ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე

მაიმუნი ყუმბარით

ისე როგორც არასდროს, დღეს ყველაზე მეტად გამიჭირდა შემერჩია ბაბლის თემა, დამეწყო საკუთარი აზრები და გადმომეცა ემოცია. დღეს თბილისის ქუჩებში დასეირნობს სხეულის მკვლელი პანდემია, სახელმწიფოს მკვლელი ოხლოკრატია, გონების მკვლელი კრიტიკული აზრის ნაკლებობა და სულის მკვლელი ფანატიზმი. რომელ მათგანზე ვიმსჯელო, რომელ მკვლელზე? შევუერთდე სიკვდილის აპოლოგეტებს, თუ კასრში დავიმალო თავის გადასარჩენად, თუ ოხლოკრატიას შევასკდე მკერდით და გმირულად დავიღუპო, თუ ბრბოს შევუერთდე და ვისიამოვნო უმართავი ინსტინქტების ადრენალინით?

საერთაშორისო ინდექსებში ბოლოდან მეხუთე ადგილი (200-ზე მეტ ქვეყანას შორის!!!) მოგვანიჭეს საშუალო განათლების ხარისხის მიხედვით. ბევრი ადამიანი ჩემს გარშემო გულწრფელად აღშფოთდა - ნუთუ ასეთი გაუნათლებლები ვართ? იქნებ უსამართლოა ასეთი შეფასება? ყველა კვლევის შედეგი დამოკიდებულია იმ კრიტერიუმზე, რა კრიტერიუმსაც შეარჩევ საზომ ერთეულად. განათლების ხარისხის საზომ ერთეულად კარგა ხანია ითვლება მოვლენების კრიტიკული ანალიზის უნარი და არა ფაქტობრივი მონაცემების დასწავლა-დაზუთხვა ან მოვლენების აკვიატებული, იდეოლოგიური ანალიზი. ჩვენს ნიჭიერ ბავშვებს შესაძლოა ვასწავლით კარგ ლექსებს ზეპირად, მაგრამ ვერ ვასწავლით იმსჯელონ ლექსის ძირითად სათქმელზე, ან თავად ვაწვდით მზა რეცეპტებს მის გასაგებად... ბავშვებს ვერ ვასწავლით ფაქტების კომპლექსურ თანმიმდევრობაში დაინახოს მთავარი ტენდენცია და ეს ტენდენცია დაუკავშიროს სხვა მოვლენებს კონტექსტში. რამ გამახსენა ქართული განათლების სისტემა, რომელსაც მთელი შეგნებული ცხოვრებაა ვემსახურები და რომლის მიმართ გამოთქმული ნებისმიერი პრეტენზია პირადად მეხება? რასაკვირველია, ბოლო კვირაში განვითარებულმა მოვლენებმა.

რა არის თქვენთვის მთავარი ამბავი, რაც ამ დღეებში მოხდა? ჩემთვის მთავარი ამბავია ქართული რეალობისთვის სრულიად უპრეცედენტო მოვლენა - პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშის დაწვა. თბილისის ცენტრში განვითარებულ ცნობილ მოვლენებს ასე დავაწყობდი პრიორიტეტების მიხედვით: რადიკალური ჯგუფის წევრებმა პარლამენტის წინ დაწვეს ევროკავშირის დროშა და სახელმწიფოს არ ძალუძდა ან არ უნდოდა ამ ქმედების აღკვეთა; რადიკალური ჯგუფის წევრები მოგვიწოდებდნენ ჩაგვედინა სისხლის სამართლის დანაშაული რწმენის და პატრიოტიზმის სახელით და სახელმწიფოს არ ძალუძდა ან არ უნდოდა მოეხდინა რეაგირება; რადიკალური ჯგუფის წევრებმა იერიში მიიტანეს უკლებლივ ყველა ჟურნალისტზე (სამთავრობო ან ნეიტრალური პოზიციით გამორჩეული მაუწყებლობების ჩათლით) და სახელმწიფოს არ ძალუძდა ან არ უნდოდა ამ ქმედების აღკვეთა; რადიკალური ჯგუფის ერთმა წევრმა გულის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ტურისტს გრძელი თმების გამო, სხვა წევრები საცემრად დასდევდნენ შემთხვევით ადამიანებს (მათ შორის არასრულწლოვან ახალგაზრდებს) მოვლენების ეპიცენტრიდან დაშორებულ ქუჩებზე ფერადი ჩაცმულობის გამო და სახელმწიფოს არ ძალუძდა ან არ უნდოდა ამ ქმედების აღკვეთა; ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს საკუთარ მოქალაქეებს, არ გარისკონ საქართველოში ჩამოსვლა, სადაც გარეგნობის და ჩაცმულობის გამო შესაძლოა ვინმე თავს დაესხას - სახელმწიფოს რომც სურდეს, ვერ მოახერხებს ამგვარი მოწოდების შედეგების აღკვეთას...

