყებებებში მუშაობდა, კინოწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ კი, „პოსტ ტვ-ს“ წამყვანი, სოციოლოგი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა.