"დანაშაულის ჩადენის მოტივი შურისძიებაა - გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული „მთავარი არხის" ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე დანაშაულს არ აღიარებს", - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ნათია ნოზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.
„სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად გაიზიარა ის გარემოება, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან პირველ რიგში, მოწმეებზე, მათ შორის, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე და ასევე დანაშაულის სიმძიმიდან, ხასიათიდან გამომდინარე, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
დაზარალებულთან დაკავშირებით დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა და ყველა იმ დაზიანებასთან დაკავშირებით, რაც დაზარალებულს სხეულზე აღენიშნება, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა გაიცემა, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი ყველა ის დაზიანება, რაც შესაძლოა დაზარალებულს სხეულზე ჰქონდეს, იქნება ეს მოტეხილობა, სილურჯე თუ ა.შ." - აღნიშნა პროკურორმა.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ნაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.