თეგი: როსნეფტი

BP რუსულ „როსნეფტში“ 20%-იან წილს თმობს

ნავთობისა და გაზის კომპანია BP რუსულ სახელმწიფო კომპანია „როსნეფტს“ ტოვებს და 20%-იან წილზე უარს აცხადებს. „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს დატოვებენ BP-ს ხელმძღვანელი ბერნარდ ლუნი და კომპანიის ყოფილი ტოპ-მენეჯერი ბობ დადლი.   „რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე აგრესიის აქტია, რომელსაც ტრაგიკული შედეგები აქვს რეგიონში. BP 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთში, არაჩვეულებრივ რუს კოლეგებთან. თუმცა ეს სამხედრო ქმედება ფუნდამენტურ ცვლილებას წარმოადგენს. ამიტომ, BP-ს სახელმწიფოს კუთვნილებაში მყოფ „როსნეფტთან“ თანამშრომლობა ვერ გაგრძელდება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.      

Reuters: „როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა

რუსულმა ნავთობტრეიდერმა „როსნეფტმა“ 6,5 მილიონი ტონა ნავთობის რეალიზაცია ვერ შეძლო, რადგან ნედლეულის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვა. ამის შესახებ Reuters 5 ტრეიდერზე დაყრდნობით წერს. „ტენდერის ჩავარდნა მიუთითებს კრემლის პრობლემებზე ნავთობით ვაჭრობის სეგმენტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. გასულ კვირას „როსნეფტი“ გაჰყვა პუტინის კვალს და ნედლეულის ფასის კონვერტაცია რუბლში მოითხოვა“, - აცხადებენ ტრეიდერები. „როსნეფტმა“ გასულ კვირას ტენდერზე გასაყიდად 6,5 მილიონი ტონა Urals, Siberian Light, Sokol და ESPO Blend-ის ნავთობი გამოიტანა და პოტენციურ შემსყიდველებს თანხის რუბლში გადახდის შესახებ აცნობა, თუმცა ნედლეულის რეალიზება ვერ შეძლო. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს. გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა. ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ. შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. ასევე წაიკითხეთ  „გაზპრომს“ ექსპორტი უმცირდება სომხეთმა რუსული გაზის რუბლით შეძენა დაიწყო ანალენა ბერბოკი: გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს ნიდერლანდები წლის ბოლოდან რუსულ გაზსა და ქვანახშირს აღარ იყიდის

გერჰარდ შრიოდერი „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ტოვებს

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა „როსნეფტში“ თანამდებობა დათმო. „შრიოდერმა რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Rosneft-ს განცხადებით აცნობა, რომ კომპანიაში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. პუტინის მეგობარი გერჰარდ შრიოდერი რუსეთთან კავშირების არშეწყვეტის გამო პრივილეგიებს კარგავს მანამდე, 19 მაისს, ევროპარლამენტმა გერჰარდ შრიოდერის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა. ამასთანავე, გერმანიის პარლამენტმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ შრიოდერი გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებულ ოფისს და პერსონალს დაკარგავს. DW წერს, რომ გერმანელმა ბიზნესმენმა და Nord Stream 2-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მატიას უორნინგმაც ანალოგიური ნაბიჯი გადადგა. შრიოდერი რუსული ენერგეტიკული კომპანია Rosneft-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 77 წლის გერჰარდ შრიოდერი გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ ოპერატორის, კომპანია Nord Stream AG-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარეც გახლავთ.

