სტრასბურგის სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრების) საქმეზე ხაზარაძე-ჯაფარიძის სარჩელი განხილვაში მიიღო. ინფორმაციას „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს.
„სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო. ბიძინა [იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი], მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი და ვინ იყენებს ქართულ სასამართლოს პოლიტიკური დევნისთვის და პირადი მიზნებისთვის,“ წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ საქმის წარმოება წლების წინ დაიწყო. 2018 წლის აგვისტოში გამოძიება 10 წლით ადრე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო, 2019 წლის წლის 24 ივლისს კი მათ ბრალი წარუდგინეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზების (ფულის გათეთრების) კვალიფიკაციით.
ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 9 ივლისს, მამუკა ხაზარაძემ საჯაროდ განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის დაფუძნების იდეაზე - “ლელო” პარტიად 2019 წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა.
საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მათ მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა. ამ განაჩენს არ დაეთანხმნენ პოლიტიკოსები და არც პროკურატურა. მათი საჩივრები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და უზენაესმა სასამართლომ კი, წარმოებაში არ მიიღო.
„ფულის გათეთრების” საქმეს ბრალდებულები პოლიტიკურ დევნად მიიჩნევდნენ. მამუკა ხაზარაძემ ჯერ კიდევ 2019 წლის მარტში განაცხადა, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ [2018 წლის 28 ნოემბერი], მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან, მიიღო მუქარის შემცველი წერილი, რომელშიც ლაპარაკი იყო მათი რეპუტაციის განადგურებაზე, ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე.
საქალაქო სასამართლომ განაჩენი 2022 წლის იანვარში გამოაცხადა - ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ჯგუფურ თაღლითობაში და არა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც პროკურატურა ედავებოდა. მათ მოსამართლემ პატიმრობა არ შეუფარდა. ამ განაჩენს არ დაეთანხმნენ პოლიტიკოსები და არც პროკურატურა. მათი საჩივრები სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და უზენაესმა სასამართლომ კი, წარმოებაში არ მიიღო.
იუსტიციის სამინისტროში, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას სტრასბურგის სასამართლოში, ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.