ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

ურბანო-რურალური ძილ-ღვიძილი

დედაქალაქი: ჰაერის დაბინძურება, გაუვალი საცობები გზებზე, სადღეღამისო ხმაური... ხელგამოწვდილი მათხოვრები, ურნაში საჭმლის მაძიებელი ბავშვები და მოხუცები... ნაგავი, სიბინძურე და კანალიზაციის სუნი... ურბანული ქაოსი - „ბეტონის ჯუნგლები“, ჩახერგილი ქუჩები, სტილის აღრევა... ურბანული ვანდალიზმი - უწმაწური ფრაზები კედლებზე და დაზიანებული საჯარო სივრცეები... ურბანული ფაშიზმი - „აღდგომას ვრჩებით ქალაქელები“... ურბანული სნობიზმი - „ჩამოთრეულები“... ურბანული რომანტიზმი - „თბილისი იყო ურთიერთობა“... ურბანული ნეკროფილია - ძველი სივრცეების გაფეტიშება... ურბანული ექსტრემიზმი - ახალი სივრცეების შიში... ურბანული სლენგი - „სვეტსკები“, „გოიმები“ და „დეგრადიულები“... ურბანული „ტიპობა“ – „რა უბნელი ხარ, ბიჭო?“ ურბანო-გენდერული ტიპობა - „რა უბნელები ხართ გოგოებო?“ - ეს უცნაური შეკითხვა ევროპის ქალაქში დაგვისვა იქაურმა ქართველმა... ამ გენდერს ვის არ ასწავლის ეს უცნაური ევროპა...

დედაქალაქური საცხოვრებელი: საშუალო თბილისური სახლი 9 სართულიანია. საშუალო თბილისელი სამ ოთახიან ბინაში ცხოვრობს. საშუალო სამ ოთახიანი ბინა 70 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. საშუალო ქართული ოჯახი ოთხ სულიანია. საშუალოდ თბილისელი სადღეღამისოდ გამოკეტილია რომელიღაცა სართულის მცირე ბინაში, სადაც არასდროს აქვს ოჯახის წევრებისგან განცალკევებული პრივატული სივრცე. ნუკლეარულ ოჯახებს არ აქვთ განცალკევებული სივრცე გაფართოებული ოჯახისგან. გაფართოებულ ოჯახებს არასდროს აქვთ განცალკევებული სივრცე სამეზობლოსგან. „კედლებს რომ ყურები“ აქვთ ვერა და ვერ იქცა ქართულ ენაში მეტაფორად - დედაქალაქურ თხელ კედლებში მარტოობას არავინ ვუჩივით...

ამ ურბანულ ჯოჯოხეთში რურალურ სამოთხეზე ოცნებობენ...

სიზმარი რურალურ სამოთხეზე: სუფთა ჰაერი, ნატურალური საკვები, კამკამა წყალი.... ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანმრელი ადამიანები - ლოყებღაჟღაჟა ბავშვები, ციბრუტივით მოფუსფუსე დიასახლისები, ჭარმაგი მოხუცები... ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია - მტკიცე ოჯახები, კეთილი მეზობლები, ბრძენი მოხუცები... ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრება - ცვრიან ბალახზე ფეხშიშველა ტანტალი და ბასარებთან და ფაქიზოებთან მეგობრობა... საცხოვრისი: დიდი, სუფთა და ყველასთვის სამყოფი... ლანდშაფტი: ანკარა მდინარეები, მობიბინე მოსავალი, ტყეებით დაჩრდილული გორაკები...

ურბანული სამოთხე გამოღვიძების შემდეგ: „ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი“, სოფლები დაცლილი, ხალხი გაბოროტებული, კაცნი მსმელნი და ქალნი სნეულნი... მდინარეები ნაგვით სავსე, მინდვრები გავერანებული, ტყეები გაჩეხილი... ოჯახები მიფიცხებული ერთადერთ მბჟუტავ გამათბობელს... ბავშვები მოკლებულნი განათლების და განვითარების შესაძლებლობას... ხუმრობა იქით იყოს, და ქართველებს სისხლის ანალიზით გვცნობენ ყველა ქვეყანაში - ტყვია გვაქვს სისხლში... კი, ჯერ ცოცხლები ვართ...

სიზმრები რურალურ გმირობაზე: იდეალების ერთგულებით უნდა ავიტანოთ „ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი“, უნდა ვიცხოვროთ: გაზის გარეშე, კანალიზაციის გარეშე, ინტერნეტის გარეშე, ფულის გარეშე... ასე ცხოვრობდა ჩვენი მამა-პაპა... ასე გაზრდილი შვილები გამოადგებიან სამშობლოს.... სოფელი ქვეყნის ბეღელია...

რურალური გმირობა გამოღვიძების შემდეგ: თოხით შეიარაღებული ვერასდროს გაეჯიბრება ნანოტექნოლოგიებით შეიარაღებულს; სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში ხუთ პროცენტზე ნაკლებია ყველა იმ ქვეყანაში, რომელსაც განვითარებულს ვუწოდებთ... ცივილიზაციის მიღმა დარჩენილი ბავშვები ვერასდროს შედგებიან მოქალაქეებად... სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესი არ ემთხვევა ჩვენს სიზმრებს რურალურ გმირობაზე... ურბანულ და რურალურ ჯოჯოხეთში გაზრდილებისთვის „გაუცხოვება“ იქნება კომუნიკაციის ერთადერთი რელევანტური ფორმა. ურბანულ ჯოჯოხეთში გაზრდილები იწუწუნებენ რურალურ „სიბნელეზე“; რურალურ ჯოჯოხეთში გამოწრთობილები იწუწუნებენ ურბანულ „სნობიზმზე“...

***

ონლაინ მუშაობის რეჟიმი პანდემიამ გვასწავლა და დაგვაძალა. არადა, კარგა ხანია ამ რეჟიმით ცხოვრობს განვითარებული სამყარო. პანდემია ოდესმე დასრულდება, მაგრამ აუცილებლად დარჩება ონლაინ ცხოვრების ზოგიერთი ელემენტი, რაც კიდევ ერთი მძლავრი ფაქტორია დავასრულოთ ურბანო-რურალური დიქოტომია. ურბანიზაცია არ ნიშნავს ერთ ქალაქში ყველას ცხოვრებას, ურბანიზაცია ნიშნავს ქალაქების გამრავლებას და სოფლების მოდერნიზაციას. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ურბანიზებულია იმ ქვეყნებში, რომლებსაც განვითარებულებს ვუწოდებთ... ამერიკული ოცნება მშვიდ სიბერეზე - გახდე ჰოლივუდის ვარსკვლავი, იშოვო ფული და იყიდო ვენახები კალიფორნიაში... ქართული ოცნება მშვიდ სიბერეზე - გაყიდო ვენახი, გააღწიო ქალაქში, მოიპოვო ათი კვადრატული პრივატული სივრცე, რომელსაც ექნება კ ა ნ ა ლ ი ზ ა ც ი ა...

***

„ჩემი ქალაქი მკლავს“ - ახალი სოციალური მოძრაობაა დედაქალაქში...

დედაქალაქი გვკლავს, მაგრამ ადამიანები მაინც აქ ცხოვრობენ, იმიტომ, რომ ადამიანები სხვაგან ვერსად ვერ ცხოვრობენ.

ჩვენ არ გვჭირდება რურალური გმირები, ჩვენ ბიზნესის და ტექნოლოგიების გმირები გვჭირდება, გმირები სწავლასა და შრომაში, რომლებსაც ექნებათ შრომის პირობები რურალურ ადგილებში.