ჩემს პრიორიტეტებში ვერ მოხვდა მსჯელობა სექსუალური უმცირესობების უფლებების შესახებ. ალბათ ფიქრობთ, რომ გავურბივარ „არამომგებიან“ თემებს, ან რაღაც „შუაშისტური“ გამოსავლის პოვნა გადავწყვიტე... არამც და არამც, ყველა იმ ამბავში რაც ჩამოვთვალე, სექსუალური უმცირესობების საკითხი არ არის მთავარი, ეს მხოლოდ ამბის ემოციური ნაწილია, ემოცია კი იარაღია რადიკალების ხელში მიაღწიონ თავის კონკრეტულ მიზნებს. ემოცია ცუდი მრჩეველია და თუ საკუთარ აზროვნებას სათვალესავით ავაფარებთ, ვერასდროს ჩავწვდებით მოვლენების მთავარ აზრს. ყველას აქვს უფლება არ მოსწონდეს და თუნდაც ეზიზღებოდეს რომელიმე უმცირესობა, მოაწყოს მის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქცია, მაგრამ სხვა ყველა დანარჩენი რაც ჩამოვთვალე, კრიმინალი და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია... ქართველებს ხშირად გვეუბნებიან, ემოციური ხალხი ხართო - როდესაც მტერი გვეუბნება, ქვეტექსტად აღვიქვამ, რომ ჩვენს ემოციურობას აუცილებლად გამოიყენებს საკუთარი მიზნებისთვის; როდესაც მეგობრები გვეუბნებიან იგივეს, ქვეტექსტად აღვიქვამ, რომ ვერ შევძლებთ ავაშენოთ სახელმწიფო, რაციო არ გვაქვს... არის ასეთი სლენგი პოლიტიკის მეცნიერებებში პოლიტიკური უმწიფრობის გამოსახატავად - „მაიმუნი ყუმბარით“...

***

რადიკალური დაჯგუფება, რომელმაც ასე მარტივად მოახერხა ადამიანების ემოციებით მანიპულირება, ფინანსდება და იმართება იმ მტრული სახელმწიფოდან, რომელთანაც კვლავ მიმდინარე (მიმდინარე!) ომში ვართ ჩაბმული - შეწყვეტილი გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები და მისი სამხედრო ბაზების ჩვენს ტერიტორიაზე განთავსებას ოკუპაციად ვაფასებთ. ვისაც ჯერ კიდევ არ გჯერათ, გადაამოწმეთ მეზობელი დიდი ქვეყნის დიდი იდეოლოგის ღია ფეისბუქი, სადაც უწყვეტი ტრანსლირება მიდიოდა თბილისის ამბების, სადაც გაისმა სიხარულის ყიჟინა, რომ როგორც იქნა „მისმა ბიჭებმა“ დაწვეს ევროკავშირის დროშა... მეორე დღეს დიდი ქვეყნის დიდმა იდეოლოგმა მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს, ფული შეაგროვონ „ემოციური ქართველების“ მიმდინარე ხარჯებისთვის... დიდი ქვეყნის დიდმა მედიებმა გადაცემები მიუძღვნეს თბილისის ამბებს ღია ტექსტებით, რომ როგორც იქნა ასწავლეს მაიმუნებს ყუმბარის გამოყენება... როგორი პატივია მაიმუნებისთვის - დიდი ქვეყნის დიდი ბელადები ფულს აგროვებენ მათთვის ყუმბარების შესაძენად...

***

ისინი თავს ჩვენზე ჭკვიანებად თვლიან - ისინი ჭკვიანები არიან, ჩვენ ემოციურები... ისინი საკუთარი სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურებიან, ჩვენ მათი სახელმწიფოს ინტერესებს...