თეგი: სენატორები

CNN: ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატორებთან ვირტუალურ შეხვედრას გამართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 5 მარტს ვირტუალურ შეხვედრას გამართავს აშშ-ის სენატორებთან, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, აშშ-ის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა შეხვედრაში მონაწილეობის მიწვევა მიიღეს.  ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: NATO-ს ქვეყნებმა თავად შექმნეს ნარატივი, რომ თითქოს, უკრაინის ცის დახურვა გამოიწვევს რუსეთის პირდაპირ აგრესიას NATO-ს წინააღმდეგ  

სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის MIG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხზე აკრიტიკებენ

„დემოკრატი“ და რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხზე დაუყოვნებლივ არ იმოქმედა“. „გაუგებარია, შუა გზაში რატომ ვდგავართ", - განუცხადა CNN-ს დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა. რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ საკითხის გარშემო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი პრეზიდენტმა უნდა იკისროს. „ხელისუფლების პირველი შტო ამასთან დაკავშირებით, თითქმის ერთსულოვანია. არ ვიცი, აქ ვინ არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ მეორე შტოში დაყოფა შემაშფოთებელია. ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქმეა. მან ნაბიჯი უნდა გადადგას და საკითხის ირგვლივ გააერთიანოს“, – განაცხადა სენატორმა რიშმა CNN-თან. მან პენტაგონის პოზიციას, რომ თვითმფრინავების გადაცემა ესკალაციას გამოიწვევდა, აბსურდი უწოდა. „ვართმევთ იახტებს, ვილებს, უკრაინელებს ყველა იმ იარაღს, რაც შეგვიძლია რომ მივცეთ. სისულელეა იმის თქმა, რომ ეს მათ გააღიზიანებთ“, – განაცხადა რიშმა. თავის მხრივ, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რობ პორტმანმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ უნდა წყვეტდეს, თუ როგორი იქნება უკრაინის სამხედრო სტრატეგია. „ადმინისტრაციამ უბრალოდ გვითხრა, რომ ფიქრობენ, უკრაინას სხვა რაღაცები უფრო მეტად სჭირდება, რაც ბრძოლის ველზე უფრო ეფექტიანი იქნება. თეორიულად, ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა წყვეტს, რა სამხედრო სტრატეგია უნდა ჰქონდეს უკრაინას. უკრაინას სურს თვითმფრინავები. მათ მიიღეს გადაწყვეტილება".  აშშ ამ ეტაპზე უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას მხარს არ უჭერს. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ 10 მარტს განაცხადა, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ აშშ მხარს არ უჭერს ამ ეტაპზე MiG-29-ის გადაცემას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის. „თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის საჰაერო ძალებისთვის დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემას“, - განაცხადა ჯონ კირბიმ. ჯონ კირბის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალება იარაღისა და თავდაცვის სისტემების მიწოდებაა, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რუსული აგრესიის დასამარცხებლად. კერძოდ, კირბიმ იგულისხმა ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. ასევე, პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, დაზვერვის შეფასების მიხედვით, MiG-29-ის უკრაინაში გადაცემა შეიძლება, შეცდომით ჩაითვალოს ესკალაციად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მნიშვნელოვანი რეაქცია და NATO-სთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივები გაზარდოს. ამავე თემაზე პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს

სენატორები: ელჩზე თავდასხმები უნდა შეწყდეს და პოლარიზაციის დასამთავრებალდ კეთილსინდისიერი დიალოგი გაიმართოს

