სენაკის №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე, წინასწარი პირველადი შედეგებით, ხმების 3,32 პროცენტი მიიღო მამუკა ტუსკაძემ („მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“), 96,68 პროცენტი კი – ზაზა ყურაშვილმა („ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“).
ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე პირველადი შედეგები მედიას, ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა გააცნო.
„შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე საპილოტე რეჟიმში გამოყენებული იყო ელექტრონული ტექნოლოგიები - ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ პირველად იყო გამოყენებული სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატები, რის შედეგადაც ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლო მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა.
ახალმა ტექნოლოგიებმა ამომრჩევლების მოწონება დაიმსახურა. საარჩევნო უბნებზე ახლა მიმდინარეობს ტრადიციული მეთოდით ხმის დათვლის პროცესი და ამ პროცესის ვიდეოგადაღება. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი გადაეცემა სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიას, დასკანერდება და უმოკლეს ვადაში მოეწოდება ცესკოს, რის შემდეგაც აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge. ხმის დათვლის პროცესის ამსახველი ვიდეომასალა კი აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე.
კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. გვინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს აქტიურობისათვის. ასევე მადლობას ვუხდით ყველა დონის საარჩევნო კომისიების წევრებს და თანამშრომლებს კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.