თეგი: პროკურორი

რუსთავის სასამართლომ დავით კირკიტაძეს 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ლუაშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაპირისპირებაში მონაწილეობის საქმეზე დეპუტატ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო განუსაზღვრა. პროკურატურა დავით კირკიტაძისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მისი მოთხოვნა იყო, მოსამართლეს კირკიტაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა. ამასთან, სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძემ სიტყვით მიმართა მოსამართლეს და აღნიშნა, რომ ბრალდებას არ ეთანხმებოდა.

პროკურორი ლაშა ნაკაიძის საქმეზე: დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა

"დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა - გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს", - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ნათია ნოზაძემ განაცხადა. ლაშა ნაკაიძეს პატიმრობა შეეფარდა მისივე თქმით, დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა. „სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე. დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ." - აღნიშნა პროკურორმა. ცნობისთვის, პროკურატურამ ლაშა ნაკაიძეს ბრალდება გაუპატიურების, ოჯახში ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ნაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე. სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ „მთავარი არხის" ტელეწამყვანს, ლაშა ნაკაიძეს ბრალი წარუდგინა  

პროკურორი: ვაკის პარკის საქმეზე შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „რაც შეეხება წინასასამართლოს სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობას, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიც მოსულია, ასევე საინჟინრო-ტექნიკური, შრომის უსაფრთხოების ექსპერტიზის. აღნიშნულ დასკვნებს შესწავლისთვის გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნული მტკიცებულებები ზეგავლენას მოახდენს შემდგომში ბრალდების დამძიმების საკითხზე. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას და ბრალდების დადგენილებას, რომლებიც წარდგენილი აქვთ ბრალდებულებს, არის დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი სტანდარტი, არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, შუალედური ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები. შესაბამისად, საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებისთვის“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.  ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა. გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.