თეგი: ლიხტენშტაინი

ლიხტენშტაინი უკრაინის მიერ ინიცირებულ „ყირიმის პლატფორმას“ შეუერთდა

ლიხტენშტაინის სამთავრო  უკრაინის მიერ ინიცირებულ „ყირიმის პლატფორმას“ შეუერთდა, ამის შესახებუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიხტენშტაინი არ მონაწილეობდა ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სამიტში, მაგრამ დღეს ის შეუერთდა უკრაინის ძალისხმევას, დაიბრუნოს ყირიმი. „ჩემმა კოლეგამ ლიხტენშტაინიდან მითხრა ძალიან კარგი ამბავი - მან დღეს ოფიციალურად დაადასტურა შეხვედრაზე, რომ ლიხტენშტაინი უერთდება ყირიმის პლატფორმას", - განაცხადა კულებამ უკრაინული მედიის ცნობით. ყირიმის პლატფორმა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის დიპლომატიური ინიციატივაა. პლატფორმის პირველი სამიტი 2021 წლის 23 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობიდან 30-ე წლისთავზე შედგა.  „ყირიმის პლატფორმა“ ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, რათა გაზარდოს ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს უსაფრთხოების გამოწვევაზე რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, დაიცვას საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი და მიაღწიოს მთავარ მიზანს: ყირიმის დეოკუპაციას და ნახევარკუნძულზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას. პლატფორმა ფუნქციონირებს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების, საპარლამენტო თანამშრომლობისა და ექსპერტთა ქსელის დონეებზე.

ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია

11 ივნისს, საქართველოში ვიზიტით მყოფი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი, დომინიკ ჰასლერი, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისს ეწვია.   „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ლიხნტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელს მიაწოდეს ინფორმაცია ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარების შესახებ. ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდამჭერის მნიშვნელობაზე“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.   როგორც ცნობილია, საქართველოს 11-13 ივნისს ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში, დომინიკ ჰალსერი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლეს პირებს შეხვდება.  

საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შექმნას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას - დომინიკ ჰასლერი

მინდა აღგითქვათ, რომ ლიხტენშტაინი სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრმა, დომინიკ ჰასლერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ჩვენს ახალგაზრდა ორმხრივ მჭიდრო ურთიერთობებს. ძალიან კარგი ეკონომიკური წინაპირობები გვაქვს. რა თქმა უნდა, საქართველოსა და თავისუფალი ეკონომიკური გაერთიანების ქვეყნებს შორის არსებობს მემორანდუმი, არსებობს შეთანხმება და საქართველოს აქვს განსაკუთრებული ადგილი თავისუფალი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ამ ურთიერთობებს გავაღრმავებთ. ლიხტენშტაინს და საქართველოს აერთიანებს ძალიან ბევრი ღირებულება, ფასეულობა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში თანამშრომლობის კუთხით როგორიც არის გაერო, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ეუთო და ევროსაბჭო. სწორედ ევროსაბჭოში სამომავლოდ იქნება ჩვენი გაღრმავებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა, იმიტომ, რომ ლიხტენშტაინი ნოემბრიდან იქნება ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა. ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ჩამოსვლა, რათა უკეთ გავიცნო თქვენი ქვეყანა. ადგილზე ჩამოსვლა არის გარდაუვალი აუცილებლობა ჩვენი ორმხრივი ურთიერთგაგების კიდევ უფრო გასაძლიერებლად,“ - განაცხადა დომინიკ ჰასლერმა.    

დომინიკ ჰასლერის ვიზიტი ძლიერ იმპულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას - დარჩიაშვილი

„ლიხტენშტაინის სამთავროს საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს, რაც ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისათვის. ამასთან, ამ ვიზიტს განვიხილავთ, როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულებას ესოდენ მნიშვნელოვან პერიოდში, ისევე როგორც რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, ლიხტენშტაინის საგარეო მინისტრთან, დომინიკ ჰასლერთან, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. საქართველოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერა ნიშნავს ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივის შექმნას და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას - დომინიკ ჰასლერი მინისტრის განცხადებით, დომინიკ ჰასლერის ვიზიტი ძლიერ იმპულს მისცემს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას და ამ მხრივ არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებას, რის მყარ საფუძველსაც ქმნის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომლის წევრიც არის ლიხტენშტაინი. ილია დარჩიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროპელი პარტნიორებისათვის საქართველოს ეკონომიკური პროფილის მიმზიდველობაზეც. მისი თქმით, „საქართველო, როგორც რეგიონის სატრანსპორტო კვანძი და საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, აქტიურად მონაწილეობს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსა და ინიციატივებში, თავისი წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებასა და მწვანე, განახლებადი ენერგიის განვითარებაში“. ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობასთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიხტენშტაინელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერისთვის, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. მინისტრის თქმით, როდესაც საქმე საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ლიხტენშტაინი საქართველოს საიმედო და სანდო პარტნიორია. ამ კუთხით, მან განსაკუთრებული მადლიერება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ჩამოსვლისთანავე მოინახულა საოკუპაციო ხაზი და პირადად გაეცნო ადგილზე შექმნილ მძიმე ვითარებას. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც მკვეთრად დამძიმდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად. მან ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ის მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით. ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით განაცხადა, რომ როგორც რეგიონული, ისე ევროპული უსაფრთხოება ემყარება საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგის დაცვას და ეს არის ის ფასეულობა, რომელიც ევროპის ყველა სახელმწიფოს აერთიანებს.  

პრემიერ-მინისტრი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრ დომინიკ ჰასლერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. აღინიშნა, რომ დომინიკ ჰასლერის ვიზიტი მნიშვნელოვანი ეტაპია ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ახალ ბიძგს მისცემს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობას. "ხაზი გაესვა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით ურთიერთობებზე. აღინიშნა, რომ საქართველო არის საიმედო სატრანზიტო პარტნიორი, რომელიც მზად არის განავითაროს ძირითადი რეგიონული სატრანზიტო მარშრუტები, რომლებიც აუცილებელია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ ურთიერთკავშირების გასაძლიერებლად.შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა დომინიკ ჰასლერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ლიხტენშტაინის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.