საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერად, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის იდენტური მიმართვა გაავრცელეს

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა უკრაინის მხარდასაჭერი მიმართვა გაავრცელეს. მიმართვის ტექსტი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული რეზოლუციის ტექსტის იდენტურია.

„ძვირფასო კოლეგებო, ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებს, გვსურს სრული მხარდაჭერა გამოვხატოთ ჩვენი მეგობარი ქალაქის კიევის და ჩვენი მეგობარი უკრაინელი ხალხის მიმართ.

ჩვენ ერთგულები ვართ საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმების, მათ შორის, რა თქმა უნდა, საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებისა.

გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას უკრაინის გარშემო მიმდინარე მოვლენების გამო, რაც ახალი საფრთხის რისკებს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ვგმობთ ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული.

აქვე ვაცხადებთ, რომ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. დღეს, უკრაინაში შესაძლო ომის არდაშვება უნდა იყოს თითოეული ჩვენგანის და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი.

სოლიდარობას ვუცხადებთ მეგობარ უკრაინელ ხალხს და ქალაქ კიევის რადას“, - ნათქვამია თბილისის საკრებულოს უმრავლესობის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ რეზოლუციის პროქტში, რომელიც 26 იანვარს შეიმუშავეს, ნათქვამია, რომ „პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“.

ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია; საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ტექსტის შინაარსი რადიკალურად შეიცვალა და მას მხარს არ უჭერენ. ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ტექსტში რუსეთი არ არის ნახსენები. „ქარული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.