სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ-კონგის ბანკებმა რუსული კომპანიების გადახდების ბლოკირება დაიწყეს. საუბარია პარალელური იმპორტის საშუალებით მიწოდებული პროცესორების, მიკროსქემებისა და სხვა ელექტრონიკის საფასურებზე. წერს რუსული გამოცემა „მედუზა“ Коммерсант-ზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროს თანახმად, გადაწყვეტილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს სომხეთის, ყაზახეთისა და ჰონგ კონგის ბანკების შიშს, რომ ისინი აშშ-ის სანქციებს დაექვემდებარებიან.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის საწარმოების წინააღმდეგ სანქციები დააწესეს, აკრძალეს რუსული სამხედრო აღჭურვილობისთვის საჭირო უცხოური კომპონენტების ექსპორტი.
თუმცა რუსი მწარმოებლები პოულობენ სანქციების გვერდის ავლის გზებს.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი სანქციების მე-11 პაკეტით, რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის გზების საბოლოოდ ჩაკეტვას გეგმავს.
ეს სანქციები შესაძლოა, მოიცავდეს შვიდ ჩინურ კომპანიას, რომლებიც აწარმოებენ მიკროჩიპებს, ნახევარგამტარებსა და სხვა ელექტრონიკას. ასევე, სანქციები შესაძლოა, შეეხოს ორ მწარმოებელს არაბეთის გაერთიანებული საამიროეობიდან და ერთს - სომხეთიდან. ევროკავშირი შიშობს, რომ ამ ფირმების პროდუქცია შეიძლება, იარაღის წარმოებისთვის გამოიყენონ.