ყოველკვირეული ბლოგი Europetime-ზე
რატომ ვერ გავხდით ქრისტიანები?
საბავშვო ბაღში არ დავდიოდი. სახელმწიფო იდეოლოგიასთან (ლენინური ათეიზმი) ზიარება სკოლის ასაკიდან დავიწყე. როგორც ჩანს, მეუბნებოდნენ, რომ მნიშვნელოვანი იყო მოსწავლედ მივეღე კონკრეტულ კარგ სკოლას (არ გვეკუთვნოდა ტერიტორიული პრინციპით). ჰოდა, გასაუბრების მოლოდინში, მეც ავიღე მაკრატელი და თავი ცოტათი „შევილამაზე“ უსწორმასწორო წინამოთი (ე.წ. „ჩოლკა“). მივიღეთ გამოხატული საყვედური - ბავშვს უნდა ჰქონოდა საბჭოთა ბავშვის იერი... საბუთების განხილვის პროცესში დაგვიკავშირდნენ ტელეფონით და იკითხეს, რა სქესის იყო უცნაური სახელის („გვანცა“) მქონე ბავშვი - ჩემი სახელი იშვიათობა იყო, და როგორც ჩანს, არ ეწერა იმ ოფიციალურ სიაში, საიდანაც არქმევდნენ სახელს ახალშობილებს საბჭოთა საქართველოში... შემდეგ მახსოვს ოქტომბრელთა რიგებში გაწევრიანების მღელვარე დღე და საკრალური ვარსკვლავის სიმბოლო კულულებიანი ბავშვის სურათით (ლენინის ბავშვობის სურათიაო, მაშინ ასე გვეუბნებოდნენ)... დიახ, ლენინი იზრდებოდა ჩვენთან ერთად... მახსოვს დანაშაულის და სირცხვილის შეგრძნება, როდესაც გულსაბნევი სახლში დამრჩა სკოლაში წასვლის წინ... ერთხელ სკოლის ეზოში თამაშის დროს დამეკარგა მეორე გულსაბნევი (მედალი კარგი სწავლისთვის) - ცხოვრების პირველი ბავშვური ტრაგედია...პიონერთა რიგებს სხვა სკოლაში შევუერთდი. არ იყო ის სკოლა მოწინავე. მოწინავე სკოლებს ჰქონდათ უკეთესი ინფრასტრუქტურა, დისციპლინა, სწავლების ხარისხი და იდეოლოგიური მომზადება. ასე რომ, იმ წლებში კარგად ვერ მასწავლეს ყელსახვევის პატივისცემა და ლენინის ფრაზები, მაგრამ ვერგადავრჩი კიდევ ერთ ბავშვურ ტრაგედიას - ერთ დღესაც, ყელსახვევი დამრჩა სახლში... მას შემდეგ კიდევ მომიწია სკოლის გამოცვლა („უკეთეს სკოლაში“), მაგრამ დაიწყო პერესტროიკა - დასრულდა ბავშვური ტრაგედიები და „ჩაწყობით“ საბჭოთა აღლუმებისგან თავის დაღწევაც კი გახდა შესაძლებლი...ათეიზმი თითქოს ყველა რელიგიის უარყოფას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ საბჭოთა ათეიზმი თავად გახლდათ რელიგია - რელიგიისთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტით და დაუსაფლავებელი „ღმერთის“ მავზოლეუმით. „ღმერთის“ თაყვანსაცემად „დიადი“ ქვეყნის ყველა კუთხიდან მიდიოდნენ ადამიანები (ან მიჰყავდათ მობილიზებულად) და საათობით რიგში იდგნენ გვამთან საკრალური მიახლოების მოლოდინში (არ მხვდა ეს „ბედნიერება“ წილად). ლენინიზმის რელიგიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა სიმბოლოებს და მათ საკრალურ პატივისცემას. სავალდებულო „წითელი კუთხეები“ ძალიან წააგავდა „საკურთხეველს“ -საბჭოთა დროშა, ლენინის სურათები, პლაკატები ლენინის ციტატებით, ჟურნალები „სამეცნიერო“ სტატიებით მარქსიზმ-ლენინიზმზე, ლენინის ტომები... ლენინს იმდენი „რელიგიური ტექსტი“ ჰქონდა დაწერილი, იმის სრულად წამკითხველი და მით უმეტეს, მასზე კრიტიკულად მოფიქრალი მე კაცი არ მინახავს, და თქვენ შეიძლება ჩემზე მეტად გაგიმართლათ. „მრევლის“ სრულფასოვანი წევრობისთვის მთავარი იყო გცოდნოდა წიგნების სათაურები და რამდენიმე ციტატა ზეპირად... მთავარი იყო შენს „რწმენაში“ ეჭვი არ შეპარვოდა შენს უფროსებს თუ ნაცნობ-მეგობრებს. მთავარი იყო გამოგეხატა ერთგულება კომპარტიის მიმართ და მზად ყოფილიყავი ვიღაცის გასაკიცხად, გასაგდებად, თუნდაც დასახვრეტად, თუკი პარტია გადაწყვეტდა ამას თავის კრებაზე. მთავარი იყო კარიერული წინსვლის დროს პარტიას დაეწერა სწორი რეკომენდაცია, სადაც კოდური სიტყვა იყო „მორალურად მდგრადი“ (Морально Устойчивый)... მთავარი იყო რუსული ენა გცოდნოდა და რუსული კულტურა, აზროვნება, მეცნიერება ჩაგეთვალა პროგრესულად საკუთარ „პროვინციულ“ ენასა და კულტურასთან შედარებით...იმ „რელიგიაში“ ოფიციალურად ყველა მიმდევარი თანასწორი იყო უფლებრივად და მატერიალურად. რეალობაში არ იყო ასე - „ქურუმებს“ ჰქონდათ მარქსიზმ-ლენინიზმისთვის მიუღებელი მატერიალური პრივილეგიები. ერთი რუსული საბჭოთა ანეგდოტი მომწონდა და ხშირად ვიხსენებ: „რა განსხვავებაა წითელ და შავ კომუნისტს შორის? - წითელი კომუნისტი დადის წითელი ტრამვაით, მიირთმევს წითელ „ბორშჩს“ და ისვენებს წითელ კუთხეში; შავი კომუნისტი დადის შავი „ვოლგით“, მიირთმევს შავ ხიზილალას და ისვენებს შავ ზღვაზე...“იმ „რელიგიაში“ ადამიანებს მოსწონდათ არა მისი პოსტულატები (არც იცოდნენ), არამედ წესრიგი, ერთგვაროვნება და კანონიერი უფლება - ჩაგექოლა ყველა, ვინც ღირსი ვერ გახდა კოდური სიტყვის „Морально Устойчивый“...
