NATO მიესალმება საქართველოს პარლამენტის მიერ ბრიუსელში მომავალ სამიტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ერთობლივ განცხადებას, რომელსაც სხვადასხვა პოლიტიკური პარტია აწერს ხელს. ამის შესახებ Europetime-ს ექსკლუზიურად NATO-ში განუცხადეს.
,,ჩვენ მივესალმებით NATO-სთან დაკავშირებულ დეკლარაციაზე სხვადასხვა პარტიის ხელმოწერას. ეს კიდევ ერთი ნიშანია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის მიზანი, რომელიც საქართველოში სრულ პოლიტიკურ სპექტრს აერთიანებს",- აღნიშნავენ Europetime-თან საუბრისას .
ცნობისთვის, NATO-ს სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ბრიუსელში 14 ივნისს გაიმართება საქართველოს პარლამენტმა განცხადება მოამზადა.
საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარტიები ერთიანი არიან საქართველოს NATO-ში გაწევრების მხარდაჭერაში.
პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს მოუწოდა, დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატონ პოლიტიკური ნება და დააფიქსირონ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს.
"აქ გახლავთ საკითხების ჩამონათვალი იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის NATO-ს წევრობა და რომ იგი ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. ასევე, ამ ფორმატის მნიშვნელობა მშვიდობიანი, სტაბილური, დემოკრატიული და თავისუფალი ევროპისთვის , განსაკუთრებით კი საქართველოსთვის.
NATO-ს და მის წევრებს მადლობას ვუხდით საქართველოსადმი გაწეული მხარდაჭერისთვის, ხაზს ვუსვამთ პარტნიორობის გაძლიერებას დემოკრატიული რეფორმების მხარდასაჭერად, აგრეთვე, მზარდი ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.
აღნიშნულია შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავება და ვაცხადებთ, რომ NATO-ში საქართველოს წევრობით შესაძლებელი იქნება ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კიდევ უფრო გაძლიერება. ხელმოწერით ჩვენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ჩვენს მეგობარს და პარტნიორს, რომლებიც აკვირდებიან მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ვეუბნებით და ხაზს ვუსვამთ, რომ მიუხედავად ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტური განსხვავებებისა, არის საკითხები, რომლის გარშემოც ჩვენ ვერთიანდებით და ერთიანი ძალით მივდივართ წინ.
სესიის მსვლელობის დროს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება რუსთაველის დარბაზში და ნებისმიერ დეპუტატს როგორც პოლიტიკური ჯგუფის სახელით, ასევე ინდივიდუალურად საშუალება ექნება, ხელი მოაწეროს. ამ ხელმოწერით ვაჩვენოთ ერთიანობა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და რის გარშემოც შეგვიძლია გავერთიანდეთ. ყველას მოგიწოდებთ დავაფიქსიროთ პოლიტიკური ნება ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა კახა კუჭავამ.