სენატორები: რუსეთ-ბელორუსის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება, NATO-ზე თავდასხმად უნდა შეფასდეს

რუსეთის მიერ ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების შემდეგ, აშშ-ის სენატს წარედგინა ორპარტიული რეზოლუციის პროექტი, რომლის თანახმად, რუსეთის, ან ბელორუსის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება NATO-ზე თავდასხმად უნდა შეფასდეს.

რეზოლუციის პროექტის ავტორების, რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორის, რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რუსეთმა მის საზღვრებს გარეთ ბირთვული იარაღი პირველად განათავსა, რაც უკრაინაში ომის ფონზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის უკრაინას, NATO-ს წევრ ქვეყნებს და გლობალურ უსაფრთხოებას.

რუსეთის, ბელორუსის, ან მათ მიერ მართული ძალების მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება, ან ბირთვული ობიექტის განადგურება, რაც NATO-ს ტერიტორიაზე რადიოაქტიურ დაბინძურებას გამოიწვევს, უნდა განიხილებოდეს ალიანსზე თავდასხმად და მას პასუხი უნდა გაეცეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად. ეს მუხლი კოლექტიურ თავდაცვას ითვალისწინებს, - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში. 


სენატორ გრემის განცხადებით, პუტინის რუსეთს ნათლად უნდა გააგებინონ, რა მოხდება ბირთვული იარაღის გამოყენებს შემთხვევაში. ლინდსი გრემი ამბობს, რომ მათი გზავნილი მიმართულია პუტინის გარემოცვისადმიც, რომელმაც უნდა იცოდეს, რომ თუ მის შესაძლო ბრძანებას შეასრულებენ, NATO-სთან ომი მოუწევთ.

სენატორ რიჩარდ ბლუმენტალის განცხადებით, რეზოლუციის მიზანია ვლადიმირ პუტინს და მის სამხედროებს გაეგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების, ან ატომური ელექტროსადგურის დანგრევის შემთხვევაში, მათ NATO-ს ძალები გაანადგურებენ და რომ პუტინის გენერლები ამ გზავნილს სერიოზულად უნდა მიუდგნენ.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა პირველად 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელორუსის „თხოვნით“, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი.
16 ივნისს, პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ პირველი ბირთვული ქობინები უკვე ბელორუსშია და რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების პროცესი წლის ბოლომდე დასრულდებოდა.