Rosneft-ის 49%-იანი წილი “პეტროკასსა” და “გალფში” ქართულმა მხარემ გამოისყიდა

“პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და კომპანიის CEO-მ ვანო ნაკაიძემ კომპანიაში რუსული ენერგოგიგანტის, Rosneft-ის მინორიტარული წილი გამოისყიდა. Rosneft-ი კომპანიაში 49%-იან წილს 2014 წლის დეკემბრიდან ფლობდა. ამის შესახებ BM.ge კომპანიის განცახდებაზე დაყრდნობით წერს. შესაბამისად, Rosneft-ი აღარც “გალფის” აქციონერთა რიგებში აღარაა. “პეტროკას ენერჯი გრუპი” 2010 წელს დაფუძნდა და ნავთობის საბითუმო და საცალო ქსელის ერთ-ერთი ლიდერია. საქართველოში მის შემადგენლობაში შედის “გალფის” ბრენდის ბენზინგასამართი ქსელი, ფოთის ნავთობტერმინალი და კომპანია “პეტროკას ფიუელ სერვისის ჯორჯია”, რომელიც საავიაციო საწვავის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია.“პეტროკასი აცხადებს ტრანზაქციის დასრულების შესახებ, რომლის შედეგადაც 2022 წლის 11 მაისიდან, კომპანიაში Rosneft-ის 49%-იანი მინორიტარული წილი “პეტროკას ენერჯი გრუპის” დამფუძნებელმა პარტნიორმა და CEO-მ ვანო ნაკაიძემ გამოისყიდა.ტრანზაქციის შედეგად, Rosneft-მა სრულად დატოვა მისი სააქციო პოზიცია “პეტროკას ენერჯი გრუპში” და შესაბამისად კომპანიის ბორდიდან მისი ორი წარმომადგენელიც გადადგა.2014 წლის დეკემბერში “პეტროკას ენერჯი გრუპმა” და Rosneft-მა დაიწყეს პარტნიორობა, რის ფარგლებშიც Rosneft-მა კომპანიის 49%-იანი წილი შეიძინა.2010 წელს დაფუძნებიდან, “პეტროკას ენერჯი გრუპი” ჩართულია ნავთობპროდუქტების ვაჭრობის, საცალო და საავიაციო საწვავის დისტრიბუციის და ლოჯისტიკის სფეროში შავი ზღვის, კასპიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის რეგიონებში,”- ნათქვამია კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.გამოქვეყნებულ განცხადებაში გარიგების ღირებულება მითითებული არაა.

მედია: გაზპრომისა და როსნეფტის თანამშრომლებს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალათ

რუსული ნავთობისა და გაზის სახელმწიფო კომპანიების ზოგიერთ თანამშრომელს საზღვარგარეთ გამგზავრება აეკრძალა, ირწმუნება რუსული მედიაგამომცემა „ვიორსტკა“ „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ წყაროებზე დაყრდნობით. პირველ შემთხვევაში საუბარია ყველა თანამშრომელზე, მეორეში - მხოლოდ ხელმძღვანელობაზე. „არაოფიციალურად აგვიკრძალეს“ გამგზავრება „თუნდაც თურქეთში“ და ეს ეხება თანამშრომლების უახლოეს ნათესავებსაც კი - მეუღლეებსა და შვილებს, - განუცხადა გამოცემას „გაზპრომის“ სანქტ-პეტერბურგის ოფისის საშუალო რგოლის მენეჯერმა. „ბევრმა უკვე იყიდა ბილეთები და დაჯავშნა სასტუმროები საახალწლო არდადეგებისთვის. მაგრამ სამკურნალოდ წასვლაც კი არ შეიძლება, რომ აღარაფერი ვთქვათ შვებულებაში. ხალხი ძალიან უკმაყოფილოა", - ციტირებს გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით.  მენეჯმენტისთვის მსგავსი აკრძალვა მოქმედებს „როსნეფტშიც“, - წერს „ვიორსტკა“, რომელიც სახელმწიფო კომპანიის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეყდრნობა. წყაროს განმარტებით, აკრძალვა ჯერჯერობით მხოლოდ მაღალ ხელმძღვანელობას ეხება. „როსნეფტმა“ და „გაზპრომმა“ ეს ბრალდებები არც დაადასტურეს და არც უარყვეს.  შეგახსენებთ, რომ ამ კვირის დასაწყისში რუსეთის ხელისუფლებამ განიხილა საზღვარგარეთიდან დისტანციური მუშაობის შესაძლო აკრძალვა „სენსიტიური“ უბნების მუშაკებისთვის. „ეს ინიციატივა, რომელიც პირდაპირ კავშირშია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან“, - წერს მედია.