საარჩევნო რეფორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა იყო Europetime-თან ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის ექსკლუზიური ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი საკითხი. ნატალია ვუტოვა საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან მუშაობს. ის მუშაობდა ადამიანის უფლებებსა და სამართლებრივი რეფორმების პროექტებზე სომხეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში. ასევე თანამშრომლობდა „Médecins sans Frontières“-თან (ექიმები საზღვრებს გარეშე) ჩეჩნეთში. ხელმძღვანელობდა ევროპის საბჭოს ერევნის ოფისს (2015-2020 წწ.), იყო ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე უკრაინაში (2007-2009 წწ.), ხოლო 2002-2004 წლებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომხეთში. Europetime ნატალია ვუტოვასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
_ევროპის საბჭოს ყველა წევრი ქვეყანა ხელს აწერს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომელიც შექმნილია ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოს მიერ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს როგორ შეაფასებთ? მაგალითად, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა ბოლო ანგარიშში ზოგადად აღნიშნა, რომ დემოკრატია გასაჭირშია.
ნება მომეცით ამ შეკითხვის ბოლოდან დავიწყო. დემოკრატია მართლაც გასაჭირშია, მაგრამ ეს გლობალური მოვლენაა. საქართველო ევროპის ნაწილი და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც პარტნიორები, ქართული პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების და საერთოდ, ხალხთან ერთად ვდგავართ ამ გამოწვევების დასაძლევად. როცა ჩვენ ყველა ერთად ვმუშაობთ, კომპრომისები შესაძლებელია და დემოკრატიის გამოწვევების გადალახვა მიღწევადი. რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, ბოლო წლებში ადამიანის უფლებების ჩარჩოს გაუმჯობესებისკენ ერთ-ერთი ყველაზე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, რაც ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაში გამოიხატა. (საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“) 2014 წელს. აქვე უნდა აღვნიშნო საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, ციხეებში, პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ქვეყანამ ასევე შეამცირა ციხეებში პატიმართა მაღალი რიცხვი. ამასთან, ამ მიმართულებით შემდგომი სამუშაოს ჩატარება კიდევ საჭიროა. 2015 წელს, ქვეყანამ მიიღო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელიც შესაბამისობაშია სისხლის სამართლის სისტემასთან და აწესებს უფრო მაღალ სტანდარტებს კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი არასრულწლოვანთათვის. ასევე უნდა აღინიშნოს 2019 წელს ბავშვთა უფლებების კოდექსის მიღება და 2017 წელს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია, ასევე, საქართველოში ოჯახური ძალადობის პრევენციისა და მათ წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული რეფორმა, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი რჩება. ორი მიმართულებაა, რომლებსაც დემოკრატიის საფუძველი ემყარება - საარჩევნო და სასამართლო სისტემები. საარჩევნო რეფორმა არის სფერო, სადაც რეფორმა წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. გასულ წელს, საკონსტიტუციო რეფორმამ პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატების წილი და საარჩევნო ბარიერი 1% -მდე შეამცირა, რაც წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.
_ვენეციის კომისიამ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა. დოკუმენტი რიგ პროგრესსა და რეკომენდაციებზეც მიუთითებს, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზეც არის საუბარი. რა პროგრესსა და ნაკლოვანებებზე შეიძლება ვისაუბროთ ამ და სხვა რიგ დოკუმენტებზე დაყრდნობით და როგორ უყურებთ საქართველოს მიერ ამ კუთხით შესრულებულ რეკომედაციებს?
მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ და ეუთო/ODIHR–მა ახალი წინადადებები შეიმუშავეს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.
ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯეროვნად გაითვალისწინოს შემდგომი რეკომენდაციები. რაც შეეხება უზენაეს სასამართლოში დანიშვნებს, მართლაც, ვენეციის კომისიამ რამდენჯერმე განიხილა უზენაეს სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ჯერ კიდევ 2019 წლიდან. ამ პროცესში, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებები შევიდა.
ინტერესთა კონფლიქტის შესახებ წესების დადგენა მოხდა, მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევისა და დანიშვნის გამჭვირვალობა გაიზარდა და გასაჩივრების შესაძლებლობა განისაზღვრა. ახლა, ვენეციის კომისიის 2021 წლის აპრილის მოსაზრებაში ნათქვამია, რომ ”[..] არსებობს მრავალი შეუსრულებელი რეკომენდაცია, რომელიც უნდა გადაიხედოს”, ძირითადად გასაჩივრების პროცედურისა და კანდიდატთა თანასწორობის შესახებ.
_პროექტი - „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა - სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ საქართველოში 2018 წელს დაიწყო და 2021 წლის დეკემბრამდე გრძელდება. რა გამოწვევები გამოავლინა პროექტის მიმდინარეობამ და რა მთავარ პროგრესს გაუსვამდით ხაზს.
ამ პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ პარტნიორებს სისხლის სამართლის რეფორმასა და ეროვნული სასამართლოების შესაძლებლობების გაძლიერებაში, რათა ეფექტურად განახორციელონ სასამართლო კონტროლი განაცხადების ირგვლივ ბრალდების მხარისა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ იძულებითი ზომების გამოყენებაზე. უფრო მეტიც, პროექტი ეხმარება სასამართლო სექტორით დაინტერესებული მხარეების ანალიტიკური და მეთოდოლოგიური შესაძლებლობების გაუმჯობესებას, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების საქმიანობის შესაფასებლად და მტკიცებულებებზე დაფუძნებული კრიმინალური პოლიტიკის განვითარებას. გარდა ამისა, პროექტი ხელს უწყობს სისხლის სამართლის საქმეებში საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას.
სამართლის სფეროს პროფესიონალების შესაძლებლობების გაძლიერების მიუხედავად, პრევენციული ზომების გამოყენების ზოგადი სურათი უცვლელი რჩება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 და 2020 წლებში გამოყენებული პრევენციული ღონისძიებების პროცენტული განაწილება თითქმის იდენტურია. კერძოდ, გირაო და დაპატიმრება არის პრევენციული ზომების ის ტიპები, რომლებიც ძირითადად გამოიყენება, სხვა ზომები, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოვლენისა და აღრიცხვის მიზნით, ევროსაბჭოს ეგიდით, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა დასკვნა, რომელიც საპროცესო კანონმდებლობის შემდგომ გაუმჯობესებაზე წინადადებებს შეიცავდა.
2019 წელს ვენეციის კომისიამ დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმა, პროკურორებსა და გამომძიებლებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნასთან დაკავშირებით. თუმცა პროცესში შეფერხებები შეინიშნებოდა. რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, არსებული სამართლებრივი ჩარჩო გამოძიების და ბრალდების მხარის არაეფექტური მოქმედებების რისკებს ქმნის. ვიმედოვნებთ, რომ ამ მხრივ მუშაობა მალე განახლდება.
_რა არის ის ძირითადი/პრიორიტეტული რეფორმა, რომელიც წევრმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში საქართველომ უპირველესი და გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გამომდინარე?
შემდგომი საარჩევნო რეფორმა არის მთავარი მიმართულება, რომლის განხორციელებაც საქართველოს სჭირდება. გარდა ამისა, სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის განხორციელებას და ზოგადად, ეთიკის ნორმების და სამართლიანობის პრინციპის უმაღლესი სტანდარტების დაცვას სასამართლო სისტემაში არსებითი მნიშვნელობა ექნება 2021 წლის განმავლობაში და მის შემდეგაც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან შეესაბამისობაში მოვიდეს რაც შეიძლება სწრაფად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემდგომი რეფორმა პრიორიტეტად დარჩება.