ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე
ძალა + უფლება - ვისი ძალაუფლება?
ყოველთვის მაოცებდა ქართული სიტყვების სიღრმე და მრავალმხრივობა. ძალაუფლება - ძალაც ყოფილა და უფლებაც. ხელისუფლება - ხელის დადების უფლება, დაპატრონება... უფლება - შესაძლებლობაც არის და ბატონობის უფლებაც... კანონიერი უფლება, მორალური უფლება - რატომ ვერ დავამთხვიეთ კანონი მორალს? ენა ცოცხალი ორგანიზმია და საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება სიტყვებში ილექება...
დღეს ვისთვის რას ნიშნავს ძალაუფლება? ძალას თუ უფლებას? ვინ ფლობს ძალას და ვინ ფლობს უფლებას? რისი კანონიერი უფლება გვაქვს და ვინ მოგვანიჭა? რისი მორალური უფლება გვაქვს და ვინ მოგვანიჭა? ვინ არის ჩვენი ბატონი - საკუთარი განსჯა, თემის მორალი თუ ბელადობის სურვილით შეპყრობილი ადამიანები?
დიქტატურებში დიქტატორი ფლობს ძალასაც და უფლებასაც და მხოლოდ მცირერიცხოვან ადამიანებს უნაწილებს ამ სიკეთეებს. მისი ძალა შიში და ტერორია, მისი უფლება საყოველთაო. ოლიგარქიაში ჯგუფები ფლობენ ძალას და უფლებას, მათი ძალა ფული და რესურსია, მათი უფლება - ადამიანებით მანიპულირება. სამხედრო რეჟიმებში სამხედრო ჯგუფები ფლობენ ძალაუფლებას; კომუნისტურ სახელმწიფოებში - პროლეტარიატი; არშემდგარ სახელმწიფოებში - სხვადასხვა ჯურის დესტრუქციული ჯგუფები - ტერორისტები, ნარკობარონები, კრიმინალური ავტორიტეტები... თეოკრატიებში - რელიგია; ოხლოკრატიაში - ბრბო... დემოკრატიებზე არაფერს ვიტყვი, ჩვენთვის უცხოა ძალაუფლების სახელმწიფოსა და ხალხს შორის განაწილება, ჩვენთვის უცხოა სახელმწიფო და უცხოა „ხალხი“, როგორც ინდივიდების ერთობლიობა...
პროლეტარიატის არც არასოდეს გვწამდა ისე, როგორც ნამდვილ პროლეტარს შეეფერება, გულის სიღრმეში არავის გვხიბლავდა პროლეტარად ყოფნის „სიამე“. ურო და ნამგალი ბევრი გვირტყეს და ვერ აღმოფხვრეს ჩვენში მემარჯვენე ინსტიქტები - ყოველთვის ვართ უფრო ლამაზი, უფრო ჭკვიანი, უფრო ძლიერი, უფრო მდიდარი... მოგვწონს იერარქია და არა თანასწორობა - თუ ყმა ვართ კარგი პატრონი გვჭირდება და თუ პატრონი ვართ, ბევრი ერთგული ყმა...
დიქტატორი ბევრი ვეძებეთ და ვერსად ვიპოვეთ, ვერც მესია, ვერც ბელადი, ვერც მეფე თუ თეთრ მხედარზე ამხედრებული პრინცი... ბევრი ვეძებეთ და ვერ შევთანხმდით, ვის დავაკისროთ ესოდენ „დიადი ტვირთი“, ვინ ვაქციოთ „უფლებაშეუზღუდავ“ გმირად და რაინდად... არც შოლტი გვიყვარს საკუთარ ზურგზე - მხოლოდ ცოტა ხნით, მხოლოდ დროებით... ვცხოვრობდით გუშინ, ვცხოვრობთ დღეს და ვიცხოვრებთ ხვალ „გოდოს მოლოდინში“...
ვერ შევდექით ვერც ავტოკრატიად, ვერც ოხლოკრატიად, ვერც არისტოკრატიად, ვერც ტექნოკრატიად, ვერც თეოკრატიად... დემოკრატიისგან ხომ საერთოდ ჯვარი გვწერია... ალბათ კრატოსი შემოგვწყრა... ან ზევსი... ან უფალი... აბა საკუთარ თავს ხომ არაფერს დავაბრალებთ?
***
თუ გჩაგრავენ, უფლებააყრილი ხარ, თუ სხვას ჩაგრავ - უფლებამოსილი... ქართულ ენას არ აქვს სიტყვა სხვისი ჩაგვრის მდუმარედ მაყურებლებისთვის... თავზე დავფოფინებთ საკუთარ შვილებს და დღეს ან ხვალ, ახლო თუ შორეულ მომავალში ნალოლიავებთ გავიმეტებთ იმ საზოგადოებისთვის, რომელიც იყოფა უფლებამოსილებად, უფლებააყრილებად და სხვისი ჩაგვრის მდუმარე მოწმეებად. დღეს ან ხვალ, ახლო თუ შორეულ მომავალში, ისინი აუცილებლად ეცდებიან, გაექცნენ ამ საზოგადოებას - ჩაიცვამენ რკინის ქალამნებს, ააგებენ მფრინავ ურმებს, გადაცურავენ ზღვას და უკანმოუხედავად გაიქცევიან სხვა გალაქტიკაში... ჩვენი თაობის სისუსტე - აჰყვეს წარმოსახვით იდეებს თუ შეთქმულების თეორიებს, ეძებოს მორალი ფსევდოიდეებში, რომელიც ხან „კაიკაცობად“ შეგვიფუთეს, ხან „ეროვნულობად“ ხან „ქრისტეს ერთგულებად“ - გაგვიქცევს შვილებს და დაგვტოვებს მიტოვებული მშობლის ვარამით. სხვისი ბავშვების გადარჩენით, სხვისი ტკივილის გაზიარებით, მცირეოდენი სიმამაცით და მცირეოდენი გონიერებით საკუთარ შვილებს გადავარჩენთ დღეს ან ხვალ, ახლო თუ შორეულ მომავალში.
***
ვინ ფლობს ძალას და ვინ ფლობს უფლებას აქ, ამ საზოგადოებაში, გუშინ და დღეს, ან თუნდაც ხვალ? ვისი წესებით ვცხოვრობთ დღეს და ვისი იმედით იცხოვრებენ ჩვენი შვილები?
იქ სადაც არ არის ძალა და კანონი, კარგი ან ცუდი, ძალაუფლება იქსაქსება და ამაოდ ვიკითხავთ - ვინ ფლობს დღეს ძალას და ვინ ფლობს უფლებას? იქ სადაც არ ზეობს ძალა და კანონი, აღმასვლას იწყებს პოპულიზმი და პოპულისტების „მორალური ძალაუფლება“.
ნეტა შევმდგარიყავით ავტოკრატიად, ოხლოკრატიად, არისტოკრატიად, ტექნოკრატიად, თეოკრატიად (დემოკრატიისგან ჯვარი გვწერია)...