თეგი: „ლელო“

სალომე სამადაშვილი პარტიას - „ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარტიას -„ლელო საქართველოსთვის“ შეუერთდა. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, სალომე სამადაშვილი პარტიის პოლიტიკურ მდივნად დაინიშნა. “პოლიტსაბჭომ დაამტკიცა ჩვენი ახალი წევრის, სალომე სამადაშვილი შემოერთება პარტია “ლელოში”. ასევე ჩემი წარდგინებით, სალომე სამადაშვილი დანიშნული იქნა პარტიის პოლიტიკურ მდივნად, რაც დაამტკიცა პოლიტსაბჭომ. მინდა მადლობა გადავუხადო სალომეს. მგონი, სალომე სამადაშვილს დიდი წარდგენა არ სჭირდება, ყველა იცნობს მას, მისი პოზიციის, პოლიტიკური მოღვაწეობის, დიპლომატიური კარიერიდან გამომდინარე. ბედნიერები ვართ, რომ ასეთი სერიოზული ძალა შემოემატა “ლელოს”. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ დღეს ყველა პროდასავლური ძალის გაერთიანება, ყველა ძალის შეკრება საქართველოში, რადგან არის გამოწვევები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს, ასევე ჩვენს მოძმე ქვეყანა უკრაინას. რაც რეგიონში ხდება, ამას საქართველო მომზადებული და გაძლიერებული უნდა დახვდეს. პირველ რიგში, გაძლიერებაში ვგულისხმობ ყველა იმ ძალის გაერთიანებას, რომელიც ფიქრობს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და იმაზე, როგორ გადავლახოთ სირთულეები და გავიყვანოთ საქართველო გამარჯვების გზაზე”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 2020 წელს, სალომე სამადაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრად, ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ აირჩიეს. 2021 წელს სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და უპარტიო წევრად ფრაქციას, „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ შეუერთდა. სალომე სამადაშვილი 2005 – 2013 წლებში იყო ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი.

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა ბადრი ჯაფარიძეს მხარი დაუჭირეს. „ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად იქნება წარდგენილი შუალედურ არჩევნებში. იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, ძალა ხალხის ხელშია. იმისთვის, რომ დავამტკიცოთ მანდატზე კი არ არის საუბარი, ცვლილება შეგვიძლია! მე მინდა, მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა! მინდა მივმართო ყველა ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მათ, ვინც მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძეს, სამართლიანობის მხარეს დადგა. ეს იქნება პრინციპული ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!“, - აღნიშნა ხაზარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

ირაკლი ღარიბაშვილი: კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მისვლის საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა. „კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით. ეს კომენტარი ღარიბაშვილმა გრუშევსკის სახელობის სკოლაში გააკეთა, სადაც უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეებს შეხვდა. „ლელოს" საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს. „ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დაბარებულია საერთაშორისო სანქციების რეჟიმთან მიმართებაში ხელისუფლების პოზიციებზე და სატელეფონო ჩანაწერების შესახებ“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ხაზარაძე ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე: სტრასბურგმა ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო

სტრასბურგის სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ინფორმაციას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს. „სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო. ბიძინა [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი], მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის,“ წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში. ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ საქმის წარმოება წლების წინ დაიწყო. 2018 წლის აგვისტოში გამოძიება 10 წლით ადრე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების (ფულის გათეთრების) კვალიფიკაციით. ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების იდეაზე - “ლელო” პარტიად 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. „ფულის გათეთრების” საქმეს ბრალდებულები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევდნენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში განაცხადა, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი], მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, მიიღო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც ლაპარაკი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე. საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მათ მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა. ამ განაჩენს არ დაეთანხმნენ პოლიტიკოსები და არც პროკურატურა. მათი საჩივრები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და უზენაესმა სასამართლომ კი, წარმოებაში არ მიიღო.   იუსტიციის სამინისტროში, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოში, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.