პარტია „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. ეს განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური პოლარიზაცია არა თუ შემცირდეს, არამედ პირიქით, უკიდურესად გაღრმავდეს.
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს.
„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის რადიკალურმა ნაწილმა 100 დღის განმავლობაში ხელი არ მოაწერა 19 აპრილის შეთანხმებას, რითაც ძირი გამოუთხარა დოკუმენტის მიზანს - შეამციროს პოლიტიკურ პოლარიზაცია და ხელი შეუწყოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. თუმცა, როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში მოქმედი კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება“, - აღნიშნა კობახიძემ.