თეგი: საკრებულო

საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერად, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის იდენტური მიმართვა გაავრცელეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი მიმართვა გაავრცელეს. მიმართვის ტექსტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის იდენტურია. „ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს, გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა. გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. დღეს, უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“. ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.

მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა

მინისტრის საათის ფორმატში დღეს საკანონმდებლო ორგანოს ფინანსთა მინისტრი ეწვევა. ლაშა ხუციშვილი კანონმდებლებს უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს. მინისტრის მოსმენას საპარლამენტო ოპოზიციაც დაესწრება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მთავარი კითხვები მათ ინფლაციასა და სესხებთან დაკავშირებით ექნებათ.​

საკრებულოში, კახა კალაძის წლიური ანგარიშის წარადგინისას ხმაური იყო

თბილისის საკრებულოში, სადაც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ წლიური ანგარიში უნდა წარადგინოს, ხმაური იყო. სამოქალაქო აქტივისტებმა საკრებულოს სხდომაზე ბანერი წარწერით „კორუფცია კლავს" მიიტანეს, რომლის გაშლის შესაძლებლობაც ადგილზე მყოფებმა არ მისცეს. ცნობისთვის, თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ანგარიშს უსმენენ და მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.  

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებენ

„ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა. ნადირაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ეძგვერაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა. მისივე თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დღეს საკრებულოს სხდომაზე პროტესტის ნიშნად არ შევა. „ჩვენს კოლეგას, საკრებულოს დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს 40-ზე მეტი ადამიანი დაესხა ჯგუფურად თავს და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არაერთი ვიდეო მტკიცებულება და ფაქტი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანია დასჯილი. ის ათეულობით დამნაშავე, ბანდიტი, ჯერ კიდევ დაუსჯელია. “ქართულ ოცნებას” ჰქონდა და აქვს კიდევ მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადაეყვანა თითქოს და იყო პირადი ანგარიშსწორება და დაპირისპირება, თუმცა ამ ვიდეომტკიცებულებებში ცალსახად ჩანს, რომ ეს იყო პოლიტიკური დაპირისპირება და შურისძიება ირაკლი ეძგვერაძის საქმიანობის გამო, რომელიც ამ ადამიანს უკავშირდება 2020 წლის არჩევნებიდან მოყოლებული. კერძოდ, ვგულისხმობ კახი კალაძის გლდანში დამარცხებას. შემდგომ უკვე საკრებულოში ამ ადამიანის აქტიურობამ მიიყვანა ეს ხალხი, ეს ბანდიტები ამ მდგომარეობამდე, რომ ჯგუფურად გასწორებოდნენ. დღეს ბოიკოტის ნიშნად “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საკრებულოს სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამით კიდევ ერთხელ გვინდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილია ავტოკრატიული რეჟიმი, რომელსაც შეუძლია მათ შორის საკრებულოს დეპუტატებზე იძალადოს, როგორც ძალადობს ქუჩაში ყოველდღიურად ჩვენს მოქალაქეებზე”, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.  

რუსთავის მერი: ოპოზიციურმა კოალიციამ მოღვაწეობის 2 წლის თავზე მაინც დაიწყოს მოვალეობის შესრულება, იძულებულნი გავხდით, სასამართლოსთვის მიგვემართა

რუსთავის მერიამ, საკრებულოს ოპოზიური პარტიების ქმედებებთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რუსთავის მერიის ინფორმაციით, უწყებამ ქალაქის სასამართლოში სარჩელი 27 ოქტომბერს შეიტანა. ლაცაბიძის თქმით, არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს. „ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი საკრებულო, ფუნქციონირებას შეუდგა, რუსთავის მერია, ქალაქის განვითარებისთვის საჭირო პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პარალელურად, სისტემატურად იბრძვის იმისთვის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები, მავნებლური უმოქმედობის რეჟიმიდან გამოიყვანოს და საკრებულოს თავისი ფუნქცია დაუბრუნოს. რუსთაველები კარგად ხედავენ, საქართველოს მთავრობის თანადგომით, რამდენი ახალი პროექტი ხორციელდება ქალაქში. ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს ვგეგმავთ მომავალი წლისთვისაც და ამ ფონზე, ვიწრო პოლიტიკურ მიზნებს გადაყოლილი, ფუნქციადაკარგული საკრებულო, სერიოზულ ზიანს მოუტანს ქალაქს. რუსთავის მერიის ორწლიან მცდელობებს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია ,,საქართველოსთვის“ წევრებს, დეპუტატების ფუნქცია შეესრულებინათ და ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განეხილათ, შედეგი არ მოჰყვა. არაერთი წერილობითი თხოვნის, ოფიციალური მიმართვის, თუ საჯარო განცხადების მიუხედავად, რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა, მავნებლური უმოქმედობის პოლიტიკას დღემდე აგრძელებს,“ - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. ქალაქის მერმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ საკრებულოს ოპოზიციური პარტიები, უხეშად არღვევენ რეგლამენტს, სხდომაზე განსახილველად არ გააქვთ და უკან დასაბუთების გარეშე აბრუნებენ მერიიდან გადაგზავნილ უმნიშვნელოვანეს საკითხებს. „რუსთავის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი - „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტია „საქართველოსთვის“ კოალიცია, საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევით აფერხებს, თვეობით აჩერებს, კომისიებიდან სხდომაზე არ გააქვს, არ იხილავს და დაუსაბუთებლად უკან აბრუნებს მერიიდან გადაგზავნილ, ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. ამ ქმედებით, ერთის მხრივ ფერხდება ქალაქის განვითარება, ზარალდება რუსთავის მოსახლეობა და ხელი ეშლება მერიის საქმიანობას, მეორეს მხრივ, კი საკრებულო კარგავს კანონით მინიჭებულ ფუნქციას,“ - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე. ლაცაბიძის თქმით, რუსთავის მერიამ, ამის თაობაზე წერილობით არაერთხელ მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს და შესაბამისი ზომების გატარება მოსთხოვა მას. „ჩვენ წერილობით არაერთხელ მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს და მოვთხოვეთ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, რათა საკრებულოს საქმიანობის ის მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა და წესად აქცია, დასრულებულიყო, თუმცა, უშედეგოდ. რუსთაველების ინტერესების დასაცავად და იმისთვის, რომ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციურმა კოალიციამ მოღვაწეობის 2 წლის თავზე მაინც დაიწყოს საკუთარი მოვალეობის შესრულება, იძულებულნი გავხდით, სასამართლოსთვის მიგვემართა. როცა ქალაქში რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ხელოვნურად ფერხდება, როცა რუსთაველების ინტერესები ილახება და ქალაქის განვითარებას გამიზნულად ეშლება ხელი, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კანონიერი ბერკეტი ავამოქმედოთ და ეს უპრეცედენტო მავნებლობა დავასრულოთ,“ - განაცხადა რუსთავის მერმა. თავის მხრივ, საკრებულოს თავჯდომარის განცხადებით, საკრებულო ყოველჯერზე ცხდილობ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღოს, რომელიც მოქალაქეები ინტერესებზეა მორგებული. „მე ვთვლი რომ კანონი არ დამირღვევია. რაც შეეხება სასამართლოსა და პროკურატურა, თვე არ გავა, რომ არ მიჩივლონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა,” - განაცხადა ნოდარ შეროზიამ.