Reuters: „როსნეფტმა“ ნავთობი რუბლში ვერ გაყიდა

რუსულმა ნავთობტრეიდერმა „როსნეფტმა“ 6,5 მილიონი ტონა ნავთობის რეალიზაცია ვერ შეძლო, რადგან ნედლეულის საფასურის გადახდა რუბლში მოითხოვა. ამის შესახებ Reuters 5 ტრეიდერზე დაყრდნობით წერს.

„ტენდერის ჩავარდნა მიუთითებს კრემლის პრობლემებზე ნავთობით ვაჭრობის სეგმენტში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დასავლეთის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების გამო. გასულ კვირას „როსნეფტი“ გაჰყვა პუტინის კვალს და ნედლეულის ფასის კონვერტაცია რუბლში მოითხოვა“, - აცხადებენ ტრეიდერები.

„როსნეფტმა“ გასულ კვირას ტენდერზე გასაყიდად 6,5 მილიონი ტონა Urals, Siberian Light, Sokol და ESPO Blend-ის ნავთობი გამოიტანა და პოტენციურ შემსყიდველებს თანხის რუბლში გადახდის შესახებ აცნობა, თუმცა ნედლეულის რეალიზება ვერ შეძლო.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ევროკავშირი დათანხმდა რუსული ნახშირის აკრძალვას და ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა რუსული გაზის გამოყენებაზე. ავსტრალიამ, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მ რუსული ნავთობის შესყიდვა სრულად აკრძალეს.

გერმანია ზაფხულის დადგომამდე რუსული ნავთობის იმპორტს გაანახევრებს, წლის ბოლომდე კი ნულამდე დაიყვანს, შემდეგ კი იგივე შეეხება გაზსაც, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა რიგაში ვიზიტისას განაცხადა.

ევროკავშირი რუსეთის ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს საკითხს განიხილავს. ამ დროისთვის ემბარგო ვრცელდება რუსულ ქვანახშირზე. ამ ნედლეულის ევროკავშირის ბაზარზე შეტანა 2022 წლის აგვისტოდან იკრძალება. გერმანია ეკონომიკის რეცესიის შიშით, რაიმე ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ფრთხილობს. 11 აპრილს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა, რუსული გაზის საფასური ევროში გადაიხადოს, რომელიც შემდეგ რუბლებში დაკონვერტირდება. 23 მარტს, პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

15 აპრილს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი რუსულ ენერგიაზე ემბარგოს მცდელობის დაბლოკვაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ფულს სხვა ადამიანების სისხლის ხარჯზე გამოიმუშავებენ.


შეგახსენებთ, 31 მარტს, რუსეთის პრეზიდენტმა „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.


ასევე წაიკითხეთ