ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმის პროკურორი, არჩილ ტყეშელაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს. ამის შესახებ პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება წინასასამართლოს სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობას, საქმეზე დანიშნულია არაერთი ექსპერტიზა, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებიც მოსულია, ასევე საინჟინრო-ტექნიკური, შრომის უსაფრთხოების ექსპერტიზის.
აღნიშნულ დასკვნებს შესწავლისთვის გარკვეული დრო სჭირდება. აღნიშნული მტკიცებულებები ზეგავლენას მოახდენს შემდგომში ბრალდების დამძიმების საკითხზე. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას და ბრალდების დადგენილებას, რომლებიც წარდგენილი აქვთ ბრალდებულებს, არის დასაბუთებული ვარაუდის საკმარისი სტანდარტი, არაერთი მტკიცებულებაა, მათ შორის, შუალედური ექსპერტიზის დასკვნები, მოწმეთა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები. შესაბამისად, საკმარისი მტკიცებულებები ბრალდებისთვის“, - განაცხადა ტყეშელაშვილმა.
ცნობისთვის, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე სამართალდამცავებმა 18 ოქტომბერს 9 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს. მეორე მოზარდი კი, კლინიკიდან 16 ოქტომბერს გაეწერა. 13 წლის გოგო გარდაიცვალა.
გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.