კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა კინოცენტრთან დაკავშირებულ პროტესტზე უპასუხა კითხვებს. წულუკიანის თქმით, რეორგანიზაცია, რომელსაც კინოს სექტორის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა, თითქმის უკვე დასრულებულია და მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს პროტესტი. კულტურის მინისტრი აცხადებს, რომ სამინისტროს მთავარი ინტერესია, კინოცენტრი იყოს „თავისუფალი ერთი კონკრეტული ჯგუფის ინტერესებისგან.“
თეა წულუკიანის შეფაშებით, შეცდომაა ის, რომ კინოცენტრის რეორგანიზაციის საკითხი ამ დრომდე არ დამდგარა დღის წესრიგში და რომ მის მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის შედეგად ცენტრი კინომწარმოებლებისთვის უფრო „მოქნილ ინსტრუმენტად“ იქცევა.
„პირველი შეხვედრა მე უკვე მქონდა, მეორე შეხვედრა გვექნება მათთან, ვინც პირველი შეხვედრის შემდეგ, 12 თუ 13 ხელოვანია ასეთი, წარმოადგინა თავისი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა. უბრალოდ, ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
კითხვას საპროტესტო აქციების ფონზე თუ არსებობს რეორგანიზაციით უკმაყოფილო ადამიანებთან კონსენსუსის მიღწევის სივრცე. თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ ის კონსენსუსს არც საჭიროებს.
„მე არ ვეძიებ კონსენსუსს, მე ვეძიებ პარტნიორობას და ასეთი პარტნიორები ძალიან ბევრი გვყავს, ვისაც აინტერესებს კინო და არა პოლიტიკა. ჩვენს სისტემაში პოლიტიკა, როგორც პროფესია, მინისტრის და მისი მოადგილეების გარდა, არავისი საქმე არ არის", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
მანვე აღნიშნა, რომ კინოცენტრის დამოუკიდებლობის მოთხოვნით აქციებში მონაწილე ადამიანები „მთლიანობაში უმცირესობას“ წარმოადგენენ.
„კინოს დარგში კინოცენტრის მეშვეობით ეფექტურად ვერ ვუწყობთ ხელს ყველა იმას, ვინც ხელშეწყობას საჭიროებს მრავალი წელია. ზოგი იღებს, მაგრამ ნაკლებს, ვიდრე უნდა იღებდეს. მეფობს ნეპოტიზმი, მეფობს გაუმჭვირვალე საკონკურსო პროცედურები. არაერთი პროტესტანტი ამ სისტემის ბენეფიციარია და არაერთ მათგანს მოუთბია ხელი ამ ნეპოტიზმით და მიუღიათ ის დაფინანსება, რაც სხვას წაართვეს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, სამინისტრომ კინოცენტრში რეორგანიზაცია გამოაცხადა, რასაც ამ სფეროს წარმომადგენლები თავისუფლების შეზღუდვად მიიჩნევენ და პროტესტს გამოხატავენ.