ლიხტენშტაინის სამთავრო უკრაინის მიერ ინიცირებულ „ყირიმის პლატფორმას“ შეუერთდა, ამის შესახებუკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიხტენშტაინი არ მონაწილეობდა ყირიმის პლატფორმის საინაუგურაციო სამიტში, მაგრამ დღეს ის შეუერთდა უკრაინის ძალისხმევას, დაიბრუნოს ყირიმი.
„ჩემმა კოლეგამ ლიხტენშტაინიდან მითხრა ძალიან კარგი ამბავი - მან დღეს ოფიციალურად დაადასტურა შეხვედრაზე, რომ ლიხტენშტაინი უერთდება ყირიმის პლატფორმას", - განაცხადა კულებამ უკრაინული მედიის ცნობით.
ყირიმის პლატფორმა უკრაინისა და მისი პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის დიპლომატიური ინიციატივაა. პლატფორმის პირველი სამიტი 2021 წლის 23 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობიდან 30-ე წლისთავზე შედგა.
„ყირიმის პლატფორმა“ ახალი საკონსულტაციო და საკოორდინაციო ფორმატია, რათა გაზარდოს ყირიმის ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს უსაფრთხოების გამოწვევაზე რეაგირების ეფექტიანობა; გაზარდოს საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე, დაიცვას საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლნი და მიაღწიოს მთავარ მიზანს: ყირიმის დეოკუპაციას და ნახევარკუნძულზე უკრაინის სუვერენიტეტის აღდგენას. პლატფორმა ფუნქციონირებს სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურების, საგარეო საქმეთა მინისტრების, საპარლამენტო თანამშრომლობისა და ექსპერტთა ქსელის დონეებზე.