უკრენერგოს სპეციალისტებმა კვირას, 13 მარტს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგინეს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Facebook-ზე განაცხადა.
„უკრენერგოს“ ექსპერტების, ჩვენი ბირთვული სპეციალისტების და ელექტრიკოსების წარმოუდგენელი ძალისხმევის წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ელექტროენერგიის აღდგენა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა ჩაიგდეს ხელში“, - წერს მინისტრი.
გალუშჩენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინელმა სპეციალისტებმა, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად შეძლეს ბირთვული კატასტროფის რისკის თავიდან აცილება, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ევროპას.
მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური უკრაინის ენერგეტიკული ობიექტია და უკრაინას არავის დახმარება არ სჭირდება უკრაინის ობიექტებზე ელექტროენერგიის მიწოდების ან აღდგენისთვის.
„დიახ, ჩვენი ენერგეტიკის სპეციალისტები ნამდვილად გმირები არიან, მაგრამ სამხედრო აგრესიის პირობებში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ევროკომისიას, IAEA, გაეროს, ეუთოს, დაგვეხმარეთ ბირთვული ობიექტების დაცვაში. ახლა უკიდურესად აუცილებელია, რომ მტერმა დატოვოს ატომური ელექტროსადგური და შეიქმნას 30 კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა უკრაინის ატომური ელექტროსადგურების გარშემო“, - განაცხადა გალუშჩენკომ.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური რუსულმა ჯარებმა 24 თებერვალს დაიპყრეს. ქარხანა რუსეთის არმიის კონტროლს ექვემდებარება 4 მარტიდან. 10 მარტს IAEA-ს გენერალურ დირექტორთან რაფაელ გროსისთან შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მოითხოვა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარები ჩერნობილისა და ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურების ტერიტორიებიდან.
ასევე წაიკითხეთ