მინდა აღგითქვათ, რომ ლიხტენშტაინი სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრმა, დომინიკ ჰასლერმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ჩვენს ახალგაზრდა ორმხრივ მჭიდრო ურთიერთობებს. ძალიან კარგი ეკონომიკური წინაპირობები გვაქვს. რა თქმა უნდა, საქართველოსა და თავისუფალი ეკონომიკური გაერთიანების ქვეყნებს შორის არსებობს მემორანდუმი, არსებობს შეთანხმება და საქართველოს აქვს განსაკუთრებული ადგილი თავისუფალი ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში. ჩვენ ამ ურთიერთობებს გავაღრმავებთ.
ლიხტენშტაინს და საქართველოს აერთიანებს ძალიან ბევრი ღირებულება, ფასეულობა საერთაშორისო და რეგიონალურ ორგანიზაციებში თანამშრომლობის კუთხით როგორიც არის გაერო, ასევე, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, ეუთო და ევროსაბჭო. სწორედ ევროსაბჭოში სამომავლოდ იქნება ჩვენი გაღრმავებული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების შესაძლებლობა, იმიტომ, რომ ლიხტენშტაინი ნოემბრიდან იქნება ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა. ჩემთვის უდიდესი პატივია აქ ჩამოსვლა, რათა უკეთ გავიცნო თქვენი ქვეყანა. ადგილზე ჩამოსვლა არის გარდაუვალი აუცილებლობა ჩვენი ორმხრივი ურთიერთგაგების კიდევ უფრო გასაძლიერებლად,“ - განაცხადა დომინიკ ჰასლერმა.