სენატორები ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინისთვის MIG-29 ტიპის ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხზე აკრიტიკებენ

„დემოკრატი“ და რესპუბლიკელი სენატორები აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ „უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების მიწოდების საკითხზე დაუყოვნებლივ არ იმოქმედა“.

„გაუგებარია, შუა გზაში რატომ ვდგავართ", - განუცხადა CNN-ს დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში მიიჩნევს, რომ საკითხის გარშემო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბებაში მთავარი როლი პრეზიდენტმა უნდა იკისროს.


„ხელისუფლების პირველი შტო ამასთან დაკავშირებით, თითქმის ერთსულოვანია. არ ვიცი, აქ ვინ არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ მეორე შტოში დაყოფა შემაშფოთებელია. ეს შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქმეა. მან ნაბიჯი უნდა გადადგას და საკითხის ირგვლივ გააერთიანოს“, – განაცხადა სენატორმა რიშმა CNN-თან.

მან პენტაგონის პოზიციას, რომ თვითმფრინავების გადაცემა ესკალაციას გამოიწვევდა, აბსურდი უწოდა.

„ვართმევთ იახტებს, ვილებს, უკრაინელებს ყველა იმ იარაღს, რაც შეგვიძლია რომ მივცეთ. სისულელეა იმის თქმა, რომ ეს მათ გააღიზიანებთ“, – განაცხადა რიშმა.

თავის მხრივ, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, რობ პორტმანმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არ უნდა წყვეტდეს, თუ როგორი იქნება უკრაინის სამხედრო სტრატეგია.

  • „ადმინისტრაციამ უბრალოდ გვითხრა, რომ ფიქრობენ, უკრაინას სხვა რაღაცები უფრო მეტად სჭირდება, რაც ბრძოლის ველზე უფრო ეფექტიანი იქნება. თეორიულად, ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა წყვეტს, რა სამხედრო სტრატეგია უნდა ჰქონდეს უკრაინას. უკრაინას სურს თვითმფრინავები. მათ მიიღეს გადაწყვეტილება".

 აშშ ამ ეტაპზე უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას მხარს არ უჭერს. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ 10 მარტს განაცხადა, რომ

თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ აშშ მხარს არ უჭერს ამ ეტაპზე MiG-29-ის გადაცემას უკრაინის საჰაერო ძალებისთვის.

„თავდაცვის მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვუჭერთ მხარს უკრაინის საჰაერო ძალებისთვის დამატებითი გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემას“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

ჯონ კირბის თქმით, აშშ მიიჩნევს, რომ უკრაინის მხარდაჭერის საუკეთესო საშუალება იარაღისა და თავდაცვის სისტემების მიწოდებაა, რომელიც მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ რუსული აგრესიის დასამარცხებლად. კერძოდ, კირბიმ იგულისხმა ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები.

ასევე, პენტაგონის წარმომადგენლის განცხადებით, დაზვერვის შეფასების მიხედვით, MiG-29-ის უკრაინაში გადაცემა შეიძლება, შეცდომით ჩაითვალოს ესკალაციად, რამაც შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის მნიშვნელოვანი რეაქცია და NATO-სთან სამხედრო ესკალაციის პერსპექტივები გაზარდოს.


ამავე თემაზე

პოლონეთი მზადაა, თავისი MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავი აშშ-ს გადასცეს

ავიაგამანადგურებლების შესახებ პოლონეთის წინადადებას პენტაგონში დაუსაბუთებელი უწოდეს