***
იმ „რელიგიაზე“ გაზრდილ ადამიანებს სწრაფად მოუწიათ გაქრისტიანება - შეინარჩუნეს ძველი ჩვევები და მას ქრისტიანობა დაარქვეს... იმ „რელიგიაზე“ გაზრდილ ადამიანებს უმწეობის შეგრძნება გაუჩინა კომპარტიის გაუჩინარებით შექმნილმა პოლიტიკურმა ვაკუუმმა და პოლიტიკური ფუნქციები ქრისტიანობას დააკისრეს... იმ „რელიგიაზე“ გაზრდილ ადამიანებს არ ასწავლეს სახელმწიფოს და რელიგიის გამიჯვნა, იმიტომ, რომ არც არასოდეს ყოფილა გამიჯნული - „მორალურ დიაგნოზს“ კოდური სიტყვით „Морально Устойчивый“ სახელმწიფო ორგანოები გასცემდნენ, დიაგნოზის არმქონეთ კი სახელმწიფო კანონებით უსწორდებოდნენ... იმ „რელიგიაზე“ გაზრდილი ადამიანები ვერასდროს გახდებიან ქრისტიანები... ქრისტიანობა წიგნიერი რელიგიაა ჰუმანიზმის რთული ფილოსოფიით, მასთან ზიარებას თაობები სჭირდება...ვინც მხოლოდ ტურისტად არ ყოფილა იმ ქვეყნებში, სადაც არ მომხდარა ქრისტიანობის წყვეტა და სეკულარიზმის პოლიტიკური ინტერესებით შებღალვა, დამეთანხმება, რომ გაგაოცებთ უბრალო, რიგითი ადამიანების ყოველდღიური მორალი - სიკეთის მორალი, უანგარო დახმარების მორალი, ყველა ადამიანში ადამიანის დანახვის მორალი... მინდა გისურვოთ ამის საკუთარი თვალით ნახვა და განცდა...ჩვენ როდის გავხდებით ქრისტიანები?
***
პირადად მე, ვერასდროს გავხდები ათეისტი (არაფერს ვერჩი ათეისტებს) - ალბათ იმიტომ, რომ ათეიზმზე ის „რელიგია“ მახსენდება. პირადად მე მაქვს სურვილი, რომ სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში რელიგია არ დარჩეს განზე - ალბათ იმიტომ, რომ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეალებზე გავიზარდე... პირადად მე მგონია, რომ დღეს ქართული ეკლესია ისევე გახდა მცოცავი იდეოლოგიური ოკუპაციის მსხვერპლი, როგორც ის ადამიანები, ვინც მავთულხლართების მიღმა დავტოვეთ...გავიხედოთ ჩემი პირადი განცდების მიღმა - უკვე წლებია მზარდია ახალ თაობაში რელიგიის ორგანიზებულ ძალადობასთან და კონტროლის ისეთ ორგანოსთან გაიგივება, რომელიც საფრთხეს უქმნის მათ არსებობას, მათ მომავალს... თუ რაიმეს პირად საფრთხედ აღიქვამ, აუცილებლად ჩაირთვება საფრთხესთან ბრძოლის და თვითგადარჩენის ინსტიქტი... ეს ტენდენცია მზარდია და მის გრძელვადიან შედეგებს „მასონურ შეთქმულებას“ ნუ გადააბრალებთ...ოციოდ წლის წინ, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები და უწყებები გაიგივდა კორუფციასთან თუ სხვა კრიმინალთან, უარი არ გვითქვამს არც განათლების, არც პოლიციის, არც ჯარის იდეაზე - ჩავატარეთ რეფორმა. ტრანსფორმაციის ტვირთი საკუთარ თავზე აიღო სახელმწიფომ და თავად სისტემაში მყოფმა ადამიანებმა... პროცესი იყო სწრაფი, მაგრამ არა მარტივი...იმ სასულიერო პირების ხმა და აზრი, ვისაც პირადად მე ქრისტიანებად მივიჩნევ, დღეს დაკარგული და ჩაკარგულია ტელევარსკვლავებად ქცეული რამდენიმე სასულიერი პირის ქარიზმისა და ძალაუფლების ჩრდილში... განსხვავებით საერო უწყებებისგან, რელიგიური ინსტიტუტის რეფორმირება არ არის სასურველი მოხდეს სახელმწიფოს ჩარევით. ტრანსფორმაცია უნდა დაიწყოს შიგნიდან და ეს ტვირთი იმ ხმადაკარგულმა ქრისტიანებმა უნდა ითავონ... პროცესი არ იქნება არც სწრაფი და არც მარტივი...