შეერთებული შტატების სენატში ამერიკის ელჩ კელი დეგნანის წინააღმდეგ და ზოგადად, ბოლო დროს მიმდინარე ანტი-ამერიკულ კამპანიას სენატში ორივე პარტიის წარმომადგენელი სენატორები გამოეხმაურნენ. სენატორმა ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ ელჩ დეგნანზე და საელჩოს მთელ გუნდზე თავდასხმები უნდა შეწყდეს. სენატორი ასევე იმედგაცრუებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ დაპირისპრების და უნდობლობის კამპანიას მედია სივრცეში დიდი დრო და ძალისხმევა ეთმობა, რაც საქართველოში პოლარიზაციას აღრმავებს. ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ წერს. „იმედგამაცრუელებლია იმის მოსმენა, რომ პოლიტიკურად დატვირთული ასეთი რიტორიკა ქართულ მედიაში ამდენ დროს იკავებს. ელჩმა დეგნანმა და ჩვენმა გუნდმა აშშ-ის საელჩოში არაერთხელ გამოხატეს შეერთებული შტატების მხარდაჭერა ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ, რომ მათი მომავალი ტრანსატლანტიკური საზოგადოებისა და ევროკავშირში იყოს. ეს თავდასხმები ელჩ დეგნანზე, ამერიკის საელჩოზე და ევროკავშირის ყოფილ ელჩ კარლ ჰარცელზე, სრულიად შეუსაბამოა და ისინი უნდა შეწყდეს“, - განაცხადა სენატორმა რიშმა „ამერიკის ხმასთან“. რესპუბლიკელი სენატორის თქმით, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოება კეთილსინდისიერი დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას, რომლის მიზანიც საქართველოში პოლარიზაციის დამთავრება უნდა იყოს.  „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური უთანხმოება საქართველოში მედიაში საჯაროდ მიმდინარეობს. ამ ტიპის პოლიტიკური უთანხმოება შეიძლება მოგვარდეს მხოლოდ კეთილსინდისიერი დიალოგით და არა მაპროვოცირებელი საჯარო რიტორიკით. ყველა მხარე უნდა დააკვირდეს საკუთარ განსხვავებულ პოზიციებს და იპოვოს საერთო საფუძველი რეალური პროგრესის მისაღწევად. მიზანმიმართული პოლიტიკური პოლარიზაცია ემუქრება ქართულ საზოგადოებას და მე სულ უფრო მეტად მაწუხებს საქართველოს მომავალი, თუ ის ამ დილემის გადალახვას ვერ შეძლებს“. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ანტი-ამერიკულ კამპანიას პრო-რუსულ ძალებს უკავშირებს და აცხადებს, რომ დეზინფორმაცია და გავლენის სხვა ოპერაციები, რუსული სახელმძღვანელოთი წარმოებული უკვე გამოცდილი მეთოდია. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის წევრები უნდა იყვნენ ის წამყვანი ძალა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთბებში უნდობლობის დათესვის მცდელობებს შეეწინააღმდეგება. „სამწუხაროდ, ჩვენ ადრეც გვინახავს ამ ტიპის ტაქტიკა, რაც მიუთითებს რუსეთის მტკიცე ნებაზე, გაავრცელოს თავისი მავნე გავლენა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და კონკრეტულად ხელი შეუშალოს საქართველოს საკუთარი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში. მე მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს, მტკიცედ შეეწინააღმდეგონ ამ საშიში დეზინფორმაციის გავრცელებას მათ მიერ, ვისაც სურს საქართველოში დემოკრატიის და მასთან ერთად, ქართველი ხალხის უფრო სამართლიანი და თანასწორი მომავლის შექმნის ჩავარდნა. ეს არის იგივე არაორიგინალური მეთოდები სახელმძღვანელოდან, რომელსაც პუტინი ხშირად იყენებს. საქართველოს კანონმდებლებმა უნდა შეასრულონ წამყვანი როლი უთანხმოების და უნდობლობის დათესვის მცდელობებთან ბრძოლაში. შეერთებული შტატები რჩება ჩვენი დემოკრატიული პარტნიორების მხარდაჭერის ერთგული, რათა საქართველომ ეს კურსი შეინარჩუნოს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

სენატორები: რუსეთ-ბელორუსის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება, NATO-ზე თავდასხმად უნდა შეფასდეს

რუსეთის მიერ ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შემდეგ, აშშ-ის სენატს წარედგინა ორპარტიული რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად, რუსეთის, ან ბელორუსის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება NATO-ზე თავდასხმად უნდა შეფასდეს. რეზოლუციის პროექტის ავტორების, რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა მის საზღვრებს გარეთ ბირთვული იარაღი პირველად განათავსა, რაც უკრაინაში ომის ფონზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინას, NATO-ს წევრ ქვეყნებს და გლობალურ უსაფრთხოებას. რუსეთის, ბელორუსის, ან მათ მიერ მართული ძალების მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ან ბირთვული ობიექტის განადგურება, რაც NATO-ს ტერიტორიაზე რადიოაქტიურ დაბინძურებას გამოიწვევს, უნდა განიხილებოდეს ალიანსზე თავდასხმად და მას პასუხი უნდა გაეცეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად. ეს მუხლი კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.  სენატორ გრემის განცხადებით, პუტინის რუსეთს ნათლად უნდა გააგებინონ, რა მოხდება ბირთვული იარაღის გამოყენებს შემთხვევაში. ლინდსი გრემი ამბობს, რომ მათი გზავნილი მიმართულია პუტინის გარემოცვისადმიც, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ თუ მის შესაძლო ბრძანებას შეასრულებენ, NATO-სთან ომი მოუწევთ. სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, რეზოლუციის მიზანია ვლადიმირ პუტინს და მის სამხედროებს გაეგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების, ან ატომური ელექტროსადგურის დანგრევის შემთხვევაში, მათ NATO-ს ძალები გაანადგურებენ და რომ პუტინის გენერლები ამ გზავნილს სერიოზულად უნდა მიუდგნენ. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელორუსის „თხოვნით“, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი.16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ პირველი ბირთვული ქობინები უკვე ბელორუსშია და რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდებოდა.