თეგი: სენაკი

პ​ირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

პ​ირველ ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ინფორმაციით, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება. „შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. დღესვე ცესკომ არჩევნებისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა. ასევე განსაზღვრა არჩევნებთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროცედურა. მათ შორის გამოცხადდა კონკურსი №64 სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები, ვადები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ შუალედური არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატების გამოყენებით. უზრუნველყოფილი იქნება ხმის დათვლის პროცესის აუდიოვიდეოფიქსაცია. საარჩევნო უბნებზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები სენაკის საკრებულოს გამოკლებული წევრის ასარჩევად ტარდება. ვახტანგ წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადამდე, 31 მაისს შეუწყდა“, – აცხადებენ ცესკო-ში.  

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" სენაკში ცესკოს მიერ დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2022 წლის 14 აგვისტოს, საია-მ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და გაასაჩივრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულება, რომლითაც საარჩევნო ადმინისტრაციამ სენაკის მუნიციპალიტეტის 64.04 მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები დანიშნა.[1] საია ცესკოს განკარგულების ბათილობას ითხოვს. სასამართლო სხდომა 15 აგვისტოს, 16:00 საათზე გაიმართება. „გასაჩივრებულ განკარგულებაში ცესკო-მ არჩევნების დანიშვნის საფუძვლად მიუთითა ის ფაქტი, რომ საკრებულოს მაჟორიტარ წევრს, ვახტანგ წურწუმიას (პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) 2022 წლის 31 მაისიდან შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე. საია მიიჩნევს, რომ სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, ვინაიდან ეს საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის უპირობო საფუძველი და შესაბამისად, მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ ის ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება.[2] საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არის მუნიციპალიტეტში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების საფუძველი,[3] რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.[4] პირდაპირ სახელმწიფო მმართველობას ამ შემთხვევაში განახორციელებს მუნიციპალიტეტის მერი”, - ნათქვამია ინფორმაციაში. ინფორმაცია დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე.  

სენაკში, „სორტას“ საწვრთნელ ბანაკში რეზერვისტებმა ფიცი დადეს

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეათე კადრირებული ბრიგადის 101-ე, 102-ე და 103-ე ბატალიონების რეზერვისტებმა „სორტას“ საწვრთნელ ბანაკში სამხედრო ფიცი დადეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეზერვისტებს საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, რომან ჯოხაძემ რეზერვში ჩარიცხვა მიულოცა და ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა. "ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დამსაქმებლები დაესწრნენ. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა რეზერვისტებს, დამსაქმებლებს და მერიის წარმომადგენლებს სიგელები და სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ 101-ე კადრირებული ბატალიონის დაზვერვის ოცეულმა საჩვენებელი ტაქტიკური დავალება განახორციელა. რეზერვისტების ინტენსიური საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს და თანაბრად ნაწილდება 12 თვეზე. მომზადების კურსის მთავარი მიზანია რეზერვისტებისთვის ქვედანაყოფის საველე შეკრებებზე რეალური საბრძოლო უნარების შესწავლა. ტერიტორიული რეზერვის გავლის პერიოდში რეზერვისტები უზრუნველყოფილნი იქნებიან სოციალური და სამართლებრივი დაცვით. სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სამხედრო სავალდებულო სამსახური გავლილად ეთვლებათ. რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სენაკის შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების 96,68% მიიღო -ცესკო

სენაკის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, წინასწარი პირველადი შედეგებით, ხმების 3,32 პროცენტი მიიღო მამუკა ტუსკაძემ („მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“), 96,68 პროცენტი კი – ზაზა ყურაშვილმა („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“). ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე პირველადი შედეგები მედიას, ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გააცნო. „შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე საპილოტე რეჟიმში გამოყენებული იყო  ელექტრონული ტექნოლოგიები - ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ პირველად იყო გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რის შედეგადაც ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლო მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. ახალმა ტექნოლოგიებმა ამომრჩევლების მოწონება დაიმსახურა. საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით  ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა კი აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე. კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. გვინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის. ასევე მადლობას ვუხდით ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებს და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.  

სენაკში, ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დილის საათებში, სენაკის სოფელ თეკლათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.  

სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს

სენაკში სამშენებლო მასალების მაღაზია დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და 30 000 ლარამდე თანხა წაიღეს.  შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. შსს-ს მოხდარის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.