ევროპარლამენტარები „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებენ. ერთობლივ განცხადებას ვიოლა ფონ კრამონ ტაუბადელი, მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ავრცელებენ.
„გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვართ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ცალმხრივად გამოდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან.
საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ასევე ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება პოლიტიკური პოლარიზაციის შესუსტებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას უხსნის გზას.
ეს შეთანხმება მიემართება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, ან ძალაუფლების განაწილება პარლამენტში.
საპირისპიროდ „ქართული ოცნების“ მტკიცებისა, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მიზნები და ამიტომ ამოწურა თავი, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის ხაზს უსვამს რეფორმებს, რომლებიც განსახორციელებელი და განსამტკიცებელია წლების განმავლობაში და არამხოლოდ ეპიზოდურად.
არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს დოკუმენტს, ასევე აქვთ თავიანთი წილი პასუხისმგებლობა ამ უკანდახევაზე, ასევე ვაფასებთ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და განაგრძობენ აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულებას.
მიუხედავად ამისა, უზენაეს სასამართლოში დანიშვნებისა და მიუღებელი ძალადობის შემდეგ, რამაც გამოიწვია თბილისი პრაიდის ღონისძიების გაუქმება, მმართველი პარტიის გუშინდელი განცხადება მორიგი იმედგაცრუება იყო.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, რათა დავინახოთ, რომშეთანხმება სრულყოფილად სრულდება, როგორც სიტყვით, ასევე არსობრივად.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, დემოკრატიის მხარდაჭერის ნიშნად, მათ შორის ჟან მონეს დიალოგით, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის მარცხი მხოლოდ მათ მოუტანს სარგებელს, ვინც ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსს ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია განცხადებაში.