თეგი: ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგს სურს, კრიპტოინდუსტრიის აზიური ცენტრი გახდეს - Bloomberg

ჰონგ-კონგს სურს, კრიპტოინდუსტრიის აზიური ცენტრი გახდეს. ამისთვის ხელისუფლება აქტიურად მოიზიდავს კრიპტო, ფინტექს და სხვა სტარტაპებს, წერს Bloomberg და ქალაქის ფინანსთა მინისტრ პოლ ჩანის ციტირებს. პოლ ჩანმა თქვა, რომ ჰონგ-კონგი აპირებს ციფრული აქტივების სფეროს განვითარებას, ინდუსტრიაში შოკების მიუხედავად (FTX და Terra-ს დაშლა, Binance-ისა და Coinbase-ის პრობლემები). რამდენიმე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია და სტარტაპი ახლა განიხილავს სათაო ოფისის ჰონგ კონგში გადატანას, თქვა ჩანმა, სახელების გამხელის გარეშე. „მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟები ერთმანეთის მიყოლებით იშლებოდა, ჰონგ-კონგი გახდა ციფრული აქტივებისა და კორპორაციების საცნობარო წერტილი. ქალაქს აქვს ძლიერი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც საერთაშორისო ნორმებსა და სტანდარტებს შეესაბამება. ამასთან, დამრღვევებს მკაცრად სჯის“, - განაცხადა ჰონგ კონგის ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.  

მედია: ყაზახეთის, სომხეთისა და ჰონგ-კონგის ბანკები რუსული კომპანიების გადარიცხვებს ბლოკავენ

სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ-კონგის ბანკებმა რუსული კომპანიების გადახდების ბლოკირება დაიწყეს. საუბარია პარალელური იმპორტის საშუალებით მიწოდებული პროცესორების, მიკროსქემებისა და სხვა ელექტრონიკის საფასურებზე. წერს რუსული გამოცემა „მედუზა“ Коммерсант-ზე დაყრდნობით. გამოცემის წყაროს თანახმად, გადაწყვეტილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ კონგის ბანკების შიშს, რომ ისინი აშშ-ის სანქციებს დაექვემდებარებიან. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ სანქციები  დააწესეს, აკრძალეს რუსული სამხედრო აღჭურვილობისთვის საჭირო უცხოური კომპონენტების ექსპორტი. თუმცა რუსი მწარმოებლები პოულობენ სანქციების გვერდის ავლის გზებს. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზების საბოლოოდ ჩაკეტვას გეგმავს. ეს სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს შვიდ ჩინურ კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ასევე, სანქციები შესაძლოა, შეეხოს ორ მწარმოებელს არაბეთის გაერთიანებული საამიროეობიდან და ერთს - სომხეთიდან. ევროკავშირი შიშობს, რომ ამ ფირმების პროდუქცია შეიძლება, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენონ.  

ჰონგ-კონგი აანონსებს ეროვნული უსაფრთხოების ახალ კანონს „გარე ძალების“ წინააღმდეგ

ჰონგ კონგის აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ლი აცხადებს, რომ ნახევრად ავტონომიური ქალაქი, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ საკუთარ კანონს 2024 წელს შექმნის. მისი თქმით, „ზოგიერთი ქვეყანა ძირს უთხრის ჩინეთს და ჰონკონგში „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ დანერგვას საკუთარი სარგებლობისთვის.“ France24 წერს, რომ ლი გულისხმობდა ბრიტანეთისა და ჩინეთის მიერ შეთანხმებულ მმართველობის მოდელს, რომლის მიხედვითაც, ქალაქი შეინარჩუნებს გარკვეულ ავტონომიას და თავისუფლებებს. „გარე ძალები აგრძელებენ ჰონგ კონგის საქმეებში ჩარევას,” - აღნიშნა ჰონგ-კონგის ლიდერმა. პოლიტიკურ მიმართვაში, პეკინის მიერ დანიშნულმა ლიდერმა ისაუბრა ჰონგ-კონგის ეკონომიკის აღდგენის გზებსა და მოსახლეობის რაოდენობის შემცირებასთან ბრძოლის მეთოდებზე. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ჰონგ-კონგში მეტი თავისუფლებისა და ავტონომიის მოთხოვნით, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა, რის შემდეგაც ჩინეთმა ახალი ეროვნული უსაფრთხოების კანონი აამოქმედა. ლიმ, რომელიც საპროტესტო აქციების ჩახშობაში მისი როლის გამო, აშშ-ის მიერ არის სანქცირებული, განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ეროვნული უსაფრთხოების დაცვას გააგრძელებს.