თეგი: ჩერნობილი

უკრაინა ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის საკონტროლო დონის მომატების შესახებ იუწყება

უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექცია ჩერნობილის დახურულ ზონაში რადიაციის საკონტროლო დონის მომატების შესახებ იუწყება. რადიაციის მზარდი დონე დაფიქსირდა „დაკვირვების წერტილების მნიშვნელოვან რაოდენობაზე“.  ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამჟამად შეუძლებელია რადიაციული ფონის ცვლილების მიზეზების დადგენა, რადგან ეს ტერიტორია რუსული სამხედროების მიერ ოკუპირებულია. ცნობისთვის, 24 თებერვალს, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური დაიკავეს. უკრაინის განცხადების შემდეგ, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ელექტროსადგურზე არსებული ვითარების გამო ღრმა შეშფოთება გამოთქვა. 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა ამავე საღამოს, კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს.

გაეროს ბირთვული დამკვირვებელი მზადაა, ჩერნობილში ჩავიდეს

გაეროს ბირთვული დამკვირვებელი ჩერნობილში გამგზავრების ინიციატივით გამოდის. მისი ეს შეთავაზება რუსეთის ძალების მიერ ევროპის უდიდეს ელექტროსადგურ ზაპორიჟიეზე მიტანილ იერიშს მოჰყვა. „როგორც რუსეთის ფედერაციას, ასევე, უკრაინას ჩემი წინადადება შევთავაზე“, რაც შეიძლება მალე გავემგზავრები ჩერნობილში“, - განუცხადა ჟურნალისტებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ. გროსიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი იქნება ორივე მხარესთან განიხილოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების საკითხი.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

უკრენერგოს სპეციალისტებმა კვირას, 13 მარტს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Facebook-ზე განაცხადა. „უკრენერგოს“ ექსპერტების, ჩვენი ბირთვული სპეციალისტების და ელექტრიკოსების წარმოუდგენელი ძალისხმევის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ელექტროენერგიის აღდგენა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიგდეს ხელში“, - წერს მინისტრი. გალუშჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს ბირთვული კატასტროფის რისკის თავიდან აცილება, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას. მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგეტიკული ობიექტია და უკრაინას არავის დახმარება არ სჭირდება უკრაინის ობიექტებზე ელექტროენერგიის მიწოდების ან აღდგენისთვის. „დიახ, ჩვენი ენერგეტიკის სპეციალისტები ნამდვილად გმირები არიან, მაგრამ სამხედრო აგრესიის პირობებში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას, IAEA, გაეროს, ეუთოს, დაგვეხმარეთ ბირთვული ობიექტების დაცვაში. ახლა უკიდურესად აუცილებელია, რომ მტერმა დატოვოს ატომური ელექტროსადგური და შეიქმნას 30 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გარშემო“, - განაცხადა გალუშჩენკომ. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა 24 თებერვალს დაიპყრეს. ქარხანა რუსეთის არმიის კონტროლს ექვემდებარება 4 მარტიდან. 10 მარტს IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ გროსისთან შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოითხოვა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები ჩერნობილისა და ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებიდან. ასევე წაიკითხეთ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: მსოფლიო კატასტროფის ზღვარზეა, ეს ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ჩორნობილი და ფუკუშიმა ერთად

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, რუსმა ოკუპანტებმა $135 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა მოიპარეს

The Washington Post-ის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 135 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მოიპარეს. გამოცემა ელექტროსადგურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ოკუპანტებმა მოიპარეს ან გაანადგურეს 698 კომპიუტერი, 344 მანქანა, 1500 რადიაციის საზომი დოზიმეტრი, თითქმის ყველა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. AFP: რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ ელექტროსადგურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოკუპაციის დროს მათი 9 კოლეგა მოკლეს, 5 - გაიტაცეს. რუსეთის შეჭრამდე ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს 6000-მდე თანამშრომელი აკვირდებოდა. ინფორმაციისთვის, 1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ხანძრისა და აფეთქების შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერება არამხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელორუსსა და ევროპის ქვეყნებშიც კი გავრცელდა. აფეთქების შემდეგ 10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ევაკუაციის ზონა 30 კილომეტრამდე გაფართოვდა. საერთო ჯამში, ტერიტორიიდან 200 000 ადამიანი გაიყვანეს. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჩერნობილის ზონის აღსადგენად უკრაინა დონორებისგან 23 მილიონ ევროს იღებს

ჩერნობილის ზონის აღდგენისთვის საერთაშორისო პარტნიორების ფინანსურმა დახმარებამ უკვე 23 მილიონ ევროს მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ევგენ კრამარენკომ განაცხადა. „პარტნიორების მიერ ადრე გამოყოფილი 15 მილიონი ევროდან უკვე გამოყენებულია 2 მილიონი ევრო. ასევე, ანგარიში უკვე შევსებულია 8 მილიონი ევროთ. ამრიგად, დღეს უკვე გვაქვს 23 მილიონი ევრო დონორებისგან", - განაცხადა კრამარენკომ.  ამასთან, აღნიშნა, რომ თანხის მოცულობა გაიზრდება, რადგან ფინანსური დახმარება უკრაინაში კვლავ შედის. როგორც ცნობილია, ჩერნობილის ზონის აღდგენისთვის უკვე შემუშავებულია და დარეგისტრირებულია 40 პროექტი, რომელიც 2023 წელს დაახლოებით 15 მილიონი ევროს დაფინანსებას მოიცავს.